ქალების უმეტესობა, ოჯახის შექმნის შემდეგ თავს ანებებს საყვარელ საქმიანობას და მთელ თავის დროს ოჯახს უთმობს. ხშირ შემთხვევაში ისინი ვერ ან არ აგრძელებენ საკუთარ საქმეს, „მშობელი“ ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოჯახის შექმნისას საყვარელი საქმიანობისთვის თავის დანებება, ზოგ შემთხვევაში ძალიანაც სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ საყვარელ საქმიანობაზე უფრო საყვარელი და მნიშვნელოვანი საქმიანობა შვილების გაჩენა, მათი მოვლა და ოჯახური ურთიერთობებია.
„ეს დამოკიდებულია პიროვნებაზე, მის თავისებურებებზე, როგორ აღიზარდა, რა გარემოში, რა წარმოდგენები აქვს, რა მოდელები. ეს მდგომარეობა თუ მისთვის მისაღები და სასურველია, მაშინ ჩვენ ვერ მოვახდენთ მათზე ზეწოლას და ვერ ვეტყვით, რომ ოჯახი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი საყვარელი საქმიანობა, კარიერა და თავი მიანებოს. მოკლედ, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მთავარია ამ არჩევანს რა განაპირობებს. ამ არჩევანში რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებას, მეუღლეს თუ სხვა რაიმეს. თუ არ არის ზეწოლა, მაშინ ადამიანი იქცევა ისე, რისთვისაც მზად არის, რისთვისაც მომწიფებულია. იქცევა ისე, როგორც თავად სურს და ეს ნორმალურია. საოცნებო შეიძლება არ იყოს, მაგრამ იქნება სასურველი. პრინციპში უკეთესზე რაზე უნდა ვიოცნებოთ. ადამიანისთვის ის არის საუკეთესო და საოცნებო, რაც მას პირადად შეუძლია და სურს“.
ფსიქოთერაპევტი თვლის, რომ თუ ამ საკითხს პრობლემად მივიჩნევთ და არა ქალის, დედის არჩევანს, მაშინ პრობლემა არის ერთის მხრივ საზოგადოებაში, რომელიც არ ითვალისწინებს ახალგაზრდა ქალის სურვილებს, ინტერესებს და მხოლოდ მისი გადმოსახედიდან გეგმავს, საზღვრავს, მოითხოვს.
„ანუ, საზოგადოების მხრიდან სხვისი ინტერესის ნაკლებად გათვალისწინება არის ერთგვარი ძალადობა. მეორეს მხრივ პრობლემა არის ქალბატონში, რომელმაც შექმნა ოჯახი და არ იყო საკმარისად მზად იმ პოზიციაში, რომლის შენარჩუნებაც სურდა. არიან ადამიანები, ვისაც არ სურთ კარიერის შექმნა და ეს არ განიხილება პრობლემად. მაგრამ თუ ადამიანს სურდა და ვეღარ ახერხებს, პრობლემა იმაშია, რომ ურთიერთობის დასაწყისში არ არის საკმარისად ძლიერი საკუთარი პოზიციის შენარჩუნებაში, არ არის საკმარისად ფესვებგადგმული თავის საქმეში“.
დავით ანდღულაძე არ თვლის, რომ ადამიანმა თავი უნდა მიუძღვნას ვინმეს ან რამეს.
„ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გეზი უნდა იყოს პიროვნული განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს ზრდას დედობაშიც, მეუღლეობაშიც, მოქალაქეობაშიც, იმ პროფესიაშიც, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ოჯახი რა თქმა უნდა წარმოადგენს პასუხისმგებლობას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უფაქიზესი, მოსაფრთხილებელი და საკმაოდ დიდი ტვირთიც არის და თუკი ადამიანი ახერხებს ოჯახის პარალელურად სამსახურს, კარიერას, პიროვნულ განვითარებას, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. თუკი ვერ ახერხებს, მაშინ მან უნდა განსაზღვროს პრიორიტეტი, რისთვის უფრო არის მზად, რისკენ აქვს უფრო მეტი მიდრეკილება თავისი შესაძლებლობებიდან, თავისი მონაცემებიდან გამომდინარე. მაგრამ რადგან ოჯახი არის დიდი პასუხისმგებლობა, ქალმა უარი თქვას სხვა დანარჩენზე - ეს არასწორია. მაშინ მამაკაცმაც უარი უნდა თქვას და მხოლოდ ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე იზრუნოს. სხვა დანარჩენი არ უნდა აინტერესებდეს. აქედან გამომდინარე, ქალს და კაცს თანაბარი უფლებები და შინაგანი მოვალეობები გააჩნიათ, იზრუნონ პიროვნულ ზრდაზე, რაც სხვადასხვა მიმართულებით ხდება, კარიერაში, ოჯახში და ა.შ“.
რჩევა: „ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვასწავლოთ ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობა, ისწავლონ გარემოსთან ისეთი ურთიერთობა, სადაც არ დაზარალდებიან და გაიზრდებიან, როგორც პიროვნებები. პოზიციის შენარჩუნების შესწავლა თვითშემეცნების პროცესში და ნების შესაბამისი აქტივობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რასაც გამოსავალი ჰქვია. ვურჩევ დაფიქრებას, გააზრებას მოცემულ სიტუაციაში როგორ შეუძლია იმოქმედოს. ზოგადი რჩევა არ არსებობს, მაგრამ ყოველ კონკრეტულ ინდივიდს მოცემულ სიტუაციაში შეუძლია განსაზღვროს რისი შეცვლა სურს დღეს, როგორია მისი შესაძლებლობები, ინტერესები, მისწაფებები და ა.შ. სხვადასხვა იქნება რჩევა, სხვადასხვა იქნება გზა. მთავარია დაფიქრდეს, დღეს განსაკუთრებულად მავნე რა არის მისთვის და ამის საწინააღმდეგოდ რა უნდა მოიმოქმედოს“.
მოამზადა სალომე ქიტიაშვილმა