2022-01-31


თანამედროვე სამყაროში ჭარბი წონა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის და ის უამრავ რისკთან ასოცირდება. ამ დროს მნიშვნელოვნად იმატებს შაქრიანი დიაბეტისა და ლიპიდური ცვლის დარღვევის (დისლიპიდემიის) რისკი, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებს შესაძლოა შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნათ, რადგან ჭარბი წონა და ინსულინრეზისტენტობა პოლიცისტოზური საკვერცხეების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ის ძალიან დიდ დატვირთვას აყენებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და ხერხემლის, სახსრების დაზიანების მიზეზად იქცევა. საუბრობს “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი:

- რას გულისხმობს ნორმალური წონის ცნება?

- ის ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურად, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით გამოითვლება. საამისოდ უნდა განვსაზღვროთ სხეულის მასის ინდექსი (სმი):
სმი = წონა (კილოგრამებში)/[სიმაღლე (მეტრებში)]2
როდესაც სმი 18-25-ია, ეს ნორმად ითვლება და არავითარ ჩარევას არ მოითხოვს, 25-ზე მეტი ჭარბ წონაზე მიუთითებს, 30-ზე მეტი კი სიმსუქნეს აღნიშნავს. ამ პრინციპით, 170 სმ სიმაღლის ადამიანისთვის ნორმად ითვლება 55 კგ-იც და 72 კგ-იც. ადამიანმა შესაძლოა რამდენიმე კილოგრამის მომატება ან მოკლება მოისურვოს, თუმცა ამ ფარგლებში წონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ ქმნის.

- შესაძლებელი თუა ჭარბ წონასთან დამოუკიდებლად გამკლავება? როდის არის აუცილებელი, სპეციალისტს მივმართოთ და კონკრეტულად რომელს – დიეტოლოგს, ენდოკრინოლოგს თუ ოჯახის ექიმს?

- შესაძლოა, ერთგვარი არაკომერციული ჟესტი გამომივიდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, განათლებული, ერუდირებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხარისხიანი სამედიცინო ინფორმაციის მოპოვება (ყვითელ პრესასა და ბულვარულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ ათასგვარ დიეტას არ ვგულისხმობ), ნორმალური წონის შენარჩუნებას ან მის კორექციას თავადაც მოახერხებს. საიდუმლო არავისთვის არის, რომ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვთ ცხიმებს, ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს (ტკბილეულს), რომ საჭიროა ფიზიკური დატვირთვის გაზრდა, რომ საკვების ძირითადი ნაწილი სჯობს დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. ხშირად საკონსულტაციოდ მოდიან გოგონები, რომელთაც ნორმალური სმი აქვთ, მაგრამ სურთ, რამდენიმე კილოგრამი კიდევ დაიკლონ. მე ასეთ პაციენტებს არ ვიღებ, მიმაჩნია, რომ მათ დიეტოლოგის ან მით უმეტეს ენდოკრინოლოგის დახმარება არ სჭირდებათ, ფიზიკური დატვირთვის გაზრდით, უფრო მსუბუქი კვებით ან გვიანი ვახშმისთვის თავის არიდებით წონის დაკლება თავადაც შეუძლიათ, დიეტურ რეკომენდაციებს კი, ბუნებრივია, ოჯახის ექიმიც მისცემს, დიეტოლოგიც და ენდოკრინოლოგიც. სიმსუქნისას კი, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით დამძიმებული მემკვიდრეობის შემთხვევაში კი ექიმთან მისვლა აუცილებელია. პირველ კონსულტაციაზე უნდა გაირკვეს, ჭარბმა წონამ უკვე ხომ არ გამოიწვია რომელიმე ასოცირებული პათოლოგია – ინსულინრეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა შესაძლოა არაფრით გამოვლინდეს. ამავე დროს უნდა დავადგინოთ, სიმსუქნე პირველადია, არასწორი ცხოვრების წესით, უმოძრაობითა და ჭარბი საკვების მიღებით გამოწვეული, თუ რომელიმე ენდოკრინულ პათოლოგიას მიუძღვის ბრალი. წონის მომატება ხშირად თან სდევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. ამ დროს ადამიანი რაც არ უნდა სწორად იკვებებოდეს, წონას მაინც მოიმატებს. იგივე შეიძლება ითქვას თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებზე, რომლებიც ჰიპერკორტიციზმით (კორტიზოლის სიჭარბით) მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში გამოკვლევის შედეგებს მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ინსულირეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, დისლიპიდემია დიეტოთერაპიასთან ერთად მედიკამენტურ ჩარევასაც მოითხოვს, ენდოკრინული პათოლოგიის შემთხვევაში კი წონის დასარეგულირებლად ძირითადი დაავადების მკურნალობაა აუცილებელი.
მაღალი ხარისხის სიმსუქნისა და ასოცირებული რისკების დროს შესაძლოა უფრო აგრესიული მიდგომა გახდეს საჭირო, რაც კვების მენეჯმენტთან ერთად მედიკამენტურ თერაპიასაც გულისხმობს.
რაკი მედიკამენტური ჩარევა ვახსენე, მინდა, ერთი რამ გითხრათ, თუმცა ეს არ არის ჩემი მოსაზრება – იგი ემყარება კვლევითი ობიექტური მედიცინის მონაცემებსა და გაიდლაინებს: მხოლოდ სიმსუქნის შემთხვევაში მკურნალობის პირველსავე ეტაპზე წონის საკორექციო მედიკამენტების ჩართვა მიზანშეწონილი არ არის. თუ ორგანიზმს შესწევს უნარი, დიეტისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე მიაღწიოს სასურველ შედეგს, წამალი აღარ უნდა დაინიშნოს. წამალი ერთგვარი დამხმარე ძალაა იმ შემთხვევისთვის, როცა დიეტოთერაპია საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდება. III ხარისხის სიმსუქნის დროს კი ენდოკრინოლოგმა წამლის დანიშვნა შესაძლოა თავიდანვე საჭიროდ მიიჩნიოს.

- არსებობს გასახდომი აბები? თუ არსებობს, როდის არის მიზანშეწონილი მათი გამოყენება?

- გასახდომი აბებიდან მხოლოდ ორს აქვს FDA-ს (აშშ-ის წამლისა და პროდუქტების ადმინისტრაციის) სერთიფიკატი და, შესაბამისად, ოფიციალური ადგილი უჭირავს სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესენია ორლისტატი, რომელიც ცხიმის შეწოვას უშლის ხელს და სიბუტრამინი, რომელიც მადას თრგუნავს. საკუთარი ინიციატივით ამ პრეპარატების მიღებას არავის ვურჩევ. ბევრი მათი მიღებისას წონას იმატებს კიდეც – ჰგონიათ, რომ მათ ფონზე დიეტის დაცვა საჭირო აღარ არის და აბების იმედად მაღალკალორიულ, დაუბალანსებელ საკვებს მიირთმევენ, ამას კი ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. აბი დამხმარე საშუალებაა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც, როცა დიეტას და შაქარდამწევ პრეპარატს ვუნიშნავ, ვეუბნები: “პირველი ადგილი თქვენს თერაპიაში დიეტას უკავია, წამალს კი მხოლოდ მეორე”. სამკურნალო ეფექტის 70% დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის წილად მოდის. სიმსუქნეზეც იმავეს ვიტყოდი. აბების მიღება დიეტასა და სწორ რეჟიმს უნდა შევუთავსოთ, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია.

- რამდენად ეფექტურია შიმშილობა, უმკაცრესი და ათასგვარი რამ, ხუთ თუ თხუთმეტდღიანი დიეტები?

- ამ მიდგომებიდან არც ერთი არ არის სწორი. ორგანიზმს ისტორიულად გამოუმუშავდა უნარი, რომ შიმშილის დროს რაც შეიძლება ნაკლები ენერგია გასცეს. ჩვენი წინაპრებს არა წონის დასაკლებად, არამედ მოუსავლიანობის, ომების თუ სხვა მიზეზით უწევდათ შიმშილი, ორგანიზმმა კი მძიმე პერიოდის გადატანის ასეთი მექანიზმი გამოიმუშავა. როგორც კი საკვების რაოდენობას მკვეთრად შევამცირებთ, ორგანიზმი ენერგიის ხარჯვის ეკონომიურ რეჟიმზე გადავა, მცირე საკვებიდან კი შეეცდება რაც შეიძლება მეტი შეირგოს და შეითვისოს.
სიმსუქნე არ გახლავთ მწვავე დაავადება, როგორიც არის, ვთქვათ, გრიპი, რომლისგანაც შეიძლება განვიკურნოთ და დავივიწყოთ. სიმსუქნეს ნებისმიერი სახელმძღვანელო ქრონიკულ მორეციდივე დაავადებად განიხილავს. დაავადებულს ჭარბი წონისადმი მიდრეკილება ზედმეტ კილოგრამებთან განშორების შემდეგაც რჩება. სწრაფი დაკლებით კი დიეტის დასრულების შემდეგ ორი იმდენის მომატების რისკს ვზრდით. გარდა ამისა, სწრაფი კლებით ორგანიზმს სტრესის ქვეშ ვაყენებთ. ამ დროს იმატებს ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, წონის კლება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულდება. გამოსავალი ერთია: მკურნალობისას შეძენილი უნარ-ჩვევები მთელი სიცოცხლე უნდა გაგვყვეს. დიეტა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამთრგუნველი. დიეტაზე მყოფს არც შიმშილი უნდა აწუხებდეს, არც სისუსტე და მისი ერთადერთი სურვილი დიეტის დამთავრება არ უნდა იყოს. არც სწრაფი დაკლებაა სასურველი – თვეში საშუალოდ 5-7 კგ-ს უნდა გამოვეთხოვოთ. დიეტის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ადამიანმა ცხოვრების წესი, აზროვნება, ჯანმრთელობის მიმართ მიდგომა შეიცვალოს. ჩემთვის სიტყვა “დიეტაც” კი მიუღებელია – ეს ცხოვრების წესია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მოტივაციას – პაციენტი ჩვენივე პარტნიორი უნდა გახდეს. ექიმმა ის არ უნდა აღიქვას ქვემდგომად, რომელსაც რაღაც დირექტივებს აძლევს. პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები ბრმად კი არ უნდა შეასრულოს, არამედ უნდა ესმოდეს, რაში მდგომარეობს მკურნალობის აზრი და პრინციპი. ეს მისი ცხოვრებაა, მისი ორგანიზმია. პარტნიორული ურთიერთობა უმთავრესია. ადამიანისთვის ოპერაციაზე დათანხმება უფრო ადვილია, ვიდრე ცხოვრების წესის შეცვლა. შეუძლებელია, ცხოვრების წესის შეცვლა ისე უბრძანო, რომ მიზეზი არ აუხსნა და ბრმად მოგყვეს, ან განმარტებისთვის მხოლოდ 15-20 წუთი იმყოფინო.

 

წყარო: ავერსი