2018-02-22

ანტიბიოტიკის გამოყენება მუდმივად აქტუალურ თემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უამრავი ინფორმაცია მოიპოვება, ხშირად მაინც თვითნებურად მიმართავენ მკურნალობის ამ გზას. რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა მიდგომამ, „მშობელი“ შ.პ.ს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების ექიმ პედიატრს სოფიო ნიკოლაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო სოფო, რა შემთხვევაში ნიშნავს ექიმი ანტიბიოტიკს?

- ანტიბიოტიკები ბავშვებში ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ექიმის მიერ პრეპარატი ემპირიულად ინიშნება. ესენია: 1. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები(ტონზილიტი,ოტიტი,სინუსიტი,პნევმონია). 2. საშარდე სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, ქალის სასქესო ორგანოსების ინფექციები). 3.ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი). 4. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ცელულუტი, მასტიტი, მწერის ნაკბენი-გართულების შემთხვევაში). 5. ოდონტოგენური ინფექციები.

- არსებობს მოსაზრება, რომ 4 დღიანი ცხელების შემდეგ აუცილებლად უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი, მითია თუ რეალობა?

- ცხელების დროს ბავშვს უნდა მიეცეს სიცხის დამწევი საშუალება საჭირო დოზით. მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს და აუცილებლად უნდა დადგინდეს ცხელების მიზეზი. ოთხ დღიანი ცხელების შემდეგ არ უნდა დაინიშნოს ყოველთვის ანტიბიოტიკი - ეს ნამდვილად მითია, იმიტომ რომ ცხელების მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექცია და სხვა ბევრი რამ.  თუ რა თქმა უნდა  მიზეზი დადგენილია და პაციენტს სჭირდება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია მიზნშეწონილი ანტიბაქტერიული მკურნალობა. ექიმმა უნდა დანიშნოს ანტიბიოტიკი მხოლოდ საჭიროების დროს, ზუსტად განსაზღვრული დოზით და ხანგრძლივობით.

- როგორ შეიძლება განვასხვავოთ ერთმანეთისგან ვირუსული დ ბაქტერიული ინფექციები?

- ბავშვი აუცილებლად უნდა გაისინჯოს ექიმის მიერ, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და ანტიბიოტიკოგრამა. ექიმის გასინჯვა, სისხლის ანალიზი არის იმის მაჩვენებელი აქ ვირუსული ინფექციაა თუ ბაქტერიული. მშობელმა არ უნდა მისცეს ანტიბიოტიკი ემპირიულად. ამისათვის დღესდღეისებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არსებობს შექმნილი სარეცეპტო სისტემა, რაც გვიცავს ამ პრობლემისგან. ურეცეპტოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკი არ უნდა იყოს მშობლისთვის ხელმისაწვდომი.

- რაში გამოიხატება ანტიბიოტიკის გვერდითი მოვლენები და რა არის ყველაზე მძიმე შედეგი, რომელიც მის არასწორად გამოყენებას მოაქვს?

- ანტიბიოტიკებს აქვს ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა. ყველზე ხშირია დიარეა, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევის და გულისრევის შეგრძნება და ა.შ... იმ შემთხვევაში თუ ის ინიშნება არამიზანმიმართულად, დგება ყველაზე ცუდი შედეგი - ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების დროს ვითარდება ორგანიზმის რეზისტენტობა. ხოლო  როდესაც დანამდვილებით დასჭირდება ბავშვს  ის ამ შემთხვევაში არ იმუშავებს, შემდგომში ექიმს მოუწევს დანიშნოს სხვა ჯგუფის, ანუ მეორე რიგის სარეზერვო პრეპარატი (ანტიბიოტიკი), რაც ბავშვის ორგანიზმისთვის არაა სასარგებლო. ანტიბიოტიკით მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და საჭიროების დროს, რაციონალური გამოყენების შემთხვევაშია უვნებელი.

 

მარიამ სოხაძე

რჩევები