2025-05-17

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ნინო მხეიძე საკუთარ შვილს, Make-up არტისტსა და აქტივისტს, ლადო მხეიძეს საჯარო წერილს უგზავნის.

მილოცვაში ნინო მხეიძე ყურადღებას ამახვილებს ის სირთულეებზე, რომლებსაც ლგბტქ+ თემის წევრები აწყდებიან საქართველოში.

“17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მინდა ეს დღე მიულოცო პირველ რიგში ჩემ შვილს ლადო მხეიძეს. მე შენ მიყვარხარ ფემინურიც და მასკულინურიც, კაბაშიც და შარვალშიც, სახე დახატულიც და ერთ ხელზე ჰაერში მფრინავიც. მიკვირს, როგორ უძლებ წლების განმავლობაში ამდენ ზიზღს, აგრესიას და მაინც ჯიუტად მუდმივად განვითარებაზე ზრუნავ. ჩემი ოჯახი შენ ხარ და მარტო მე და შენ ვიცით რა სირთულეები და დანაკარგები გამოვიარეთ ერთად. ამიტომ, მინდა იცოდე და ყოველთვის გჯეროდეს, მე შენი უფლებებისთვის ვიბრძოლებ 366 დღე წელიწადში და ამას ვერ შეაჩერებს ვერც კანონები და ვერც აკრძალვები, რომლებიც სწორედ იქითკენ არის მიმართული რომ შენ შეგეზღუდოს თავისუფლება, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარება და გამოვლენა. სოლიდარობა და უპირობო სიყვარული ყველა უკანონოდ ჩაგრულ ადამიანს. ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ქვეყანაში, რომელშიც ყველას უფლებები იქნება დაცული”, – წერს ნინო მხეიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს, პარალელურად ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

საზოგადოება