მელ გრივსის მიზანია შექმნას იოგურტის მსგავსი სასმელი, რომლის დალევის შემდეგაც ბავშვებს ლეიკემია აღარ დაემართებათ.

ეს იდეა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რადგან სიმსივნის დამარცხება, როგორც წესი, ბევრად უფრო რთულია ხოლმე. თუმცა, პროფესორ გრივსს სჯერა, რომ ეს მეთოდი ნამდვილად იმუშავებს. მისი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით კი, კიბოს მკვლევარები მის იდეებს სერიოზულად უდგებიან.

ლონდონში კიბოს კვლევის ინსტიტუტში გრივსი ბავშვებში ლეიკემიას უკვე 30 წელია სწავლობს. ახალ წელს კი ის საკუთარი კვლევებისთვის რაინდული წოდებით დაჯილდოვდა.

"30 წლის განმავლობაში გამალებით ვმუშაობდი, რომ დამედგინა, თუ რატომ ჩნდება ლეიკემია ბავშვებში. ახლა კი, პირველად, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი მივიღეთ, რისი საშუალებითაც მის თავიდან აცილებას შევძლებთ", - აცხადებს გრივსი.

1950-იან წლებში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია სასიკვდილო განაჩენი იყო. დღეს კი, შემთხვევების 90% განკურნებით სრულდება, თუმცა მკურნალობა ორაგნიზმისთვის საზიანოა და ის გრძელვადიან გვერდით ეფექტებს იწვევს. ბოლო რამდნეიმე ათწლეულია მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ დაავადების სიხშირე ევროპასა და დიდ ბრიტანეთში იზრდება - ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტით.

პროფესორი მელ გრივსი, რომელიც ლეიკემიაზე ჩატარებული კვლევისთვის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა

პროფესორი მელ გრივსი, რომელიც ლეიკემიაზე ჩატარებული კვლევისთვის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა

ფოტო: John Angerson

"ლეიკემიის შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში ხშირდება, განვითარებადში კი არა", - აცხადებს ის.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია რამდენიმე თანმიმდევრული პროცესის შედეგად ვითარდება. ეს პროცესი თავდაპირველად გენეტიკური მუტაციით იწყება, რომელიც 20-დან ერთ ბავშვში გვხვდება.

"მუტაცია საშვილოსნოში ხდება. ეს მუტაცია შთამომავლობით არ გადაეცემა, მაგრამ ის ლეიკემიის განვითარების რისკს ზრდის", - აცხადებს გრივსი.

ლეიკემიის ჩამოსაყალიბებლად კიდევ ერთი ბიოლოგიური პროცესი უნდა წარიმართოს, რომელშიც იმუნური სისტემაა ჩართული. იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ წარმატებით იმუშაოს, საჭიროა, რომ ადრეულ ასაკში მას ინფექციებთან ჰქონდეს შეხება. თუ იმუნურ სისტემას ცხოვრების ადრეულ ეტაპზე პათოგენებთან შეხება არ ექნება, მისი ოპტიმალურად ჩამოყალიბება ვერ ხდება, რაც საბოლოოდ პრობლემებს იწვევს.

ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან მშობლები ბავშვებს ისეთ გარემოში ზრდიან, სადაც ანტისეპტიკური ხელსახოცები, ანტიბაქტერიული საპნები და სადეზინფექციო საშუალებები ყოველდღიური ნორმაა. მიწასა და მტვერს კი მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი სახელი აქვს.

ამასთან ერთად, იკლებს ძუძუთი კვებაც, ხოლო ბავშვებს თანატოლებთან შეხება საკმარისად ხშირად აღარ აქვთ. ეს ყველაფერი ბავშვების პათოგენებთან კონტაქტს ამცირებს. ამას დადებითი გავლენა აქვს, თუმცა არსებობს გვერდითი ეფექტებიც. რადგან პატარა ბავშვებს ინფექციებსა და პათოგენებთან შეხება არ აქვთ, მათი იმუნური სისტემა სწორად ვერ ვითარდება.

"როდესაც ასეთი ბავშვი საბოლოოდ რაიმე ინფექციას აწყდება, მისი მოუმწიფებელი იმუნური სისტემა საფრთხეს ანომალურად პასუხობს, რაც ქრონიკული ანთებით ხასიათდება", - აცხადებს გრივსი.

ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად სისხლი სპეციალური ქიმიური ნივთიერებები, ციტოკინები გამოიყოფა, რაც საბოლოოდ კიდევ ერთ მუტაციას იწვევს, რასაც ლეიკემიამდე მივყავართ.

"ლეიკემიის ჩამოსაყალიბებლად ორი მთავარი პუნქტი უნდა შესრულდეს, პირველი არის საშვილოსნოში მომხდარი მუტაცია, მეორე კი მოუმწიფებელი იმუნური სისტემის გადაჭარბებული პასუხი", - აცხადებს მეცნიერი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუტაციის მქონე ბავშვში ქრონიკული ანთება ვითარდება, რომელიც თანამედროვე სტერილური ცხოვრების სტილით არის გამოწვეული, ანთება კი ბავშვს ლეიკემიის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. ბავშვში მუცლადყოფნის დროს მომხდარი მუტაციის გამო კი საბოლოოდ სრულფასოვანი დაავადება ვითარდება.

ამის გააზრებით მეცნიერებს ეძლევათ შანსი, რომ ლეიკემია მანამდე შეაჩერონ, სანამ ის დაავადებად ჩამოყალიბდება.

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ ავირიდოთ თავიდან საშვილოსნოში მომხდარი მუტაცია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ გზები, რომლითაც იმუნური სისტემის გადაჭარბებულ პასუხს დავბლოკავთ", - აცხადებს გრივსი.

ამისთვის გრივსმა და მისმა გუნდმა ადამიანის კუჭ-ნაწლავში არსებული ვირუსების, ბაქტერიებისა და მიკრობების შესწავლა დაიწყო. ეს ის ორგანიზმებია, რომლებიც საკვების მონელებაში გვეხმარებიან, გარდა ამისა, მათზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა პათოგენებთან ჰქონდა შეხება ორგანიზმს საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში.

მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, ადამიანების კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების ნაკლები მრავალფეროვნებაა. ამის მიზეზი ისაა, რომ გადამეტებულ სისუფთავეში ცხოვრების გამო, ბავშვობაში ასეთ ადამიანებს ბაქტერიებთან და პათოგენებთან საკმარისი შეხება არ ჰქონიათ.

"ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გზა, რომლითაც ასეთი ადამიანების მიკრობიომის გამდიდრებას შევძლებთ. ასევე უნდა გავარკვიოთ, თუ რომელი ბაქტერიაა იმუნური სისტემის სწორად ჩამოყალიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი"- აცხადებს გრივსი.

ამჟამად გრივსი და მისი გუნდი ექსპერიმენტებს თაგვებზე ატარებს, რათა გაარკვიონ, თუ რომელი პათოგენები ახდენენ მათი იმუნური სისტემის ძლიერ სტიმულირებას.

"ჩვენი მიზანია ვიპოვნოთ ექვსი, ან ათი სხვადასხვა სახეობის მიკრობი, რომელიც ბავშვის მიკრობიომს ოპტიმალურად აღადგენს. პატარა ასაკის ბავშვები კი ამ მიკრობებს სპეციალური "კოქტეილის" სახით მიიღებენ. ეს კოქტეილი მარტო ლეიკემიისთვის არ იქნება შექმნილი. დასავლეთში დიაბეტისა და ალერგიების შემთხვევები მუდმივად იმატებს, ამის მიზეზად კი არასწორად განვითარებული იმუნური სისტემა და ზედმეტად "სუფთა" გარემო სახელდება. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა ბავშვები ლეიკემიის გარდა სხვა დაავადებებისგანაც დაიცვან", - ამბობს მეცნიერი.