„მშობელი“ წარმოგიდგენთ 10 შვილის დედას - თეა ხომერიკს, რომელიც 22 წლის დაოჯახდა, ახლა კი 43 წლის ასაკში 10 შვილის დედაა. როგორც თეა ჩვენთან საუბარში ყვება, ოჯახის მთავარი შემოსავალი მეუღლის ხელფასია, რომელიც 2000 ლარს შეადგენს და წელიწადში ორჯერ სახელმწიფოსგან იღებს 1000 ლარიან დახმარებას.
„ვარ 43 წლის. უფროსი შვილი თბილისში, სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობს, მესამე კურსზეა. სულ პატარა 2 წლისაა. ერთი შვილი - გიორგი, ფარული გულის მანკით დამეღუპა. სახეზე მყავს ათი შვილი. პროფესიით ფიზიკოსი ვარ, მაგრამ არ მიმუშავია ამ დარგში. ვარ დიასახლისი. როცა დავოჯახდით 22 წლის ვიყავი, მუღლე 27-ის. ის თავიდანვე იყო და ახლაც ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ღვთის წყალობით, უფროსი შვილები მალე წამომეზრდებიან და შეეხიდებიან მამას“.
10 შვილისა და ოჯახის სხვა საქმეებზე ზრუნვის პარალელურად, თეას არც საკუთარი თავის მოვლა ავიწყდება და მუდმივად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდეს.
„ჩემი თავის მოვლა იწყება ჩემი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნვით. შვილებს ჯანმრთელი ვჭირდები! ჭარბი წონა ჩიყვმა გამოიწვია. გაზაფხულზე ოპერაცია გავიკეთე და ახლა ვცდილობ წონაში დავიკლო, რომ სხვა რამემ არ შემაწუხოს. პირველ რიგში ჯანმრთელი კვებაა საჭირო, ფიზიკურად აქტიურები უნდა იყო. მრავალჯერადი მშობიარობა კი არ აუძლურებს, პირიქით აახალგაზრდავებს!“
ალბათ საინტერესოა ის ფაქტი, რომ თეა კიდევ გეგმავს შვილების გაჩენას.
„შვილია ყველა ქალისთვის მთავარი ბედნიერება და სიმდიდრე! ეს უფლის სასწაულია, რომელზეც უარი არ უნდა თქვა! თუ ამას გაითავისებ, აუცილებლად გააჩენ! თუ უფლის ნება იქნება აუცილებლად კიდევ გავაჩენ. მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ბინაც არ გვქონდა. უფლის წყალობით რაც მოვიპოვეთ, ჩვენი შრომის და ნებისყოფის შედეგია“.
თეას ყოველი დღე შვილებზე ზრუნვით იწყება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სოციალურ ქსელებში აქტიურობასაც ახერხებს.
„ჩემი ყოველი დღე თითქმის ერთნაირია საზრუნავით, საქმით და იმედით სავსე! დილით შვიდი მოსწავლე სკოლაში მიდის, ერთი ბაღში. მე და ნიკოლოზი სახლში ვრჩებით. ვალაგებთ და სადილს ვამზადებთ. შუადღისკენ ნელ-ნელა ბავშვებიც მოდიან სკოლიდან. სკოლოს გარდა მუსიკაში, სტუდიაში და ცეკვაში დადიან. უფროსი (მეორეშვილი) აბიტურიენტია და ემზადება. ექვსის მერე თითქმის ყველა სახლშია. მე რა თქმა უნდა, მთელი დღე არ ვჩერდები, საღამოს კი ნიკოს რომ დავაძინებ, ფეისბუკში (ტელეფონით) ვძვრები და განტვირთვას ვაკეთებ“.
ვფიქრობ, თეა სტიმულია ბევრისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას და მის მდიდარ ოჯახს.