„ჩვენ საზოგადოება გვიდგენს რაღაც წესებს, თუ როგორი უნდა ვიყოთ. "რა დროს შენი სწავლაა, ოთხი შვილის დედა ხარ", - ზუსტად ვიცი ჩემს მიმართ მსგავსი პრეტენზიები არსებობს, მაგრამ მე მაინც იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილებს ასეთი უფრო ვჭირდები. გაბედეთ, არ დაიზაროთ, იმოქმედეთ და სამყარო აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი ოცნებების ახდენაში. რაც მთავარია გოგონების დედა ვარ, ამ საზოგადოებაში კი ქალობა ძალიან ძნელია. მინდა პრეცენდენტი შევუქმნა მათ და მაგალითი მივცე, რათა ,,ქალობის” გამო არაფერში შეიზღუდონ“.
შეუძლებელი რომ არაფერია, ამას ჩვენი რესპოდენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
დღეს 33 წლის ნინო ავალიანს გაგაცნობთ, რომელიც წელს უკვე მეორედ გახდა სტუდენტი და მალე ფსიქოლოგის პროფესიას დაეუფლება.
“რა დროს შენი სწავლაა ოთხი შვილის დედა ხარ” – იცის რომ მის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საკუთარ სურვილებზე უარი მაინც არ უთქვამს.
„33 წლის ვარ, მეუღლე და ოთხი შვილი მყავს - ექვის წლის ნატალია, ხუთი წლის ანასტასია, სამი წლის მარიტა და რვა თვის დემეტრე.
პროფესიით მასწავლებელი ვარ და მეხუთე წელია ვმუშაობ, იქამდე მომსახურების სფეროში მუშაობასთან და სწავლა-სწავლებასთან არანაირი შეხება არ მქონდა.
როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ ეს პროფესია როგორც დედას, ძალიან მადგებოდა. ვსწავლობდი ბავშვებთან ურთიერთობის მნიშვნელოვან ნიუანსებს, რაზეც თურმე წარმოდგენა არ მქონია.
დედა ისე გავხდი, რომ ბავშვის ფსიქოლოგიაზე, აღზრდაზე საერთოდ არაფერი ვიცოდი.
ალბათ ამან მომცა სტიმული და ჩემს პროფესიაში ძალიან დიდი ენერგია ჩავდე, დღეს უკვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მაქვს, ვთანამშრომლობ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, ვცდილობ ინგლისური ენის გაკვეთილებზე არა მხოლოდ ენა შევასწავლო ბავშვებს, არამედ დავეხმარო მოსწავლეებს სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებაში. ჩართული ვარ სკოლების ავტორიზაციის პროცესში და სხვადასხვა სკოლის გამოცდილებას აქტიურად ვიზიარებ, ასევე სხვებს ვუზიარებ ჩემსას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამსახური ძალიან შრომატევადია და უდიდეს ენერგიას მოითხოვს ჩემგან, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საპასუხოდ ენერგიას ისევ ჩემი საქმიდან ვიღებ.
რაც შეეხება განმეორებით უნივერსიტეტში ჩაბარებას, ესეც სკოლაში მუშაობის პროცესში გადავწყვიტე. ბავშვებთან და თინეიჯერებთან მუშაობა არც ისე მარტივია, მათ აქვთ ხასიათის თავისებურებები, რაც ხშირად ხელს უშლით სწავლაში, ასევე ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ხშირად უმართავები ხდებიან. ეს საკითხები ძალიან მაინტერესებს. ისედაც ფსიქოლოგობა ბავშვობიდან მინდოდა, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ადამიანის ფსიქიკა, ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორები და ა.შ.
დეკრეტულ შვბეულებაში ყოფნის დროს, ეროვნული გამოცდების პროგრამას გადავხედე და გამოცდებზე გავედი. ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მომავალში მინდა მქონდეს ჩემი სკოლა, სადაც ვიმუშავებ ბავშვებთან მათი მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებაზე“.
ამბობს, რომ მარტივი ნამდვილოად არ არის, თუმცა არც შეუძლებელი, ამიტომ ქალებს ურჩევს აკეთონ ის, რაც მათ ძალიან უნდათ.
„მრავალშვილიანობა და სტუდენტობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, პირველი შუალედურები ახლოვდება და დიდი ძალისხმევა მჭირდება რომ ვიმეცადინო. ყველაფერს ღამე ვაკეთებ, როცა ბავშვებს სძინავთ, ასევე დილით, სანამ ისინი გაიღვიძებენ.
მოგეხსენებათ მცირეწლოვან ბავშვებს უდიდესი ენერგია სჭიდრებათ, აქვთ უამრავი შეკითხვა, თავისებური ხასიათი და ყოველთვის ვცდილობ მათ მოვუსმინო, გავუგო. არის შემთხვევები, როდესაც ყველაფერი იდეალურად არ გამოდის, მაგრამ ჩემი ხასიათის თვისება ისაა, რომ არასდროს მეშინია შეცდომების, არც თავიდან დაწყება მიჭირს. შესაბამისად, ვაბალანსებ რაღაცეებს. ის ფაქტი რომ ოცდაოთხი საათი მხოლოდ ოცდაოთხია და მეტი არა, ხშირად მაწუხებს.
ხშირად მაკიაჟს გზაში ვიკეთებ, მგზავრობისას ვუსმენ სხვადასხვა ლექციას, როდესაც წაკითხვას ვერ ვასწრებ. მეუღლე არასდროს მიშლის ხელს საქმიანობაში, თუ დრო აქვს და შეუძლია, ბავშვებს ის იტოვებს-ხოლმე, ასევე მყავს არაჩვეულებრივი ძიძა, რომელიც ჩემი უდიდესი გულშემატკივარია“.
ირინე არდაშელია, სპეციალურად "მშობელისთვის"