ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის მიღებამ, თავის დროზე დიდი პროტესტი, აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დღემდე არ ჩამცხრალა ადამიანების უკმაყოფილება, რომლებიც ყველაფერ ახალს და უცნობს ეჭვით, შიშით და დიდი სიფრთხილით ხვდებიან.
"შვილები თავზე უნდა დაგვასვანო"; "შიშით ბავშვს შენიშვნა ვეღარ უნდა მივცეთო"; "ვეღარ გავაკონტროლებთ შვილებს და გზიდან გადაგვივარდებიანო"; - ეს და კიდევ მრავალი ამგვარი სცენარი გათამაშდა და თამაშდება ადამიანების წარმოსახვაში.
შეიძლება ითქვას, რომ არც გაემტყუნებათ, რადგან ახლის შემოტანას და დანერგვას, ყოველთვის ნიადაგის სათანადოდ მომზადება სჭირდება.
ბავშვის უფლებები ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის სახელმძღვანელოა და ის არანაირ თანხვედრაში არ არის იმ ინტერპრეტაციებთან, რომლებიც ქართულ სივრცეში მავანთაგან დიდი დოზით მიეწოდა და მიეწოდება ადამიანებს.
და მაინც რა არის ეს ყბადაღებული უფლებები და რაში გვჭირდება?
მოდით ჯერ მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ არის აგებული და რა მთავარი ნაწილებისაგან შედგება იგი.
ბავშვს აქვს უფლება:
სიცოცხლის და პიროვნული განვითარების;
იყოს თანაბარუფლებიანი;
იზრუნონ მასზე და მის კეთილდღეობაზე
იყოს თანამონაწილე იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მას პირადად ეხება.
თქვენი ყურადღება მინდა ამ ბოლო ნაწილზე, თანამონაწილეობაზე შევაჩერო.
რას გულისხმობს თანამონაწილეობა?
თანამონაწილეობა არის დემოკრატიზაციის აუცილებელი პირობა.
ადამიანების თანამონაწილეობის გარეშე, დემოკრატია წარმოუდგენელია
სახელმწიფო ვერ მიიღებს დემოკრატიული მმართველობის ფორმას, თუკი ადამიანებს საკუთარი ძალის და უფლებების განცდა არ ექნებათ.
თუკი ისინი არ იქნებიან აქტიურად ჩართულნი ყველა იმ გადაწყვეტილებების პროცესში, რომელიც მათ პირადად ეხებათ. დემოკრატიას კი დემოკრატები სჭირდება, დემოკრატები ციდან არ ცვივიან, მათ ბავშვობიდანვე დემოკრატებად ზრდიან.
ხშირად გვსმენია ალბათ შემდეგი ფრაზები: "აბა მე რა შემიძლია"; "ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვეკითხება" და ა.შ
ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა შეიგრძნოს და განიცადოს, რომ
მის ინტერესებს ისმენენ;
მისი აზრი აინტერესებთ, ამით იზრდება მისი თვითშეფასება და დამოუკიდებელი ქმედებებისადმი სწრაფვა.
თანამონაწილეობა არ ნიშნავს:
ბავშვის გათავხედებას!
მისი ყველა სურვილის დაკმაყოფილებას!
ეგომანიის ხელშეწყობას ბავშვში თანამონაწილეობის საშუალებით ბავშვი აცნობიერებს, რომ მის გარდა არსებობენ კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც ასევე საკუთარი სურვილები და მოსაზრებები გააჩნიათ.
გადაწყვეტილებების მიღების საერთო პროცესში ბავშვები სწავლობენ:
საკუთარი მოსაზრების სიტყვებში გადმოცემას;
საუბრის წესების დაცვას;
სხვებთან ერთად პრობლემიდან გამოსავლის ძიებას;
ერთმანეთის მოსმენას;
ურთიერპატივისცემას;
კომპრომისების მიღებას, ეს ყველაფერი კი აძლიერებს სოციალურ ნდობას.
თანამონაწილეობის პროცესში უდიდესი როლი მშობლებს და პედაგოგებს ეკისრებათ. ჩვენ, ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, განვითარების დონე და ის ფიზიკური სივრცე, სადაც ბავშვი იზრდება. არ დავტოვოთ ბავშვი საკუთარ გადაწყვეტილებებთან მარტო. მაგალითად: არ უნდა 4 წლის ბავშვს ქურთუკის ჩაცმა, გარეთ კი ცივა. რა ვქნათ? დავაოკოთ ტირილით და ძალით ჩავაცვათ, თუ გავიყვანოთ შიშველ-ტიტველი გარეთ და მერე რომ გალურჯდება სიცივისგან, ნიშნის მოგებით ვუთხრათ: აი, ხომ გეუბნებოდიო. თანამონაწილეობა მოითხოვს თანაბარ მოპყრობას და არა დომინირებას. ეს ნიშნავს:
ვაღიაროთ ბავშვები, როგორც ექსპერტები საკუთარი ცხოვრების და მსოფლმხედველობის!!! ზემოთ მოყვანილ მაგალითში თანამონაწილეობა იქნება, თუ ბავშვს ვეტყვით: "ვიცი და მესმის, რომ ეხლა არ გცივა, თანაც არ გინდა, რომ შენი ლამაზი კაბა ქურთუკის ქვეშ დაიმალოს. მე წამოვიღებ და რომ შეგცივდება, ჩაიცვი". როდესაც ჩემმა მაშინ 15 წლის შვილმა მოინდომა მეგობრებთან ერთად ღამით სათევზაოდ წასვლა, ზრდასრული ადამიანის თანხლების გარეშე, სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიე. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, გადაიფიქრა. მაგრამ რომ არ გადაეფიქრა, მე მზად ვიყავი, ჩამერთო სოციალმუშაკები და სამართალდამცავები.
ბავშვებთან ღიად საუბარი;
კამათი;
არგუმენტების გაჟღერების და მათი მხრიდან საწინააღმდეგო არგუმენტების მოსმენა;
ურთიერთშეთანხმება იქ, სადაც თავისუფლება მათ კეთილდღეობას არ ემუქრება, არც იმის მიზეზი არსებობს, რომ ავუკრძალოთ. ხოლო თუკი ჩვენი დაგროვილი ინფორმაციის და გამოცდილების საფუძველზე (რაც ბავშვებს მათი ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ გააჩნიათ) საფრთხეები არსებობს, რადიკალური ზომებიც კი, როგორიცაა ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის, სამართალდამცავების და სოცმუშაკების ჩართვა, სასურველი და აუცილებელიცაა.
ასე მოიაზრება ბავშვთა უფლებები გერმანიაში. ჩვენ არ ვათავხედებთ ბავშვებს და არც ვაშიშვლებთ, როგორც ერთი ღვთის მსახური ამტკიცებდა. თუ როგორ გამოიყენებს ქართველი საზოგადოება ამ უფლებებს, რა რესურსებს შექმნის და როგორ მოაწყობს მომავალს, ეს ყველა ჩვენთაგანზეა დამოკიდებული.
მასალა მომზადებულია „მშობელისთვის“, სოციალ-პედაგოგ ირა ჩერქეზიშვილის მიერ