„მარტოხელა დედა“ - ამ სტატუსს დღეს უამრავი ქალი ატარებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგივე სტატუსის მატარებელი შესაძლოა იყოს მამაც. ასევე, უამრავი შეიძლება იყოს მარტოხელა, თუმცა კანონით ეს სტატუსი, მხოლოდ კონკრეტულ კატეგორიას ენიჭება. სამართლებრივად გაწერილი, რაიმე სახის სოციალური დახმარება, ან შეღავათი კი ამ სსტატუსის მქონე პირებს, არ გააჩნიათ, გარდა ქვემოთ მოცემული გამონაკლილისა. თუ არ ჩავთვლით ერთჯერად, ინდივიდუალურ შემთხვევებს.
რას გულისხმობს სტატუსი „მარტოხელა მშობელი“, ვის ენიჭება და რა პროცედურების გავლაა საჭირო. ამ და სხვა საკითხებზე, „მშობელი“ ადვოკატ გურამ კონტუაძეს ესაუბრა. (მასალა აგებულია აქტუალურ კითხვებზე დაყრდნობით).
- რომელი საკანონმდებლო აქტები განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წესსა და პირობებს?
- მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1191.1.-ე მუხლი - „მარტოხელა მშობელის“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების №79/№01-18/ნ „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე;
- ვინ შეიძლება იყოს მარტოხელა მშობელი?
- მარტოხელა მშობელი შეიძლება იყოს, მარტოხელა დედის ან/და მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.
- ვინ ითვლება მარტოხელა დედად?
- მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე (ანუ ქორწინების რეგისტრაციის გარეშე) ჰყავს 18 წლის ასაკის შვილის და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული მამის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ბავშვი შვილად და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ანუ კანონი იმისათვის, რომ დედამ მიიღოს მარტოხელა დედის სტატუსი გამოყოფს ორ აუცილებელ პირობას:
- არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში;
- მამის შესახებ დაბადების მოწმობაში არ უნდა იყოს მითითებული;
- ვინ ითვლება მარტოხელა მამად?
- მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე 18 წლამდე ასაკის შვილი და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული დედის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა მამად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე შვილად აყვანილი ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ანუ კანონი იმისათვის, რომ მამამ მიიღოს მარტოხელა მამის სტატუსი, გამოყოფს ორ აუცილებელ პირობას:
- არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში;
- არ უნდა იყოს მითითებული დედის შესახებ დაბადების მოწმობაში (ის სხვა საკითხია შესაძლებელია თუ არა დედის შესახებ მონაცემები არ იყოს ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა თუ ბავშვი მიატოვეს, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა);
- რის საფუძველზე შეიძლება გაუქმდეს სტატუსი?
- მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია მეორე მშობლის შესახებ ინფორმაციის დაბადების მოწმობაში შეტანა (ანუ რეგისტრაცია) 18 წლამდე ბავშვის/შვილის (შვილად აყვანილის) 18 წლის ასაკის მიღწევა და ასევე სხვა გარემოება, რომელიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის არსებობას; (უფრო კონკრეტულად: სტატუსის მაძიებელი პირი იმყოფება ქორწინებაში, ბათილად იქნა ცნობილი ბავშვის შვილად აყვანა, ბავშვი გახდა 18 წლის, ბავშვს დაუდგინდა მეორე მშობელი ან გაშვილდა, მოძიებულ იქნა ბავშვის მამის შესახებ მონაცემები, სტატუსის მაძიებელი პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, სტატუსის მაძიებელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ).
- ეხება თუ არა მარტოხელა მშობლის სტატუსი ქვრივს/ქვრივებს?
- დღევანდელი დღის მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსი არ ეხება ქვრივ მშობელს;
- რა სოციალური გარანტიები გააჩნია მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობელს?
- დღევანდელი დღის მდგომარეობით, აღნიშნული გარანტიები ერთიან სამართლებრივ სივრცეში მოქცეული არაა, თუმცა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აღნიშნული გარანტიებიდან არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, მარტოხელა დედას წლის განმავლობაში 3000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების საფუძველი, ანუ წლის განმავლობაში 3000 ლარის მიღების შემთხვევაში, მარტოხელა დედა არ იხდის 20%, ხოლო 3000 ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში, უკვე ჩვეულებრივი სახით იხდის საშემოსავლო გადასახადს (82.2. მუხლის ა) ქვემუხლი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება „შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე“ ა.გ)
სამწუხაროდ კანონში მითითებული არ არის მარტოხელა მამას ეკუთვნის თუ არა აღნიშნული შეღავათი, რაც დისკრიმინაციული მიდგომაა;
- ენიჭება თუ არა სტატუსი პირს, რომელსაც შვილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეეძინა?
- არა. ბავშვის დაბადება აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს რეგისტრირებული.
- ვის აქვს უფლება წარადგინოს განცხადება მარტოხელა მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად?
- სტატუსის მოთხოვნის უფლება აქვს: სტატუსის მაძიებელ პირს 16 წლის ასაკიდან, სტატუსის მაძიებელ 18 წლამდე პირის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, მხარდაჭერის მიმღებს მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მინდობილ პირს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ;
- რა საბუთების წარდგენაა საჭირო სტატუსის მისაღებად?
- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი; ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა; სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა; თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია და განცხადების წარდგენა ხდება კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები, სხვა დოკუმენტებს, რაც აუცილებელია სტატუსის დადგენისათვის (აღნიშნული შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, როცა ისინი დაბადებულები არიან უცხოეთში და ა.შ.);
- ტარდება თუ არა გასაუბრება?
- საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრებას ატარებს (ატარებენ) სტატუსის დადგენის თაობაზე განცხადების განმხილველი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი (პირები). გასაუბრებაზე დგება ოქმი.
- რამდენ ხანში მიიღება გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებაზე?
- სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს. გამონაკლისია თუ მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტების მოძიება და ის შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვისა;
- რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს განაცხადის განხილვა?
- განუხილველად იქნება დატოვებული განცხადება, თუ სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას ან არ ასრულებს მისთვის მოთხოვნილ ქმედებებეს, წარმოების დასრულებამდე სამსახურმა ვერ მიიღო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინფორმაცია), სტატუსის მაძიებელმა მოითხოვა განცხადების განუხილველად დატოვება. საქმის წარმოება შეწყდება თუ სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა, გარდაიცვალა ბავშვი, კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო გადაწყვეტილება, სტატუსის მაძიებლის ან ბავშვის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ;
- რა სახით საჩივრდება სტატუსის დადგენაზე განცხადების განუხილველად დატოვების, უარის თქმის ან სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილება საჩივრდება სააგენტოში კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში. ხოლო შემდგომში უკვე სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- რომელი უწყება უზრუნველყოფს რეესტრის და განცხადების წარმოების წესს?
- საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (იუსტიციის სახლი) ან მისი ტერიტორიული სამსახურები;
- რა სახით ხდება კომუნიკაცია?
- მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების ან განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).
ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე, განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და შესაბამის სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე - ელექტრონული ფორმით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:
გურამ კონტუაძე - 591 97 67 64; ან ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;