2018-02-05

რამდენიმე თვეა ე.წ. ბატონების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ჯერ იყო ჩუტყვავილა, ახლა კი წითელა უტევს. ე.წ. ბატონებთან დაკავშირებით, მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები თუ როგორ მოუარონ ამ პერიოდში შვილებს, ისე როგორც ამას ექიმები გვირჩევენ, თუ ისე, როგორც უხუცესი ბებოები იქცეოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ხშირად დაობენ - „მე ბებიაჩემის მჯერა“, „ექიმმა მითხრა ეს მხოლოდ ინფექციაა“, „ბატონები მობრძანდნენ, სახლში ბატონი გვყავს და ყველა სურვილს ვუსრულებთ“... „მშობელი“ შეეცადა ეპოვა ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა ძველი თაობის მიდგომებს. ჩვენ გალის რაიონში მცხოვრებ, 82 წლის ნაირა ტორუას ვესაუბრეთ, რომელიც გვიყვება, თუ როგორ იქცეოდნენ ადრე.

მისი მონაყოლიდან, თუ რა შეიძლება და რა არა, ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

არ შეიძლება - მშობლების თანაცხოვრება, დალევა (სიმთვრალე, მთვრალი სტუმარი), გავარვარებული ტაფა, გაბრაზება, ჩხუბი, ბავშვისთვის სარკეში ჩახედვა, დაბანა, კერვა, წვერის გაპარსვა, მიწის სამუშაოები, ოჯახში სისხლის დაღვრა (იგულისხმება პირუტყვის დაკვლა), შავი ფერის ტანსაცმელი, თავშალი, სამძიმარზე წასვლა (მისი ნებართვით შესაძლებელია), ადგილის მოცვლა (სადაც მობრძანდება, იქედანვე უნდა გააცილო), სახლის დალაგება, ნაგვის გადაყრა (გროვდება ერთ ადგილას და გაცილების შემდეგ იყრება).

რა არის აუცილებელი - მხიარულება, ოთახი ირთვება ნათელ ფერებში, უნდა შეუსრულო ნებისმიერი სურვილი, რასაც ბატონი ინებებს.

უხუცესი ბებო არც აცრას უარყოფს და აცხადებს, რომ ბატონები მობრძანდება და მარტივად მიბრძანდება თუ სავალდებულო აცრები გაკეთებულია.

„აუცრელობის და დაუცველობის შემთხვევაში, ბატონები ბრაზდებიან, ამ შემთხვევაში კი ხშირად ხდება მობრუნება დიდი ბატონების სახით, რომელიც ერთწლიანია. თუ ბატონები გაბრაზდა, აუცილებლად მლოცველები უნდა მოუყვანო. ჩემს შვილიშვილს გაურთულდა, 12 წლის იყო. ზუსტად იმ პერიოდში გარდაეცვალა ბაბუა, რაზეც ძალიან ინერვიულა. ჩვენ სამძიმარზეც ვერ წავედით, რადგან ბავშვი ცუდად იყო, მხედველობა და სმენა დაკარგა. მლოცველები მოვუყვანეთ, ღმერთს შევავედრეთ და დღეს ღვთის წყალობით კარგადაა, თუმცა წინასწარმეტყველური ნიჭი დაუტოვა. ცუდის მოახლოებას, ყოველთვის წინასწარ გრძნობს“, - აცხადებს ბებო.

ის კიდევ ერთ ისტორიას იხსენებს და გვიყვება, რომ მისმა შვილმა ზუსტად აღუწერა ის თოჯინა, რომელიც იმ დროს მაღაზიაში ახალი შემოტანილი იყო.

„ჩემი შვილი ახლა 58 წლისაა, ბატონები რომ უბრძანდებოდა, დამიძახა და მითხრა, რომ მაღაზიაში ახალი საქონელი მოიტანეს, დახლზე მაღლა დიდი თოჯინა დევს, აი ზუსტად ის მინდაო. რას ვიზამდი, ეგრევე გავიქეცი და მაღაზიაში რომ შევედი, ზუსტად ისეთი თოჯინა, რომელიც მან აღმიწერა, ზუსტად იმ დახლზე იდო. მეორე შვილმა ფელამუში მომთხოვა, მეორე სოფელში გავიქეცი, ჩემს ძირ სახლში, გავუმზადე და მოვუტანე. ასე იყო ბებო, მაშინ ასე ვიცავდით, ახლა ახალგაზრდებს არაფრის არ სჯერათ“, - აცხადებს ის.

პარალელისთვის „მშობელი“ პედიატრ ინგა მამუჩიშვილს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ე.წ. ბატონები არის ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეფასებული ექიმის მიერ. ექიმი წყვეტს მკურნალობის ტაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში დაგიგეგმავთ რეფერალს ბავშვთა ინფექციონისტთან.

„ხშირად მესმის მშობლებისგან, ბატონები დაუბრძანდა ჩემს შვილსო... ეს რა თქმა უნდა ხალხური გამონათქვამია და ხშირად ბატონებს უწოდებენ ბავშვთა ინფექციებს: წითელა, წითურა, ჩუტყვავილას, ქუნთრუშას (ძირითადად გამონაყარით მიმდინარე ბავშვთა ინფექციებს). როგორც ბატონს ჭირდებოდა მოფრთხილება, რადგან ის ამას ყოველთვის ითხოვდა, ამ ბატონებსაც ისევე მოფრთხილება უნდა და ძალიან უნდა მოვეფეროთ, რომ არ გაბრაზდესო... გართულების ან ლეტალური გამოსავალის შემთხვევაში, აღნიშნავდნენ, ბატონი გაბრაზდაო. ამიტომ, როცა ბავშვს ბატონები დაუბრძანდებოდა, წითლად რთავდნენ ოთახებს, ბუშტებს ბერავენ (ახლაც ასე ხდება ხშირად), მშობლებმა ალკოჰოლი არ უნდა მიიღონ, ჩურჩულით ისაუბრონ, მოეფერონ ერთმანეთს და ბავშვსაც აუსრულონ სურვილები... აი, ასეთი შეხედულება აქვთ ხალხში ხშირად, ისეთ ინფექციებზე, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებებია და სერიოზულ მიდგომას, ექიმის მეთვალყურეობას, დროულ დიაგნოსტიკას და დროულ პრევენციას (ვაქცინაციის მეშვეობით) საჭიროებს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების დროს მეტი სითბო, სიყვარული და ყურადღება თქვენი მხრიდან იმუნური სისტემის მოდულაციას უწყობს ხელს... ინფექციებისგან დაცვის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები... თქვენს ექიმთან ერთად დროულად დაგეგმეთ ვაქცინაცია და იცხოვრეთ მშვიდად...", - განუცხადა "მშობელს" ინგა მამუჩიშვილმა.

 

რა სახის „ბატონები“ არსებობს და როგორ ვრცელდება?

წითელამ დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი. ეს ინფექცია ვირუსულია, გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ვირუსი ადვილად იღუპება გარემოში, ამიტომ არ გადაეცემა მესამე პირით და საყოფაცხოვრებო საგნებით, თუმცა კარგად ვრცელდება ჰაერის ნაკადით საკმაოდ დიდ მანძილზე, ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი ავადმყოფ ბავშთან უშუალო კონტაქტი. მიმღებლობა წითელას მიმართ ძალზე მაღალია ნებისმიერ ასაკში, გარდა 6 თვემდე ასაკისა, რომელთაც აქვთ ტრანსპლაცენტარული პასიური იმუნიტეტი. წითელა მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ზედა სასუნთქი გზების კატარლური მოვლენებით, კონიუნქტივიტით და ლაქოვან -პაპულოზური გამონაყარით კანზე. გამონაყარი ეტაპობრივად ვითარდება სახიდან კიდურებამდე, ლოყის ლორწოვანზე ჩნდება პათოგნომური ნიშანი, კოპლიკ-ფილატოვის ლაქა. წითელას ახასიათებს ვერაგი გართულებები: პნევმონია, ენცეფლიტი, მენინგიტი.

წითელასაგან განსხვავებით, წითურა უეცრად იწყება, გამონაყარი პირველივე დღეს ჩნდება, არ ახასიათებს მაღალი ცხელება და გამონაყარის ეტაპობრიობა. ინტოქსიკაციის მოვლენები თითქმის არ არის გამოხატული, გამონაყარი წვრილლაქოვანია, ყოველთვის ახასითებს კეფის და კისრის უკანა ლიმფური კვანძების გადიდება, ნაკლებად რთულდება. აღსანიშნავია, რომ საშიშია ორსულებისთვის, რადგან მას ემბრიოტოქსიური ეფექტი ახასიათებს და იწვევს სხვადასხვა დეფექტებს, მათ შორის ძალიან სერიოზულ მანკებს.

ქუნთრუშას იწვევს სტრეპტოკოკი, ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, ანგინით და ჰიპერემიული კანის ფონზე განვითარებული წვრილწინწკლოვანი გამონაყარით.

ყველაზე ხდირად ვხვდებით ბავშვთა ინფექციებიდან ჩუტყვავილას, ვინაიდან კალენდარულ აცრებში ჯერ ჩვენს ქვეყანაში ჩუტყვავილა არ არის, სწორედ ეს განაპირობებს მის სიხშირეს. დაავადების გამომწვევია ვირუსი, ის ვლინდება ჰიპერთერმიით, პოლიმორფული გამონაყარით კანზე, როგორც წესი იწყება თავის თმიანი ნაწილიდან და ვრცელდება ქვემოთ, არ ახასიათებს გამონაყარი ხელისგულებზე და ფეხისგულებზე, გამონაყარს ახასიათებს ძლიერი ქავილი.

 ჰიგიენა

დაბანა აუცილებელია. დაუბანელი გაღიზიანებული კანი, თან გამონაყარით, შეიძლება მალე ინფიცირდეს. დაბანა უნდა მოხდეს ნაზად, არ გამოვიყენოთ ღრუბელი, ხელის ნაზი გადასმით, ჩუტყვავილას შრმთხვევაში დავამუშაოთ კანი რომელიმე ანტისეპტიკით.

 აცრები

აცრების დაკავშირება აუტიზმთან მითია. არსებობს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ ეს ჩემთვის სარწმუნო არ არის, რადგან არ არსებობს ამის დამადასტურებელი სამეცნიერო ნაშრომები. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელზე დაყრდნობაც აბსურდია... ბავშვები აუცილებლად უნდა აიცრან, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ განვმეორდები, ყველაფერი, რაც ბავშვის ჯანმრთელობაზე იმოქმედებს - ეკოლოგია იქნება ეს, საკვები, სათამაშები, მედიკამენტები თუ ვაქცინები, უნდა იყოს მკაცრად კონტროლირებადი... მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს გენოციდი არ მოვუწყთ ჩვენივე ხელით, ეჭვიც არ მეპარება, რომ სახელმწიფო ამაზე ზრუნავს, მაგრამ კიდვ უფრო გაიზრდება სახელმწიფო რეგულაციები...

 

 

ირინე არდაშელია

 

რჩევები