თამაში ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილება და მისი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
ის, ვინც მოთამაშე ბავშვებს ერთხელ მაინც ყოველგვარი შეფასების, შედარების, ჭკუის სწავლებისა და შიშის გარეშე დაკვირვებია, ალბათ დამეთანხმება, რომ ყოველი მათი ქმედება, მოძრაობა, სახის გამომეტყველება სავსეა ენერგიით. ისეთი დიდი და ძლიერია ეს ენერგია, რომ მთებს გადადგას, ჯებირებს გაარღვევს და გულს გაგვითბობს.
თამაშში და თამაშის მეშვეობით ბავშვი სამყაროს ეცნობა. მოდი და დაუშალა თამაში. ეს იგივეა, ბავშვს სწავლა დაუშალო. ხშირად მსმენია, როგორ ჩივიან მშობლები უკმაყოფილო სახეებით - "ჩემს შვილს მთელი დღე თამაში უნდა"-ო. მაგრამ თუკი ბავშვს მშობლების გულის მოსაგებად წიგნი უჭირავს და მათ თვალის და გულის გასახარად აბზაც-აბზაც იზეპირებს, სიამაყით ივსება მშობელი. უნდა ქვეყანამ გაიგოს და დაინახოს, თუ რა "ნიჭიერი" და მშრომელი შვილი ჰყავს. როგორ მუშაობს ბავშვი საკუთარ თავზე და როგორ "ავარჯიშებს ტვინს". მაგრამ ტვინი ხომ კუნთი არ არის, გირები აწევინო. კი ბატონო, დაიზეპირებს, მიიღებს მაღალ ნიშანს და შარშანდელი თოვლივით გაქრება დიდი ძალისხმევით მიღებული "ცოდნა". აი თამაშში მიღებული გამოცდილება და შეძენილი უნარები კი ტვინში ძალიან ღრმა კვალს აჩენს.
თამაში-სიამოვნება, თამაში-სიხარული, თამაში-სიხალისე, თამაში-ბედნიერება - რამდენი დადებითი და გულის გამათბობელი სიტყვაა თამაშთან დაკავშირებული. ეს მხოლოდ სიტყვები ხომ არ არის, ეს შეგრძნებებია, რომლებიც ჩვენს ტვინში ემოციურ ცენტრს ეხება და ააქტიურებს.
თუ როგორ მიდის ეს პროცესები ტვინში, ამას ნეიროლოგები შემდეგნაირად ხსნიან:
"თამაშის პროცესში გამოიყოფა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, როგორიცა: კატექოლამინები, ენდოგენური ოპიატები და სხვა პეპტიდები, რომლებიც მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ნეირონების ქსელების ზრდაზე. რაც ნიშნავს, რომ არსებული ქსელები
განაგრძობენ გაფართოებას. ეს ხდება მხოლოდ თამაშის საშუალებით და არა მუდმივი დარიგების, ჭკუის სწავლების და ინსტრუქციების გამოყენებით.
იმისათვის, რომ ბავშვის ტვინში ქსელის შესაძლებლობების უზარმაზარი პოტენციალი მაქსიმალურად სტაბილიზირდეს და ჩვენს ბავშვებში არსებული ნიჭი განვითარდეს, ჩვენ მათ უნდა მივცეთ მეტი თამაშის საშუალება" (Gerald Hutter: ნეიროლოგი და მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი).
"ბოლო ათი წლის განმავლობაში ტვინის კვლევებმა აჩვენა, რომ ბედნიერება და სწავლა ადამიანის ტვინში ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. როდესაც ცნობისმოყვარეობა შეგვიპყრობს, ვააქტიურებთ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სწავლას, ახალი სინაფსების სწრაფ გაჩენას ან ცვლილებას. ეს უკვე დამტკიცებულია - ისე, რომ შეიძლება საუბარი ერთგვარი "სწავლის ტურბოზე" (Manfred Spitzer: გერმანელი ნეირომეცნიერი და ფსიქიატრი; ულმის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი).
თამაშის დროს ბავშვი შემოქმედი ხდება, ქმნის რაღაც ახალს და მისთვის საინტერესოს, მერე განავრცობს მას და კიდევ ახალს შეჰქმნის.
სურათზე 4 წლის ბავშვის შექმნილი თამაშია ასახული. მან ჯერ სკამები განალაგა ისე, რომ სკამიდან სკამზე ევლო. მერე მობეზრდა, რადგანაც უკვე კარგად გამოსდიოდა და ეს მისთვის გამოწვევას აღარ წარმოადგენდა. მოიტანა, რაც იპოვა, ამ შემთხვევაში ხის სურსათი და განალაგა სკამებზე. საკუთარ ძალებს ახლა იმით სცდიდა, შესძლებდა თუ არა ერთ ფეხზე დამდგარი ამ ობიექტების ხელით აღებას და გზის გაგრძელებას. მის თამაშში სხვა ბავშვებიც ჩაერთვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ ფიგურას მოაგროვებდა. ვუყურებდი და ვტკბებოდი, მთელი მისი არსება იყო ამ თამაშში ჩართული.
ერთი შეხედვით ეს ბავშვური თამაში რამდენ რამეს მოიცავს:
• ფიზიკურ განვითარებას;
• შემოქმედებითობას;
• საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის წესების დადგენას და დაცვას;
• თავისუფლად გადაწყვეტილების მიღებას;
• საფრთხეების გათვალისწინებას;
• კომუნიკაციას;
• ურთიერთშეთანხმებას
სად შეიძლება ბავშვი ამდენ რამეს სწავლობდეს, თუ არა თამაშში?!
ეს ფოტო კი მიწაში კაი ხნის ჩიჩქნის შედეგია. რას უნდა აკეთებდეს ამ დროს მშობელი თუ პედაგოგი? იმის მაგივრად, რომ თავად დავინტერესდეთ და გავიგოთ რა მწერია, აღვჭურვოთ ბავშვი გამადიდებელი შუშით და მისი ინტერესი უფრო გავაღრმავოთ, წიოკს ვიწყებთ: "ნუ ისვრის ხელს, ბინძურია"-ო. მოგვიანებით კი ბიოლოგიის წიგნით დავდევთ, ისწავლეო.
სად არის ლოგიკა?!
დაახლოებით 15 წუთი თამაშობდა ჯოხებით და ჩხირებით. ერთმანეთს ატოლებდა, ზოგს ტეხდა, ზოგს მიწაში არჭობდა. შემატყო, რომ მის თამაშს დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს. "იცი გრძელი ჯოხის გადატეხვა უფრო იოლია, ვიდრე მოკლე ჯოხის" თვალსაჩინოებისთვის აიღო მოკლე ჯოხი და შეეცადა შუაზე გადაეტეხა. ძალდატანებისგან სახეს მანჭავდა. მერე გრძელ ჯოხს დაავლო ხელი, ერთი გადაწევით გადატეხა: "აი, ხომ ხედავ"ო.
ამ თამაშით ბავშვი ფიზიკის კანონს ჩაწვდა. მთელი არსებით შეიგრძნო ეს კანონი და როცა მოგვიანებით სკოლაში ბერკეტის კანონს აუხსნის მასწავლებელი, აღარ იქნება მისთვის ეს უცხო, რამდენადაც ამისთვის მის ტვინში უკვე იარსებებს მცირე ინფორმაცია.
გაუშვით დაისვარონ, გაუშვით იტკინონ, გაუშვით იჩხუბონ. მთავარია ითამაშონ, რამეთუ თამაში, როგორც Gerald Hüther-ი ამბობს, ტვინის სასუქია.
მასალა მომზადებულია „მშობელისთვის“, სოციალ-პედაგოგ ირა ჩერქეზიშვილის მიერ