2020-12-26

არსებობს ადამიანი, ვისაც ბავშვობაში დედმამიშვილთან ჩხუბი არ მოსვლია?
 
მე პირადად, დღემდე მკვეთრად მახსოვს, როგორ ვწვდებოდი-ხოლმე ჩემს 2 წლით უმცროს ძმას ლამაზ კულულებში და მანამდე ვიყავი ჩაფრენილი, სანამ ვინმე უფროსი არ ჩაერეოდა და ძალით არ გამომგლეჯდა აწიოკებულ ბავშვს. ეს ხდებოდა ყველგან: სახლში, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თქვენ წარმოიდგინეთ, მეტროს ესკალატორზეც კი დავგორებულვართ ორთაბრძოლაში ჩაბმულნი.
 
ყველაფერზე შეგვეძლო გვეჩხუბა:
✔რატომ მიყურებ?
✔რატომ იცინი?
✔რატომ შემეხე?
✔რატომ გამაღვიძე?
✔ჩემს სათამაშოს ხელი რატომ მოკიდე? და ა.შ
 
სანამ პატარები ვიყავით, მკაცრი ხმის ტონით ორივეს დათმობისკენ მოგვიწოდებდა დედაჩვენი და თუ არ დავემორჩილებოდით, ხდებოდა ჩვენი დროებითი გაყრა. როცა სკოლაში შევედით და წერა-კითხვა ვისწავლეთ, დედაჩვენმაც დახვეწა სტრატეგიები, მაგალითად:
 
🏳მოჩხუბარ მხარეებს წერილობით უნდა დაგვეცვა ჩვენი საკუთარი პოზიცია
🏳რა თქმა უნდა მაშინვე ვწყვეტდით ჩხუბს და მომენტალურად მშვიდობის, ბედნიერების და "ბლინების" ფაზაში გადავიდოდით.
 
მერე გავიზარდეთ, "დავჭკვიანდით" და ეს კონფლიქტებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.
 
ალბათ არასოდეს ასე ღრმად არ დავფიქრდებოდი და გავაანალიზებდი ამ მოგონებებს, რომ არა ჩემი პროფესია. მახსოვს, საწყის ეტაპზე როგორ უმწეოდ ვგრძნობდი თავს, როცა ჯგუფში ბავშვებს ჩხუბი მისდიოდათ. რამდენი რამ ვიცოდი თეორიულად, რამდენი წამეკითხა, მაგრამ ფაქტის პირისპირ რომ აღმოვჩნდი, ვაი შენს ირას-თქო ვიფიქრე. არადა, ზუსტად იმ მომენტში დასცხებენ ერთმანეთს, როცა ზურგს შეაქცევდი და არჩიე მტყუანი და მართალი. დეტექტივის ნიჭი და უნარებია საჭირო. მოკლედ არ დავტოვე ამ თემაზე წაუკითხავი არაფერი მთელ გერმანულ სივრცეში. რაღაც ზეწოლას ვახდენდი საკუთარ თავზე და რამდენადაც ეს ზეწოლა იზრდებოდა, იმდენად უფრო გაღიზიანებული მეჩვენებოდნენ ბავშვები, კონფლიქტებიც მატულობდა.
 
✔მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ყოველ დღე ბავშვებთან 8 საათიანმა სამუშაო დღემ, მათზე სისტემატურმა დაკვირვებამ დამანახა, რომ, არაფერი განსაკუთრებული, ჩვენთვის შეუძლებელი, მათ არ სურთ და არ ითხოვენ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ისინი დავინახოთ, ვაღიაროთ და სერიოზულად მივუდგეთ მათ კონფლიქტებს და გულისწყრომას.
 
✔კონფლიქტები, კამათი, ჩხუბი, სრულიად ნორმალური და აუცილებელიცაა ბავშვების განვითარებისთვის.
 
✔ ჩვენ მათ უბრალიდ კონფლიქტის ხელოვნების სწავლაში უნდა დავეხმაროთ.
 
⛔ პირველ რიგში მთავარია, ბავშვებმა საკუთარი პიროვნული საზღვრები ისწავლონ: "აქამდე, და მეტი არა".
 
ამისათვის კი ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ როცა ვიღაც ჩვენს საზღვარს მოადგება, ნიშანი მივცეთ, ნიშანი, რომელზეც ყველა ერთხმად შევთანხმდით და რომელიც ყველასთვის ცნობილი და გასაგებია.
 
მაგალიტად "სტოპ" არის ჩემთან იმის მანიშნებელი, რომ ის, ვინც საზღვრებს გადადის, მყისიერად უნდა გაჩერდეს. ამას ახერხებენ 3 წლის ბავშვებიც კი და 5-6 წლის ბავშვებს უკვე კარგად აქვთ გამომუშავებული ეს სტრატეგია.
 
ერთი სახალისო ისტორია მახსენდება: ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვუმზერ. ვხედავ და რას ვხედავ, ერთ ბავშვს ხელი აქვს მეორე ბავშვის ყელზე მოჭერილი და არ უშვებს. მივრბივარ კი არ მივფრინავ და თან ვეძახი, გაუშვი სასწრაფოდ-მეთქი. მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა. იმ ბავშვს ფერი ისევ მოუვიდა და ე.წ. "პედაგოგიური საუბრის" დროც დადგა.
 
მე: "ასე ძალიან ყელზე რომ უჭერდი, შეიძლება ძალიან ავად გამხდარიყო ლეონი და საავადმყოფოში მოთავსება დასჭირებოდა"
ქრისტოფი: "მერე, ეთქვა STOP და გავუშვებდი"ო smile
 
ასე, რომ ბავშვებს შესწევთ უნარი ურთიერთშეთანხმების და დაცვის. უბრალოდ ხშირად უნდა შევახსენოთ, სანამ ეს კარგად გაუჯდებათ.
 
მასალა მომზადებულია  სოციალ-პედაგოგ ირა ჩერქეზიშვილის მიერ

რჩევები