2018-08-10

დაახლოებით ერთი წლის წინ რაჭაში, სოფელ სადმელში პატარა ზღაპრული სასტუმრო-კოტეჯი გაიხსნა, რომელიც დამსვენებელს წელიწადის ყველა დროს იღებს.

სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება, ნატურალური საკვები, თბილი და სტუმართმოყვარე მასპინძლები - ყველა პირობა სასიამოვნო დასვენებისთვის.

ეს ყველაფერი კი ტყუპი დების - თამარ და მირანდუხტ დავითულიანების დამსახურებაა. მათ არ მიბაძეს ახალგაზრდების უმეტესობას და სწავლის დამთვრების შემდეგ  სოფელი არ მიატოვეს, იპოვეს ალტერნატივა ყოფილიყვნენ მშობლიურ გარემოში, ჰქონოდათ შემოსავალი და სხვებიც გაეხარებინათ.

Garemo • გარემო-ს ფოტო.

„მშობელი“ გაგაცნობთ „გარემოს“ და მათ დამფუძნებლებს.

-მოგვიყევით თქვენს შესახებ. როგორ გაჩნდა იდეა?

- ჩვენ ბედნიერებით და სიყვარულით სავსე, მოკრძალებული „გარემოს“ მასპინძლები ვართ. 25 წლის ტყუპი დები და ვაკო, თამარის მეუღლე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ასე საერთო აზრებით და სურვილებით შევქმენით ჩვენი პატარა სასტუმრო, რომელიც ყოველწლიურად  უფრო და უფრო შეგაყვარებთ თავს. ჩვენ ამას გპირდებით.

იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ რაჭველები ვართ, წლების მანძილზე ვუყურებდით როგორ იცლებოდა რაჭა ახალგაზრდებისგან. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების წამიდანვე ვიცოდით, რომ რაჭაში უნდა დავბრუნებულიყავით და რამე ხელშემწყობი მიზეზიც მოგვეძებნა.

სწავლის პერიოდში ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, ხშირად დავდიოდით ლაშქრობებზე, სადაც ვხვდებიდით ბევრ საინტერესო და ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანს, გავიცანით უცხოელები, რომლებსაც სურდათ რაჭაში დასვენება.

Garemo • გარემო-ს ფოტო.

გავიდა წლები და მივხვდით, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძალიან დიდი სანაცნობო გვყავდა. ისინი ჩამოდიოდნენ რაჭაში და ჩვენ ვაგზავნიდით სხვადასხვა სასტუმროსა თუ გესთჰაუსში. მივხვდით რომ ამ ყველაფის შექმნა ჩვენც შეგვეძლო.

იმასაც კარგად ვხვდებოდით რამხელა შრომის ფასად მოგვიწევდა ამ იდეის განხორციელება, რეალურად ხომ საკმარისი თანხა არ გვქონდა.

დავწერეთ პროექტი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, გავიმარჯვეთ და გრანტი, რომელიც 12500 ლარს შეადგენდა, დიდი სტიმული იყო საქმის წამოსაწყებად.

ასე შეიქმნა „გარემო“, სადაც სახურავიც კი მხოლოდ მე და ვაკომ გადავხურეთ, მეგობრები დაგვეხმარნენ, სრულიად უცხოებმა კი დაგვასუფთავებინეს. მოკლედ ეს ადგილი ბევრი სიყვარულითაა შექმნილი.

- რას სთავაზობთ მომხმარებელს?

- ამ ეტაპზე ჩვენს სტურებს „გარემოში“ განთავსებას, საკარვე სივრცეს და რაჭის მასშტაბით ყველა სირთულის ტურს ვთავაზობთ. გვყავს დელიკა, რითაც ვემსახურებით ვიზიტორებს და ძალიან საინტერესო ტურებს ვაწყობთ.

ასევე დაახლოებით 2500 კვ,მ-ზე მოგვყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული, რომელსაც შესაბამის დროს აუცილებლად შევთავაზებთ მომხმარებელს. ალბათ ყველამ იცის, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რამდენად მნიშვნელოვანია ნატურაალური საკვების მიღება. იმედია კარგი მოსავალი გვექნება.

Garemo • გარემო-ს ფოტო.

- რომელ სეზონზე ურჩევდით დამსვენებელს რაჭის მონახულებას?

- სიმართლე გითხრათ ყველა სეზონი განსაკუთრებულად საინტერესოა. 1 წელია რაც გავიხსენით და უკვე ყველა სეზონზე მივიღეთ სტუმრები. როგორც ისინი ამბობენ, აქ ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს: ბუნების აყვავების პერიოდი, აბიბინების, მოსავლიანობის, მიძინების, შეფერადების, გათეთრების... როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ბედნიერებით არ გავსებდეს, მითუმეტეს, როცა შეგიძლია ეს ყველაფერი პაწუკა „გარემოში“ შეიგრძნო... სუსხიან ზამთარში ბუხართან მჯდომმა, სითბოში კი ჰამაკში მონებივრემ.

Garemo • გარემო-ს ფოტო.

- გახსნიდან დღემდე რა სიახლეები გაქვთ?

- ერთი პაწუკა კოტეჯი ავაშენეთ, რომელიც ექვს კაცზეა გათვლილი და ყველაფრით აღჭურვილი. სიახლეებს მომავალშიც აუცილებლად შევთავაზებთ დამსვენებლებს.

Garemo • გარემო-ს ფოტო.

მარიამ სოხაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“

სტარტაპი