საპროტესტო აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდის დედა, ქეთი პაპუნაშვილი, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და მისი შვილის დაკავების ისტორიას ყვება.
"მშობელი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ყველაფერი დაიწყო ხუთშაბათს, გამთენიის 02:34 წუთზე, როცა ჩემი შვილის მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ვერაფერი უშველა ქუჯის და რობოკოპებმა შეათრიეს და დაიჭირეს. უფრო სწორად ეს ამ ბიჭმა ვერ მითხრა, და მეორე მეგობარმა, გოგონამ მომაძახა ტელეფონში - ქუჯი დაიჭირესო. ეს მოხდა ძალიან, ძალიან სწრაფად, მაგრამ დაჭერილი რომ იყო გამიხარდა, უარესს გადავრჩი.
ელვის სისწრაფით მუშაობს ტვინი, ვიცმევ. ყველაზე კომფორტული ძველი ბოტასები, ძაღლის გასასეირნებელი ქურთუკი (რადგან ყველაზე თბილია, ძველია, არ დამენანება) და ჯინსი. ქურთუკის სახელოს ჯიბეში ვიდებ დიაზეპამს. 03:11-ზე რუსთაველზე უკვე მანქანაში ჩავისვი ქუჯის ორი მეგობარი. ამ დროს უკვე დარეკილი მაქვს ყველგან, ყველა იზოლატორში, ცხელ ხაზზე, გაკეთებული მაქვს ყველა ნაბიჯი, ყველა ზარი, ყველაფერი. არავინ იცის ჩემი შვილი სადაა.
იგივე აქვთ გაკეთებული ქუჯის მეგობრებს ჩემზე ადრე, რადგან ამათ ეგრევე დაიწყეს რეკვა, იგივეს აკეთებენ სხვა მეგობრებიც. ერთმა მეგობარმა ქუჯის დაჭერისთანავე მოძებნა ჟურნალისტი და პირდაპირ ეთერში მოყვა როგორ დაიჭირეს ქუჯი (ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ძალიან დიდი მადლობა ასევე ამ მეგობარს).
ვუყურებ გზაში ამ ვიდეოს, ამაზე ხო ცუდად გავხდი. ამ ყველაფრის პარალელურად ვურეკავ ნენეს, რომელიც გონზე არაა, ვეუბნები რომ ქუჯი დაიჭირეს და ვუგზავნი ტაქსს. უკვე მამამისისითვის მაქვს ნათქვამი, რომ დაიჭირეს, კაცი არის ორჯერ ნაინფარქტალი. ამაზე ცალკე ვნერვიულობ. 03:30-ზე სახლში ვართ ჩემთან და ვიგეგმებით მე, ნენე და ქუჯის ორი მეგობარი. გადაადგილებაში ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი. მადლობა ლევან.
ვმსჯელობთ და თან ველოდებით რომელიმე იზოლატორში გადაიყვანონ. გაგვიმართლა და მერამდენეღაცე ჩამორეკვაზე ზაჰესის მეორე იზოლატორშია. ვარკვევ, რომ ძალიან არ არის ნაცემი. ბავშვები სახლში მიდიან, დილაუთენია უნდა გავიდე იზოლატორში. ვარკვევ რისი შეგზავნა შემიძლია. ვულაგებ ტანსაცმელს. ადვოკატს ნანახი ჰყავს. ამ დროისთვის ვიცი, რომ უკვე აღარ სცემენ...
ვწვები. მაცვია ბოტასები, ჯინსი და ძაღლის გასასეირნებელი "კურტკა". გავათენე...
ყველაზე შავი დღისთვის გადადებულ ასდოლარიანს ვიღებ, სახელოს ჯიბეში დიაზეპამს ვსინჯავ და გავდივარ...
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს უსწრაფესად ვაკეთებ, მაინც ვერ ვარ პირველი, ვინც საკვებს და ტანსაცმელს აგზავნის და დილის 11:30-ზე ვახერხებთ მე და ქუჯის მეგობრები შეგზავნას. უნდა აღვნიშნო ბავშვების ორგანიზებულობა და ისიც, რომ ყველაფერი თავად გააკეთეს შესაგზავნად და ჩემი მხოლოდ სახელი და გვარი იყო 🧡
ადგილზე კიდევ უამრავი გაუთვალისწინებელი წინაღობა გვხვდება და ბოლოს როგორც იქნა ჩემ შვილთან შედის რაღაც, რაც აგრძნობინებს, რომ მარტო არაა. აქვე უნდა აღვნიშნო ასე საჭმელ-სასმლით მისულები, მეორე იზოლატორის ტელეფონის ოპერატორი მეუბნება, რომ ასეთი დაკავებული არ ჰყავთ. ვსინჯავ ჯიბეში დიაზეპამს. ვეხვეწები ნახოს თავიდან, მეორე ნახვაზე მიდასტურებს.
შემდეგ შეგზავნას ჩემი ძმა აკეთებს. მინდა ბევრი სახელი და გვარი გაიგოს ჩემმა შვილმა, რომ მიხვდეს მთელი ოჯახი საქმის კურსშია და ყველაფერი კეთდება. ამ ყველაფრის პარალელურად პერიოდულად ვარკვევ როდის იქნება სასამართლო. ზუსტი პასუხი არავინ იცის, მაგრამ ველოდებით ორშაბათიდან.
დაღამდა ეს დღე, დავწექი...
მაცვია ძაღლის გასასეირნებელი კურტკა, ჯინსი და ბოტასები...
საათს ვაყენებ ისე, რომ 15 წუთში ერთხელ დარეკოს, რომ არ ჩამეძინოს და რამე არ გამომრჩეს. დილით ნენეს ნათლიის შვილი შეუგზავნის. მირეკავს ნენეს ნათლიის შვილი და მეუბნება რომ ქუჯი გადაყავთ სასამართლოზე და რომ ეს შემთხევით გაიგო. უბრალოდ ბედი ჰქონია ჩემს შვილს ეს ბიჭი ზუსტად მაგ დროს რომ მივიდა, თორემ ჩემი შვილი მარტო, სხვადასხვა ტიპის ზეწოლის მერე სრულიად მარტო, ცარიელ დარბაზში უადვოკატოდ რჩებოდა სისტემის წინაშე.
სასწრაფოდ გავექანე სასამართლოში. გზაში გავაგებინე ყველას. ერთ საათში შევიკრიბეთ სასამართლოში. პარალელურად ცალკე მე ვუძლებ ზეწოლას, ცალკე ნენე, ქუჯი თავისთავად. ამაზე ცალკე ვიტყვი ოდესმე. არავინ გვეუბნება რომელ საათზე, რომელ დარბაზში იქნება სასამართლო სხდომა.
ამასობაში მიჯდება ტელეფონი, მჭირდება ფოვერბანკი. ვწერ პოსტს. ბოლტით მიგზავნის დაქალი და კურიერი შემხვდა აქ არ დავწერ როგორი.
დილაადრიან მისულებს სადღაც ასე 16 საათზე მოგვიწია რიგმა. რამდენიმე ჯგუფად დაყოფილები (ეს ნენემ დააორგანიზა) სხვადასხვა საქმეს ვაგვარებთ. ერთმა ჯგუფმა გაარკვია სად იქნება სასამართლო და სამ წუთში დაიწყო სხდომა. (ვსვამ მეოთხედ დიაზეპამს) ამაზე ინფოს არავინ გვაძლევს. ვიღაცა გამოყოფს თავს, დაკავებულის გვარს ამბობს. თუ ზუსტად იმ კართან არ დგახარ, ვერც გაიგებ. ასე რჩება ადამიანი (21 წლის ბიჭი) სრულიად მარტო.
დაიწყო სხდომა. ადვოკატი არ ჩანს. ვრეკავ. მეუბნებიან რომ მოვა ეხლავე. არ მოდის. ბევრი პროცესია და წინა არ დამთავრდა მალე. იქვე ვნახულობ სხვა ადვოკატს, რომელსაც აქვს ცოტა დრო. პარალელურად ქუჯის ეუბნებიან, რომ თუ აღიარებს და მონანიება გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ამას მეუბნებიან მეც. მოსამართლე კითხვებს უსვამს ჩემ შვილს. ქუჯი პასუხობს. მეწყება მთელი სხეულის ტრემორი. ვგრძნობ ნენეს ხელს. ჩემი დის მზერას. უკან ქუჯის და ჩემი მეგობრები სხედან. ბევრი ვართ. კიდევ მეოთხედ დიაზეპამს ვსვამ. მოკლედ ეს სასამართლოს ამბავი ცალკე ჯოჯოხეთია. გავიარეთ ესეც. დანაშაული არ აღიარა. სადღაც 01:30 ვიხდი ძაღლის გასასეირნებელ კურტკას, ბოტასების, ჯინსს. ვიბან. თეთრეულს ვცვლი. ვიძინებ.
გაფრთხილება: მოიძიეთ ადვოკატი წინასწარ გარანტირებულად. ასწავლეთ შვილებს "ხაროში პალიცეისკი, პლახოი პალიცეისკი". ბოდიში გრძელი ტექსტისთვის, ოღონდ აქ ჩემი წამების მეათედიც არაა", - წერს ქეთო პაპუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციები 29 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 2028 წლამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა.