2018-12-18

მშობლების დიდი ნაწილი წუხს იმ ფაქტზე, რომ მათი შვილების კბილები ამოჭრიდან მალევე გაფუჭებას იწყებს.

„მშობელი“ ბავშვთა თერაპევტ-სტომატოლოგ ანა ჭიჭინაძეს ესაუბრა, რომელიც  მოგვიყვება, რა არის კბილების ადრეულ ასაკში დაშლის მიზეზი.

„ბოთლის კარიესი, როგორც მას მისი წარმოშობის მიზეზიდან გამომდინარე ეწოდა, ბავშვებში ცენტრალურ საჭრელ კბილებს აზიანებს და მოიცავს დეფექტებს, ლოკალოზაციით ეშვიდან ეშვამდე. იგი გამოწვეულია არასწორი და დროში არათანაბრად განაწილებული კვების გრაფიკის და არასათანადო ჰიგიენის და გამო.

ბოთლის კარიესი  იწყება მინანქრის დემინერალიზაციით, გადადის მინანქრის ქსოვილის დაზიანებაზე, შემდეგ მოიცავს დენტინის საზღვარსაც და არასათანადო ყურადღების  შემთხვევაში,  რბილ ქსოვილებშიც აღწევს, რასაც კბილის დასუსტებამდე და გადატეხვამდე მივყავართ.

რაც შეეხება ასაკს, ეს პრობლემა 1-3 წლის ასაკობროვ ჯგუფს მოიცავს და ემთხვევა პერიოდს, როდესაც ბავშვი იმყოფება ძუძუთი კვების რეჟიმში, ან სხვადასხვა სახის კომპოტებს ან ნახშირწყლებით გამდიდრებულ სასმელს საწოვარა ბოთლის საშუალებით იღებს, თუ ეს ქმედება დღე-ღამის განმავლობაში ქრონიკულ სახეს მიიღებს, ამ სასმელებში თუ საკვებში შემავალი ნახშირწყლების დაყოვნება კბილის ზედაპირზე გაზრდის რისკს, პატარას კბილები კარიესისადმი მიდრეკილი გახადოს.

თავის მხრივ ნახშირწყლები და პირის ღრუში არსებული პათოგენური მიკრობები იწყებენ ურთიერთქმედებას - რძემჟავა დუღილის რეაქციას, წარმოიქმნება მჟავა, რომელიც იწყებს უარყოფითი როლის თამაშს მინანქრისთვის, ითრგუნება ნერწყვის, როგორც მარემინერალიზებელი ფაქტორის დადებითი მხარეც, ვინაიდან მასში არსებული ph დონე იცვლება.

როგორც სტომატოლოგი გვიხსნის, ამ ყველაფრის ხშირი მიღება ღამის პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან ღამის განმავლობაში ნერწყვის გამოყოფა შემცირებულია, კბილების ჩამორეცხვა სათანადოდ არ ხდება, რაც დაავადების განვითარებაში  დამატებით ხელის შემწყობად გვევლინება.

„მშობლებს ვურჩევთ,  რომ ბავშვის კვება გარკვეულ გეგმაში იყოს  მოქცეული, უნდა იყოს 4-5 ჯერადი და სრულფასოვანი, ვიდრე დროში გაწელილი და ამას ქონდეს ქრონიკული ხასიათი.

გამომწვევ მიზეზებს შორის არა მარტო ადგილობრივი, ზოგადი მხარეც  უნდა განვიხილოთ და ავღნიშოთ, რომ  კბილის ქსოვილის ეს დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს და თან ერთვოდეს ინფექციურ-ვირუსულ დასნებოვნებას, როცა ზოგადად ორგანიზმში,  იმუნური მხარე დასუსტებულია, ნერწყვს აღარ შესწევს ძალა მისი დამცველობითი ფუნქცია გამოავლინოს.

განვითარების მიხედვით მას ოთხ ნაწილად ყოფენ: ზედაპირულ კარიესად, რომელიც მხოლოდ შემღვრეული რძისფერი ლაქით შემოიფარგლება და მხოლოდ კბილის გამოშრობის შემდეგ შეინიშნება; მეორე სტადია არის მინანქრის დაზიანებით გამოწვეული ფაზა; მესამე სტადიის დროს აღინიშნება მინანქარ-დენტინის საზღვრის ფარგლებში არსებული დეფექტი; ხოლო მეოთხე სტადიის შემთხვევაში, დეფექტის ლოკალიზაცია მინანქარს და დენტინს სრულად მოიცავს. პატარა პაციენტები აღნიშნავენ ტკივილს ცივის, ცხელის მიღებისას(თერმულ გამღიზიანებელზე). ტკბილი და მჟავე საკვების მიღებისას წარმოქმნილ დისკომფორტზე, მათი ღიმილი იცვლება არსებული ვიზუალური არასასიამოვნო დეფექტების  გამო.

შორს წასულ შემთხვევებში პროცესი უფრო მაშტაბურ ხასიათს იძენს და უკანა საღეჭი კბილების მიდამოშიც გადადის, ვინაიდან წოვის რეფლექსის შესრულების დროს ენა ისე განლაგდება პირის ღრუში, რომ უკანა კბილებს ფარავს. სწორედ ამიტომ, პირველ სამიზნედ  წინა საჭრელი კბილები გვევლინება.

მკურნალობა მისი დაზიანების ჩვენებიდან გამომდინარე  ხდება. საწყის პერიოდში ლაქის სტადიაში რემთერაპიას მივმართავთ, უკვე შორს წასულის შემთხვევაში ხდება კომპოზიციური ბჟენებით რესტავრირება ან დეპულპაცია(ნერვის ამოღება პულპური ღრუდან) ან არხების მკურნალობა და დეფექტის აღდგენა ჰელიო ბჟენით”.

სტომატოლოგი გვირჩევს, რომ ნებისმიერი დაზიანება კბილზე, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. სწრაფი რეაგირების შემთხვევაში კი პრობლემა აღარ იარსებებს.

„მშობელი“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ, სპეციალურად მშობელისთვის

რჩევები