2021-04-22

სვანეთში, პირველი სოციალური კაფე „სვანჰაუსი“ გაიხსნა. ის სოფელ ხაიშში მდებარეობს და  ორგანიზაცია „European endowment for democracy” მხარდაჭერით შეიქმნა.

როგორც მისი დაარსების ერთ-ერთი იდეის ავტორი და ორგანიზატორი - ანა ნიჟარაძე გვიყვება, „სვანჰაუსი“, სვანეთის რეგიონში, ძირითადად არაფორმალურ განათლებას გაუწევს პოპულარიზაციას.

მისივე თქმით, ხშირად იქნება შემეცნებითი და გასართობი სახის აქტივობები ყველა ასაკის ადამიანისთვის, თუმცა, ძირითადი აქცენტი, მაინც ახალგაზრდებზე გაკეთდება.

როდის და როგორ გაჩნდა იდეა, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე „მშობელს“ ანა ნიჟარაძე ესაუბრა.

“ინიციატივა ჩემი და ჩემი ბავშვობის სამი მეგობრისაა (ლუკა ზუმაძე, გიგა უდესიანი და ლევან ქობალია). ბავშვობიდან გვქონდა სურვილი, რომ მსგავსი სივრცე ყოფილიყო ჩვენს თემში, რადგან ახალგაზრდები სასიამოვნოდ და ამასთანავე პროდუქტიულად, სასარგებლოდ გაატარებდნენ თავიანთ დროს. ვხედავდით, როგორ განიცდიდნენ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები შესაძლებლობების ნაკლებობას, პირადად ჩვენც და აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ თემაზე ოცნება. ზრდასრულობის ასაკს რომ მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ ოცნება რეალობად გვექცია. საქართველოშიც ბევრი ორგანიზაცია, სტრუქტურა და გრანტი მოვიძიეთ, მაგრამ ვერ მოვარგეთ ჩვენს სასურველ პირობებს და მაშინ როცა ხელი თითქმის ჩაქნეული გვქონდა, გამოჩნდა უცხოური ორგანიზაცია, რომელსაც პროექტების თავისუფალი მიღება ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ მივხვდით ოთხივე, რომ ეს პროექტი პირველი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი ოცნების ახდენისკენ. დავიწყეთ 6 თვიანი ისტორია და 6 თვიანი ბრძოლა გამარჯვებისთვის. თავიდან ბოლომდე ჩვენ ოთხნი ვიყავით ამ ამბის მთავარი პერსონაჟები, თუმცა, თანდათან გამოჩნდნენ პარტნიორები განვითარებისთვის“.

ანა გვიყვება, რომ წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, მათ არასდროს დაუკარგავთ იმედი, იმედი თავიანთი ოცნების ასრულებისა. ყველა სირთულე და გამოწვევა მათთვის ახალი, უდიდესი ენერგიის და მოტივაციის წყარო იყო და ეს მათი მებრძოლი ხასიათის დამსახურებაა.

იყო სკეპტიკური დამოკიდებულება ადგილობრივებისგანაც, თუმცა, მათ ამის გადალახვაც შეძლეს.

„თავიდან როგორც ჩვენ, მათაც დაუჯერებლად ეჩვენებოდათ და ალბათ მართლებიც იყვნენ, არც ჩვენ ვიყავით დარწმუნებული იმაში, რომ ოთხ, 18 წლის ახალგაზრდას ევროპული ორგანიზაცია, ყოველგვარი დიდი გამოცდილების გარეშე, ამხელა პროექტს გვანდობდა, მაგრამ მათ ირწმუნეს ჩვენიც, ჩვენი ოცნებისა  და ჩვენი სურვილის, ახალგაზრდებისათვის საუკეთესო გარემოს შექმნის შესახებ. პროექტი ჩვენთვისაც წარმოუდგენელი შედეგით დასრულდა, თავი ზღაპარში გვეგონა. ბოლომდე არც ჩვენ გვჯეროდა, რომ მივიღებდით ამ დაფინანსებას. შემდეგ უკვე მერიასთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი და აქტიურად ვთანამშრომლობთ“.

ახალგაზრდები სამომავლოდ, უფრო დიდი პროექტების განხორციელებას, ახლა უკვე ახალ გუნდთან ერთად გეგმავენ.

„მსხვილი საგრანტო პროექტების აღებას ვგეგმავთ ახალგაზრდებთან ერთად, ოღონდ მოგვიანებით, როცა გამოცდილებას ავიმაღლებთ, მანამდე ყოველთვიურად ძალინ ბევრი მიმართულებით გვაქვს ტრენინგები დაგეგმილი. ასევე, მოწვეული გვყავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალგაზრდების ინტერესების ფარგლებში და ვფირობ, უფრო დეტალურად ყველა ღონისძიების შესახებ ინფორმაციას აუდიტორია  ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან - "სვანჰაუსი" მიიღებს“.

 

ირაკლი შარია, სპეციალურად "მშობელისთვის"

სტარტაპი