2025-11-19

მუნის შემთხვევების მატებამ, მშობლებში გარკვეული პანიკა გამოიწვია, რის გამოც, ბევრი მათგანი, შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. „მშობელი“ დაინტერესდა, რამდენად არის მსგავსი პანიკის საფუძველი და ზოგადად, რა საფრთხის შემცველია მუნით ინფიცირება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „მშობელი“ დერმატო-ვენეროლოგს, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრს, თამარ კარელიძეს ესაუბრა.

როგორც საუბრიდან ირკვევა, მუნის გადადების აქტიური დრო ღამის საათებია, მისთვის დაბუდების კომფორტული გარემო კი რბილი ზედაპირი.

„მუნის გადადებას მჭირდო კონტაქტი სჭირდება. მაგალითად, დაახლოებით, ორი წუთი მაინც უნდა გქონდეთ ხელი ჩაჭიდებული, რომ გადადება მოხდეს. ასევე, ის მყარ ზედაპირზე დიდხანს ვერ ცოცხლობს, სწორედ ამიტომაა, სკოლები, ბაღები და სამედიცინო დაწესებულებები ნაკლებადრბილი ინვენტარით მოწყობილი. თუ მყარი ზედაპირი ყოველდღიურად მუშავდება, გავრცელების რისკიც ნაკლებია. გარდა ამისა, დღე გადადების რისკი დაბალია, რადგან პარაზიტი ღამის საათებში აქტიურდება და გამოდის ზედაპირზე. მუნის გავრცელების ძირითადი წყარო ოჯახია, სადაც ადამიანი ყველაზე დიდ დროს ატარებს“, - განუცხადა „მშობელს“ თამარ კარელიძემ.

მუნის გავრცელებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი აღმოჩნდა ორსულები.

როგორც ექიმი აცხადებს, მკურნალობა ორსულებშიც იგივე მეთოდით ხდება, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში და მუნის გადადება ნაყოფზე გავლენას არ ახდენს.

„მუნის მკურნალობა ორსულებში პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია ალერგიული ფონი და რიგი ფაქტორები მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. გამომდინარე იქედან, რომ მუნი კანის დაავადებაა, ის გავლენას არ ახდენს ნაყოფზე. მკურნალობაც გარეგნულად ხდება. მედიკამენტოზურ ჩარევას მოითხოვს გამონაკლისი შემთხვევები, თუ პროცესი ჩირქოვანი ფორმით მიმდინარეობს, რაც საკმაოდ შორს წასული პროცესია. თუ დადგენა დროულად ხდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, საჭიროებს ყურადღებას, რადგან ხშირია რეციდივი, ამიტომ მკურნალობის პარალელურად, უნდა მოხდეს იმ გარემოს დამუშავება, სადაც ძირითად დროს ატარებს ადამიანი. ასეთია, რბილი ზედაპირი, რომელიც უნდა დამუშავდეს სპეციალური ხსნარით და ტანსაცმელი, რომელსაც ვატარებთ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, საკმარისია ის 72 საათით მოვათავსოთ ვაკუუმში, პარაზიტი კვდება“, - აღნიშნავს ექიმი.

თამარ კარელიძის თქმით, მომართვიანობა ძირითადად ბავშვებშია და მცდარია შეხედულება, თითქოს მუნი მხოლოდ ჭუჭყიან და დაუბანელ ადამიანს ემართება, რის გამოც უჭირთ-ხოლმე საკუთარი დიაგნოზის დაჯერება.

ექიმის თქმით, რაც უფრო დროულად მივიტანთ ეჭვს და მივმართავთ ექიმს, უმჯობესია. ის გვიზიარებს ნიშნებს, თუ როგორ ამოვიცნოთ მუნი:

„მუნი ძლიერი ქავილით მიმდინარეობს. ის გადამდები დაავადებაა და იწვევს პარაზიტი - ბღერის ტკიპა. ტკიპას ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა იყოს მშრალ და თბილ ადგილას, ამიტომ მისი მიკდრეკილებაა დასახლდეს იღლიის ნაკეცში, საზადულის ფოსოში, მკერდის ქვეშა ნაკეცში, სათესლე პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და თითებს შორის. კანზე მოხვედრის შემდეგ, იწყებს ზედაპირულ, რქოვანა შრეში მოკლე არხების გათხრას, გზის გაყვანას და კვერცხების დადებას. ძლიერი ქავილი გამოწვეულია სწორედ კვერცხებით და ტკიპის ცხოველმყოფელობის შედეგად გამოყოფილი ექსკრემეტებით. ძალიან ხშირად ექიმების, ალერგოლოგებისა და დერმატოლოგების შეცდომის მიზეზი ხდება კლინიკური სურათის ცვლილება, რომლითად ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევები ხასიათდება. რადგან ადამიანები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს და განსაკუთრებით ბოლო თვეებია ხელების ხშირი დაბანა აქტუალური გახდა, ამან ხელი შეუწყო თითებშუა ქავილის სურათის წაშლას. ზოგჯერ სტანდარტული და კლასიკური სიმპტომები წაშლილია. ყურადღება მისაქცევია ის, რომ ტკიპას, კანის ზედაპირული შრიდან ზემოთ ამოსვლა და კვერცის დადება, ღამის საათებში უყვარს. ამ დროს ქავილი განსაკუთრებით ძლიერდება. ამიტომ თუკი პაციენტმა ერთხელ მაინც გააჟღერა, რომ ღამით ქავილი უძლიერდება, ექიმმა აუცილებლად უნდა მიიტანოს ეჭვი მუნზე“.

მისივე თქმით, გადადების ყველაზე მაღალი რისკის შემცველი ოჯახია, სადაც ადამიანი ყველაზე დიდ დროს ატარებს.

„არსებობს მუნის ტკიპის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით გადაცემის გზები. პირდაპირი გზა არის დიდი ხნის განმავლობაში უშუალო შეხება ადამიანთან, ხოლო არაპირდაპირი გზაა, როდესაც მუნის ტკიპა ან მისი კვერცხი ხვდება ზედაპირზე. განსაკუთრებით მარტივია ინფიცრება თუკი ადამიანს აქვს კანის დაზიანებული ზედაპირი და ალერგიული გამონაყარი სხეულზე. გადამდებლობა ღამით უფრო მეტია, რადგან ის ღამე ამოდის ზედაპირზე. მუნი შეიძლება დაგვემართოს შორ გზაზე მგზავრობისას მატარებლით, სასტუროში, თუკი არ დამუშავდა სათანადოდ თეთრეული და ზედაპირები. ხშირია შემთხვევები, როცა პაცინეტი სტუმრად ყოფნისას ინფიცირდება ან მის ოჯახში კონკრეტული სტუმრის გარკვეული პერიოდის ვიზიტის შემდეგ. შესაძლოა, მუნი ტანსაცმლის მოზომვის დროსაც გადაგედოთ, თუკი შიშველ ტანზე მჭიდროდ მომჯდარ მაისურს ან შარვალს ისინჯავთ და ტანზე ხანგრძლივად დაიტოვებთ. ამიტომ მე კატეგორიულად ვაფრთხილებ-ხოლმე ჩემს პაციენტებსა, აუცილებლად გარეცხონ ახალშეძენილი სამოსი“.

რაც შეეხება მკურნალობას, ექიმის თქმით, ვინაიდან აღნიშნული პარაზიტი კანის შიდა ფენაში ბინადრობს და ზედაპირზე არ ცხოვრობს, მისი მოცილება საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში არსებობს უამრავი საშუალება, რომელსაც სწრაფად ჩამოიბან, დღემდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა გოგირდის მალამომ, რომელიც მუნის მკურნალობაში შეუდარებელია. ასე კონკრეტულად ვერაფერს გირჩევთ, რადგან ექიმის გარეშე, არცერთი საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული. სამწუხაროდ, ხშირად არასწორად ხდება გოგირდის მალამოს გამოყენება, რაც გართულებას იწვევს. მისი მოხმარებისას გასათვალისწინებლია პროცენტულობა კანის კონკრეტული მონაცემებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თუკი ძლიერი ქავილი გექნებათ, განსაკუთრებით ღამის საათებში და დიაგნოზის დასასმელად ბევრი ექიმის გამოცვლა მოგიწევთ, ნუ მოგერიდებათ და თავად მიიტანეთ ეჭვი მუნზე, რომელიც დღეისათვის საკმაოდ მოხშირებულია. ქავილის უკან ყოველთვის ალერგია არ დგას და არც მუნი წარმოადგენს სამარცხვინო დაავადებას“, - განუცხადა „მშობელს“ თამარ კარელიძემ.

სპეციალურად "მშობელისთვის"

რჩევები