
ლაილაში, ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ლეჩხუმში. ისტორიული წყაროების თანახმად, ის ადრე ქალაქად იწოდებოდა და ლეჩხუმის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ნახავთ ებრაულ სინაგოგას, სომხურ მეჩეთსა და წმინდა გიორგის ეკლესიას.
ბოლო დღეებში, სოფლის მიმართ ყურადღება, უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა მიიპყრო, თუმცა, ეს ადგილი სხვა დროსაც იმსახურებს ყურადღებას, ისევე, როგორც მთლიანი ლეჩხუმი.
„მშობელი“, დღეს, ლაილაშის ერთ-ერთ უძველეს მკვიდრზე, მამუკა ელიანოვის ოჯახზე მოგიყვებათ, რომელმაც რთული კლიმატის მიუხედავად, არ დატოვა ლაილაში და დღეს, საკუთარი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში.
როგორც „მშობელს“ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ ყუბუსიძე უყვება, ელიანოვების ოჯახი, უკვე ათი წელია ტურისტებს ემსახურება, თუმცა ბიზნესის გაფართოება მას შემდგ დაიწყეს, რაც ახალგაზრდებმა დედაქალაქიდან სოფელში დაბრუნება გადაწყვიტეს.
„კოტეჯი ლაილაში“ - ასე ქვია ადგილს, რომელიც ახლა უკვე უამრავი სტუმრის საყვარელი ლოკაციაა.
„ჩვენი ოჯახი, ტურისტებს, დაახლოებით 10 წელია მასპინძლობს, თუმცა მოთხოვნის გაზრდამ, ბიზნესის გაფართოებაზე დაგვაფიქრა. სოფელში დავბრუნდით და კოტეჯის მშენებლობა დავიწყეთ. ვმასპინძლობთ, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს, ვაცნობთ ლაილაშის ისტორიულ ადგილებს, რომელიც ძალიან საინტერესოა და სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. ტურისტებს ვაგემოვნებინებთ ქართულ კერძებსა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის ღვინოს, რომელსაც თავად ვაწარმოებთ. ასევე გვაქვს თაფლი, რომლითაც სტუმრებს ვუმასპინძლდებით და სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ შეიძინონ“.
კითხვაზე, თუ რა სახის დახმარება მიიღეს ბიზნესის გაფართოებისთვის, 25 წლის მარიამი გვიყვება, რომ „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
„მშენებლობის დაწყებისას მონაწილეობას ვიღებდი „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში, სადაც 30 ათასი ლარის დაფინანსება მოვიპოვეთ. გასულ წელს კი, ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით, ინოვაციების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსით, ღვინის წარმოებისათვის საჭირო ინვენტარი შევიძინეთ. ევროპის ფონდმა შეწყვიტა და მეორე წელია, არანაირი დაფინანსება აღარ არის. რაც შეეხება ფიზიკურ სამუშაოებს, მეუღლე და მამამთილი ხეზე მუშაობენ და მათ აწარმოეს“.
აღსანიშნავია, რომ მარიამი, საოჯახო ბიზნესში, 20 წლიდან ჩაერთო, შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, თუ არიან სხვა ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმებული და რა პოტენციალი აქვთ მათ.
„როგორც ყველა სოფელში, ჩვენთანაც ახალგაზრდების ნაკლებობაა, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენ გვაქვს მსგავსი ობიექტი, რამდენიმე დაწყებული მშენებლობაა, რაც ძალიან გვახარებს. თუ ახალგაზრდებს მხარდაჭერა ექნებათ, სოფელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, როგორც სამეურნეო კუთხით, ისე ტურისტული. ასევე კარგი იქნება, თუ აქაც მოეწყობა ისეთი ტურისტული ობიექტები, როგორიც, მაგალითად, რაჭაშია“.
ყოველივე ზემოთხსენებულთან ერთად, მარიამს ერთი დიდი საქმეც აქვს, ის 4 წლის მართას და 2 წლის ვივიანას დედაა.
„თვეების იყვნენ პირველად რომ წავიყვანე სოფელში, ამ გრაფიკში გაიზარდნენ და თითქოს შეჩვეულებიმარიან, მათთან ერთად, ხელი არაფერში მეშლება, მეუღლესთან ერთად ვინაწილებ როგორც შვილების, ისე საოჯახო ბიზნესის საქმეებს“.

აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, კოტეჯ „ლაილაშის“ შვილობილი კოტეჯი, რომელიც მამამ და ბაბუამ, მართა და ვივიენისთვის ააშენა.
„მართას მოსწონდა როცა კოტეჯის მშენებლობას უყურებდა და ამბობდა, რომ მასაც უნდოდა ესეთი პატარა, ბაბუამ და მამამ კი ეს ტრიალა სახლი მოუწყვეს, რომელშიც უკვე აქვს უამრავი მოგონება“.
და ბოლოს, აქვე გაგიზიარებთ ელიანოვების ხის ვიდეოს, რომელიც ასევე ოჯახის უფროსმა დარგო და შექმნა.
“2 პატარა ცაცხვის ხეა ერთმანეთზე შეზრდილი, ტოტები აქვს აივნის მსგავსად დაბწნილი. გათვლა იყო მშვიდი დასასვენები ადგილის მოწყობა. დაახლოებით, 18 წლისაა. პატარა ნერგები იყო, როცა დარგეს, მას შემდეგ ნელ-ნელა, ასეთ ფორმას ვაძლევდით“.
სპეციალურად "მშობელისთვის" ირინე არდაშელია