2025-12-10

თბილისის მერია, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს ყოველწლიურად, არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება.

როგორც დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს.

„თბილისის მერია, ტრადიციულად სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. ამ მხრივ არც მიმდინარე ზამთრის პერიოდია გამონაკლისი, რომელსაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და განახლებული პროგრამებით, ახალგაზრდული ბანაკებით, სკოლებითა და საგანმანათლებლო და რეკრეაციული ხასიათის გასვლითი ტურებით ვხვდებით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა, როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული და სახელოვნებო მიმართულებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პროგრამები განხორციელდება ისეთი პოპულარული და საინტერესო თემატიკით, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები; რობოტიკა; კინოხელოვნება; ინგლისური ენა; თხილამურის დაუფლების სკოლა; დებატები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდები; საჯარო მართვა; ემოციური ინტელექტი; ხის მხატვრული დამუშავება; სამაგიდო თამაშების შექმნა და სხვა.

„პარალელურად, მოეწყობა შემეცნებითი გასვლითი ტურები საქართველოს ისტორიულ ადგილებში. პროგრამა ჯამურად 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, შეიძინონ ახალი მეგობრები, ისწავლონ საინტერესო საქმე და დაისვენონ პროდუქტიულად“, - აღნიშნა კახა კალაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული ინიციატივით.

„მოგიწოდებთ, იაქტიურეთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ტიპის ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ახალგაზრდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია ვებგვერდზე - www.youthtbilisi.ge.

საზოგადოება