2019-10-20

ვამბობთ, რომ სასწაულები არ ხდება, თუმცა ყველაზე დიდი სასწაული გაუცნობიერებელი გვრჩება. დედობა იმდენად ბუნებრივი გვეჩვენება, სასწაულის მნიშვნელობა დავუკარგეთ. რას აღარ ვარქმევთ - ბედნიერებას, სიხარულს, მადლს, პასუხისმგებლობას, გმირობას... თუმცა დედობა, უპირველესად, სასწაულია  - ატარო შვილი შენი სხეულით.

და რას იტყვით სამი ტყუპის დედობაზე? - ალბათ ნამდვილი სასწაულია არა?! - „მშობელი“ სწორედ ერთ-ერთი ასეთი სასწაულის გმირებს გაგაცნობთ.

მაია ჯიშკარიანმა და ალექსანდრე კავილაძემ ერთმანეთი სტუდენტობის წლებში გაიცნეს. მაია ფსიქოლოგია, ალექსანდრე კი ქვეყანის სამხედრო სამსახურშია.

მალევე დაქორწინდნენ. ჯვრისწერაზე მათ გვერდით ვიდექი მათი ერთობის მოწმედ. მოწმედ, მათი სიყვარულის, მღელვარების, იმედებისა და სიხარულისა. მაშინ მხოლოდ თუ ვოცნებობდით, რომ ოჯახი, რომელიც შეიქმნა, ნამდვილი ბედნიერების სიმბოლოდ იქცეოდა.

ორი წლის შემდეგ პირველი შვილი, მამას "ნებიერა" ანამარია დაიბადა. მისი დაბადება წყვილის ცხოვრებაში ახდენილი ოცნება იყო. ანამარია და ალექსანდრე (მამა) "ძმაკაცები" არიან. დედიკო მაია კი კეთილი ფერია, რომელიც თავის პრიცესას თავისი ხელით ათასფერ, საოცარ კაბებს უკერავს.

ანამარიას დაიკო უნდოდა, თუმცა დედიკომ და მამიკომ ერთდროულად სამი ძმა აჩუქეს.

წყვილმა მეორე შვილის მოლოდინის დროს შეიტყო რომ მაია ტყუპებს ელოდებოდა. ტყუპები ოჯახში არ უკვირთ, რადგან მაიას დებიც ტყუპები არიან და ალექსანდრეს ძმასაც ტყუპი გოგო-ბიჭი ჰყავს.  მაგრამ მათ არა ორი, არამედ ერთდროულად სამი ტყუპი ეყოლათ.

მაია მაშინ მწერდა რომ ძალიან დააბნია ერთდროულად სამი შვილის მოლოდინმა. პირველ ემოციას - უსაზღვრო სიხარულსა და ბედნიერებას - დიდი პასუხისმგებლობა და შიში მოჰყვა.

"ყველა ემოცია ერთდროულად მოვიდა - სიხარული, ბედნიერება, სიამაყე - ჩემი სიყვარული სამ ბიჭს ერთად მაჩუქებდა, უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ორსულობის სირთულეები - ძალიან დავიბენით“, - ამბობს ალექსანდრე.

ორსულობას სირთულეები ნამდვილად მოჰყვა. მაიას წოლითი რეჟიმი, მუდმივი სამედიცინო კონტროლი და ექიმების მკაცრი მეთვალყურეობა დასჭირდა.

წყვილი მაშინ სენაკში ცხოვრობდა, ორსულობის პერიოდის გართულებების გამო კი თბილისში, სახლსა და ღუდუშაურის კლინიკას შორის მოუწიათ თანაცხოვრება.

პირველი ორსულობისგან განსხვავებით, მეორე ძალიან რთული აღმოჩნდა. დიდი ძალისხმევით ტყუპების შენარჩუნება მოხერხდება. მაია ფიზიკურად და ემოციურად გადაიღალა.

შვილების გულში ჩაკვრის მოლოდინით ყველაფერს უძლებდა და უძლებდა ნამდვილად გმირულად. უძილო ღამეები, დაძაბული დღეები, ყოველი კონტროლის გამუდმებული შიში. ფიზიკურად შეუძლებელი გახდა პირველი შვილზე ზრუნვა,ამას კი ემოციური ფონი, მისი მონატრება ემატებოდა. თვითონ ანამარიას კი ყველაზე მეტად ის ადარდებდა, რომ დედიკოს კარგად ვეღარ ეხუტებოდა და მოუთმენლად ელოდებოდა "ახალ ბავშვებს".

რვა თვიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ, სამი ბიჭი - მათე, სანდრო და გაბრიელი დაიბადა.

ბავშვებს გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში მოუწიათ დარჩენა. ორსულობაზე რთული ეს პერიოდი აღმოჩნდა. საკუთარ შვილებთან ვერ ყოფნა წყვილს უფრო გაუჭირდა.

ერთი თვის შემდეგ ოჯახი შინ ოთხი შვილით დაბრუნდა და ყველაფერი შეიცვალა.

"ჩვენი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა ანამარია დაიბადა. სახლში, ჩვენი ოქროს კულულებიანი პრინცესა, ბედნიერება გაჩნდა. ორივესთვის მთავარი საზრუნავი იყო და თანაბრად ვინაწილებდით მასზე ზრუნვას. ახლა კი სამ ბავშვს ერთდროულად სჭირდებათ ჭამა, ჩაცმა, დაბანა. ტყუპების სპეციფიკა ზუსტად ეს არის - ყველაფერი ერთდროულად უნდათ, აწუხებთ თუ უახარიათ. მაგალითად, ახლა ერთს ცხვირი ჰქონდა გაჭედილი, ვიდრე ექიმს ვესაუბრე, აღმოვაჩინე რომ ორივეს იგივე პრობლემა ჰქონდა. ერთნაირი დანიშნულება აქვს სამივეს. აუცილებლად ერთდროულად უნდა ჭამონ, ერთდროულად დაიძინონ და გაიღვიძონ. ალეკო მუშაობს, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის სამი ბავშვის ასეთ რეჟიმში მოვლა შეუძლებელი აღმოჩნდა " - გვიყვება მაია.

"ნამდვილად აუღწერელი ბედნიერებაა სახლში დაბრუნება და ჩემს ხუთ სიყვარულთან შეხვედრა. მაია სასწაული ენერგიის პატრონია. ახერხებს სამივე ბავშვი ერთად დააძინოს. არასოდეს აგრძნობინებს მათ რომ დაღლილია. ხშირად სკამზე ეძინება, მაგრამ შვილებისთვის დრო და ენერგია სულ აქვს. ყოველთვის ასეთი დედა იყო - შეუდარებელი. მადლობის გადასახადელად მთელი ცხოვრება არ მეყოფა", - ამბობს ალექსანდე.

როგორ ართმევ თავს-მეთქი, ვკითხე მაიას. ერთი ხელით შენ გწერ, მეორე ხელით ვჭამ, ფეხით კი საწოლს ვარწევო მიპასუხა.

როცა სამივეს აძინებს, ორი ხელში უჭირავს, მესამე საბავშვო ეტლში და სიმღერით დასტრიალებს ეტლს.

ამბობს, რომ ყოველი დღე ასე - ახალი საოცრებებისა და შესაძლებლობებს აღმოჩენაში გადის.

მაიას შეუძლია სამი ბავშვით ხელში, მეოთხეს ეთამაშოს. საჭმელი მოამზადოს, როცა ფეხით საწოლს არწევს, ანამარის კაბა შეუკეროს, როცა ტყუპებს სძინავთ, სკამზე  გამოიძინოს  ათ წუთში, სამი ბოთლი საჭმელი ერთი ხელით ეჭიროს, მეორე ხელით სხვა რამ აკეთოს. მაიასთვის მთავარია მისმა შვილებმა არ იგრძნონ მისი გადაღლილობა. მთავარია, ბავშვების დედისგან პოზიტიურ ენერგიას იღებდნენ, რომ მათი ყოველი დღე სიხარულით და ბედნიერებით იყოს სავსე.

მაიას შესაშური ნებისყოფა მის პროფესიას მივაწერე. მითხრა რომ პედაგოგის გამოცდილება და ფსიქოლოგია ეხმარება, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა მის შვილებშია. ისინი აძლევენ ენერგიასაც, სიყვარულსაც და ბედნიერებასაც, რომელსაც დაღლილობა, შექმნილი პრობლემები და სირთულეები ვერ გადაწონის.

ძმებზე თავისებურად ზრუნავს ანამარიაც. მართალია, დედიკო ცდილობს ის თავის ბავშვურ გატაცებას - თამაშს არ მოსცდეს, მაგრამ თხოვნის შემთხვევაში ურწევს საწოლს და ეფერება, როცა ტირიან. ანამარიამ იცის, რომ დედიკოს ორი ხელი აქვს და სამ ძამიკოს ერთად ვერ მოეფერება. არც ერთი ძამიკო არ ეთმობა და ყველა მისია.

მაიას თქმით, ყველაზე მეტად ალექსანდრე ეხმარება. ალბათ ეს არის ოჯახი - ერთობა, რომელიც, რაც მეტი წევრია, უფრო მყარია.

ოჯახს შეექმნა ფინანსური კრიზისიც. მართალია არ სურთ ამაზე ლაპარაკი, არავის აწუხებენ, მაგრამ ორსულობის პირველი თვეებიდან მოყოლებული, სამედიცინო მომსახურების ხარჯები ოჯახის შემოსავალს გასცდა. მხოლოდ ალექსანდრე მუშაობს. მაიას, რომელიც სპეც-პედაგოგად მუშაობდა, სამსახურიდან წამოსვლა მოუწია. ბავშვებისთვის აუცილებელი  საკვები და პამპერი - სულ ეს არის რასაც ალექსანდრეს ხელფასი სწვდება. ძიძის აყვანის საშუალება არ აქვთ. რეგულარული დამხმარეც არავინ ჰყავთ. დროებით მაიას დასთან ცხოვრობენ, რომელსაც თავადაც პატარა ჰყავს.

 

ელისო კავილაძე, სპეციალურიად „მშობელისთვის“

 

დედებისთვის