იზოლაციის გამოწვევა
მესამე დღეა, სხვადასხვა ფანჯრიდან გავყურებ მსოფლიოს. ონლაინაპლიკაციაა ასეთი – საშუალებას გაძლევს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვების ფანჯრებიდან გაიხედო. ჰოდა, მთელი დღე ვზივარ და ხან სიდნეის ეზოებს ვათვალიერებ, ხან – ნიუ-იორკის ქუჩებს, თან ვფიქრობ, ჩემი ფანჯრიდან დანახული თბილისის ხედიც ხომ არ ავტვირთო. ამის მიზეზი კი ჩაკეტილობაა. ჩაკეტილობა და არჩევანის უქონლობა, თორემ, საზღვრები ღია რომ ყოფილიყო, მეეჭვება, ავსტრალიაში, აშშ-ში ან თურქეთში ამომეყო თავი.
ჩაკეტილობას იზოლაცია მოჰყვება, იზოლაციას კი – იმ განცდის დაკარგვა, რომ რაღაც დაჯგუფებას, სუბკულტურას ეკუთვნი. ამბობენ, მშობლებს არ ირჩევენო. აი, მეგობრებს კი ვირჩევთ. ამიტომაც არიან ისინი გამორჩეულები. მეგობრები “მემკვიდრეობით კი არ გვერგო”, ცნობიერად ავირჩიეთ. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და გვჭირდება, გვაფასებდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხალხი.
პირველ მეგობრებს ბავშვობაში ვიძენთ, როდესაც სხვებთან ინტერაქციას ვსწავლობთ. ამ დროს ვიძენთ დათმობის, მოლაპარაკების, საზღვრების დაცვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის უნარებს.
ახლო მეგობრებს საერთო გამოცდილებები აქვთ და ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში “იჭრებიან”. წლების განმავლობაში უყურებენ, როგორ ვიცვლებით, ჩვენთან ერთად გადიან ცხოვრების ძირითად ეტაპებს, სევდასა და ბედნიერებას. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც დიდი ხნის ახლო მეგობრები ჰყავდათ, გაცილებით უკეთ უმკლავდებოდნენ ცხოვრების გამოწვევებს და მეტხანს ცოცხლობდნენ. მეგობრობა გავლენას ახდენს ჩვენს არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.
სწორედ ამ ყველაფერს დაარტყა კოვიდ-19-ის ეპიდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ.
ვირტუალური მეგობრობა
ნამდვილი, სანდო, სტაბილური მეგობრობის გამოძერწვას წლები სჭირდება. ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ტექნოლოგიებს მეგობრობის ხარისხობრივად სხვა ელემენტი შემოაქვს. ხალხი უფრო სწრაფად უკავშირდება ერთმანეთს და უფრო სწრაფადვე შორდება. ხშირად ეს მეგობრობა კი არა, ფსევდომეგობრობაა, რომელიც ვერასოდეს ამოავსებს სოციალიზაციის ნაკლებობით გამოწვეულ სიცარიელეს. ასეთი ონლაინმეგობრები ბანაკში გაცნობილ მეგობრებს მაგონებენ: მეგონა, მათზე უკეთ ჩემი არავის ესმოდა და შინ დაბრუნების შემდეგაც მუდმივად გვექნებოდა კავშირი, მაგრამ როგორც კი დამაკავშირებელი სიტუაცია იცვლებოდა, მეგობრობაც აღარ გამოდიოდა, თავისთავად, ბუნებრივად ქრებოდა. პალანიკისა არ იყოს, არსებობენ ერთჯერადი მეგობრები...
მეგობრობა კორონავირუსის დროს
თითქმის ერთი წელია, ჩვენმა სოციალურმა ინტერაქციამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. ფიზიკური დისტანციის დასაცავად შინ ჩავიკეტეთ და ახლობლებს აუცილებლობის გარეშე აღარ ვნახულობთ.
მათთვის, ვისაც გაუმართლა და ამ პირობებში სამსახური შეინარჩუნა, მთელი ცხოვრება “გაუეკრანდა”. მუდმივ ვიდეოზარებსა და ონლაინჯგუფებში გვიწევს არსებობა. საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ნათლად დაგვენახა: ვირტუალური გადაწვის ზღვარზე ვდგავართ. როგორ შევინარჩუნოთ ამ პირობებში ონლაინმეგობრები, როდესაც ეკრანთან ყოფნა უკვე გაუსაძლისია?
მუდმივი კავშირის ვალდებულება
უცნობი ავადმყოფობისადმი შიშის პირველმა ტალღამ გადაიარა თუ არა, ჩვენს ცხოვრებაში სხვა შიში შემოიჭრა – შიში იმისა, რომ შესაძლოა, დიდხანს ვეღარ ვნახოთ საყვარელი ადგილები და საყვარელი ადამიანები. შედეგად კი მივიღეთ ახალი ვალდებულება, ყველასთან მუდამ კავშირზე ვიყოთ. სხვა დროს ნათესავებს თუ ექვს თვეში ერთხელ ვხედავდით, ახლა ხან ვინ გვირეკავს და ხან – ვინ. შესაძლოა, თვე ისე გასულიყო, მეგობრებისათვის ვერ მოგვეცალა, ახლა კი, იზოლაციის შიშით, დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ვეხმიანებით.
“რა არის ამაში ცუდი?” – იკითხავთ.
გაზაფხულის ჩაკეტილობისას მე პირადად იქამდე მივედი, რომ დღის გეგმებში ვინიშნავდი: “დავურეკო ნათიას”, “მივწერო ლაშას”. თავს ისე მარტო ვგრძნობდი, რომ ყველას ვეჭიდებოდი, იმათაც კი, ვისაც ჩვეულებრივ ძალიან იშვიათად ვესაუბრებოდი. ამავე დროს, ვპასუხობდი კიდეც ბევრ მოწერილსა თუ დარეკილს, რადგან ვიცოდი, რომ სხვებიც ცუდად იყვნენ და ვჭირდებოდი.
გარკვეულ ეტაპზე მეგობრობის ვალდებულებამ ყველა დაგვღალა.
ჩვენ განვიცდით კოლექტიურ ზეწოლას, ყოველთვის ყველასთან კავშირზე ვიყოთ. სახლიდან ვმუშაობთ, სახლიდან ვმართავთ ბავშვების განათლებას, ვწევრდებით რამდენიმე თემატურ ჯგუფში და გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, როგორ არიან ჩვენი უახლოესი ადამიანები. ამ ფონზე კი ვამჩნევთ, რომ კლასელების ზუმ შეკრების თავი უბრალოდ აღარ გვაქვს.
რატომ არის ვირტუალური სოციალიზაცია ასეთი დამღლელი?
ეპიდემიამდე, როდესაც ექიმი მჭირდებოდა, კლინიკაში მივდიოდი, როდესაც საკვები მჭირდებოდა – მაღაზიაში, როცა სოციალიზაცია მჭირდებოდა – სტუმრად ან კაფეში. ახლა კი ამ ყველაფერს ერთი გორგოლაჭებიანი სავარძლიდან ვაკეთებ. შესაბამისად, არ იცვლება გარემო და განწყობა. ვირტუალური სოციალიზაცია მოსაწყენია. რატომ მივდივართ კაფეში ყავის დასალევად, ყავა ხომ სახლშიც გვაქვს? – იმისთვის, რომ შესაბამისად ჩავიცვათ, მოვიქცეთ, ინტერიერი დავათვალიეროთ, ისეთ თემებზე ვისაუბროთ, რომლებიც "კაფეს უხდება". სიტუაციას, კონტექსტს მოაქვს განწყობა, მოაქვს ცვლილება და ჩვენ ვხვდებით, რომ ეს დასვენებაა და არა ვალდებულება.
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ როგორც არ უნდა მოგვწონდეს ტექნოლოგია, მას ყოველთვის ექნება წუნი. ჩვენ დავიღალეთ "გაჭედილი" ვიდეოებით, ხმით, რომელიც არ გვესმის, ჟესტებით, რომლებსაც არასწორად ვკითხულობთ. დავიღალეთ იმის გამოცნობით, რა დგას :) -ის უკან: ირონიული ღიმილი, უხერხულობა, დამშვიდობების სურვილი თუ სხვა რამ (ცოტა ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ამ სმაილის 10 ინტერპრეტაცია. მე მას მხოლოდ ღიმილისთვის ვიყენებდი და თურმე რამდენი ქვეტექსტი ჰქონია!). ყოველი "მეგობრული" ვიდეოზარი გვახსენებს, რომ ჩვენი ახლანდელი ცხოვრება "ნორმალური" არ არის.
მარტო ყოფნის დადებითი მხარეები
მარტო ყოფნა მარტოობას არ ნიშნავს. არც იზოლაციას. მარტო ყოფნა ნიშნავს საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას და საზღვრების დაცვას. თუ მუდამ ვირტუალურ სამყაროში არ ვიმყოფებით, სუფთა ჰაერზე ვსეირნობთ, ჰობის მივდევთ, თუნდაც უბრალოდ ფანჯარაში ვიყურებით და ვფიქრობთ, – დრო მხოლოდ მართლა მნიშვნელოვანი სოციალური კავშირებისთვის დაგვრჩება, ყველაფერს აღარ მივედ-მოვედებით, და გაცილებით ენერგიულები, მოტივირებულები, ჯანსაღები ვიქნებით.
თუ ატყობთ, რომ საკუთარი თავისთვის მეტი დრო გჭირდებათ, შეამცირეთ ვირტუალური ინტერაქციები, უაზრო, არაფრის მომცემი მიმოწერები, დაასვენეთ თვალები და გონება ეკრანისგან. ჰიპერსოციალიზაცია იზოლაციის პასუხი არ არის. გაიხსენეთ, რამდენ ადამიანს დაუახლოვდით ონლაინ რეჟიმში გაზაფხულზე და როგორ აღარ შეხმიანებიხართ მათ ზაფხულში, როდესაც გარეთ გასვლა და მეგობრებთან პირისპირ შეხვედრა გახდა შესაძლებელი. ვირტუალური დაკავშირების რესურსი ამოუწურავი არ არის, შემოინახეთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხისათვის.
ეცადეთ, უფრო ხარისხიანად გაატაროთ დრო ვირტუალურ სამყაროში
შეიძლება ნეტფლიქსზე ფილმების ჯგუფურად ყურება (Netflix party). არსებობს უამრავი თამაში და თავსატეხი. დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობრების საერთო ჯგუფში ერთმა googlemeets-ის მეშვეობით სწორედ ასეთი თამაში შექმნა, იუმორისტული კითხვებით და ასარჩევი პასუხებით. ძალიან გავერთეთ და დავისვენეთ. ამან ენერგია შეგვმატა, ხოლო ოცი კაცი ზუმში რომ შევკრებილიყავით, პირიქით, დავიღლებოდით.
თუ გაქვთ საშუალება, გააცალკევეთ სამუშაო და არასამუშაო სივრცეები. საერთოდაც, ნუ გაატარებთ მთელ დღეს ერთ სავარძელში (ან, უფრო უარესი – საწოლში). რაკი გარემო და განწყობა თავისით არ იქმნება – შექმენით თავად. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა ვირტუალური შეხვედრისას "ლამაზი" ფინჯნებიდან დავლიეთ ჩაი, მაკიაჟიც კი გავიკეთეთ.
არაფერი დაშავდება, თუ ყველა დისკუსიაში ვერ ჩავერთვებით. არაფერი დაშავდება, თუ მაშნ, როცა მეგობარი იზოლაციისგან კედლებზე გადის, ჩვენ დროზე დავიძინებთ. არაფერი დაშავდება, თუ ახალი სერიალის გარჩევის ნაცვლად აივანზე გავალთ და ჩაის სიჩუმეში დავლევთ.
სრც იმით დაშავდება რამე, თუ ხანდახან თავს მოვიტყუებთ, რომ საზღვრები გაიხსნა, უცებ საიდანღაც ავსტრალიაში სამგზავრო დრო და ფული გამოვძებნეთ, ახლა კი ავსტრალიელ მეგობართან ვართ სტუმრად, მარტივ, არადამთრგუნველ თემებზე ვსაუბრობთ და მისი ფანჯრიდან ეზოს გადავყურებთ. მთავარია, ვირტუალურმა ფანჯრებმა არ ჩაგვყლაპოს და საკუთარ, ნამდვილ ფანჯარაში გახედვა არ დაგვავიწყდეს.
მშვიდობიან ზამთარს გისურვებთ, მეგობრებო.
ფსიქოლოგი ლია ბარაბაძე