ადამიანები ხშირად წუწუნებენ რესურსების არარსებობაზე და ამით ამართლებენ საკუთარ წარუმატებლობას, დღეს კი „მშობელი“ 27 წლის სალომე იზორიას გაგაცნობთ, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს და საკუთარი ოცნებები საქმედ ცარიელი ხელებით აქცია.
სალომე გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს და ადგილობრივებს იმის ფუფუნებას უქმნის, დღესასწაულები ორიგინალური ტორტებით გაილამაზონ.
უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის ზონაში, მსგავსი მომსახურება დიდი ფუფუნებაა, რადგან დახურულ სივრცეში არც ისე ბევრი რამეა თავის გასანებივრებლად.
სალომე გვიყვება რომ თავიდან არც მას სჯეროდა თუ გამოუვიდოდა, მაგრამ დიდი შრომის, ნერვიულობისა და გათენებული ღამეების შედეგად, მიზანს ნაწილობრივ მიაღწია.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე შევძლებდი თუნდაც ამ შედეგამდე მივსულიყავი, რადგან უბრალო ნამცხვრის გამოცხობაც კი არ მეხერხებოდა. ხელოვნება ყოველთვის მიტაცებდა, ხელნაკეთ ნივთებსაც კი ვქმნიდი, მაგრამ თითქოს მაინც რაღაც მაკლდა და ახლის ძიებაში ვიყავი. ისეთ რამეს ვეძებდი, რაც მეც ბედნიერებას მომანიჭებდა და სხვებსაც გავაბედნიერებდი. 2 წლის წინ სპონტანურად გადავწყვიტე მეცადა ბედი ამ საქმიანობაშიც, გამოწვევები ისედაც მიყვარს. ჯერ იყო ოჯახისთვის და ნათესავებისთვის შექმნილი ტორტები, შემდეგ კი უკვე ხალხი დაინტერესდა და შეკვეთებიც მივიღე. არ დაგიმალავთ იყო ძალიან ბევრი მარცხი, ბევრი თეთრად გათენებული ღამეც, რადგან ვცდილობდი ორი საქმიანობა ერთდროულად შემეთავსებინა, მაგრამ ეს იყო სასიამოვნო დაღლა.
როცა სამუშაო ფორმას ვიცმევ, თითქოს სხვა განზომილებაში შევდივარ, ჩემთვის სხვა სამყაროა აქ. მიუხედავად რიგი პრობლემებისა, არასდროს მიფიქრია დანებება“, - გვიყვება სალომე.
სალომესთვის ყველაზე დიდი გამოწვევად, ამ ეტაპზე შესაბამისი ინვენტარი და ენექტროენერგიიის პრობლემა დგას.
„არასდროს დამავიწყდება როდესაც პირველი საპატარძლო ტორტის შეკვეთა მქონდა, რამდენად ვნერვიულობდი, რადგან ორი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღის გალამაზებაში ჩემი წვლილი უნდა შემეტანა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, სწორედ ამ დროს ჩაქრა შუქი და მომიწია დეკორაცია სანათით დამესრულებინა, რაც არ ასახულა ტორტზე, მაგრამ რთული იყო“.
შეკვეთები ბევრი არ არის, მაგრამ რაც აქვს, იმას სიყვარულით აკეთებს.
„არის პერიოდები, როცა შეკვეთები თითქმის არ არის, რადგან მოგეხსენებათ აქ ყოფა მეტად გართულდა, ახალგაზრდობაც თითქმის აღარ შემორჩა სოფლად. თუმცა წელს უფრო მეტად ვარ მოტივირებული, არ მქონდა იმის შესაძლებლობა სადმე გამეარა კურსები, ამიტომ ვფიქრობ, თვითნასწავლის კვალობაზე ასე თუ ისე თავს ვართმევ ამ საქმეს... ჩემს ოცნებებში ჩემთვის პატარა საკონდიტროს ვხატავ. ფართი მაქვს უბრალოდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც ჯერჯერობით ვერ მოვუყარე თავი, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. ყველას ვურჩევ აკეთოს ის საქმე, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს“, - ამბობს სალომე.
ძირითადი შეკვეთები პატარების დაბადების დღეებისთვის აქვს, რადგან კონფლიქტის ზონაში სხვა სახის დღესასწაულები ნაკლებია.
„დაბადების დღეებისთვისაა შეკვეთების უმეტესი ნაწილი. ტორტი ენგურს გაღმაც გამიგზავნია“.
სალომეს ახლა ყველაზე მეტად სამუშაო ინვენტარი სჭირდება და მისი ოცნება კიდევ უფრო სრულფასოვანი გახდება.
სპეციალურად „მშობელისთვის“