2019-10-29

სახელმწიფო სამსახურის, ხელნაკეთი სამკაულებისა და ქსოვის შემდეგ, მორიგი ასრულებული ოცნება - "ოსურაიდა“ - ცხინვალის გემო.

„მშობელის“ მკითხველი მიო გაზაშვილს უკვე იცნობს, თუმცა ახლა ის მკითხველთან, სულ სხვა ამპლუაში წარსდა. მიო გაზაშვილი - ''ოსურაიდას'' დამფუძნებელი და მთავარი მზარეული.

„ოსურაიდა“ პატარა საცხობი და ღია კაფეა, რომელიც თბილისში, ქალაქის განაპირას მდებარეობს. სტუმრებს აქ ნამდვილ ოსურ გემოს სთავაზობენ.

როგორც „მშობელს“ მთავარი მზარეული გვიყვება, „ოსურაიდა“ მისი დიდი ხნის ოცნება იყო და 2019 წლის 1 აგვისტოდან უკვე ასრულდა.

ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და უკვე პრაქტიკაში განვახორციელე. დედაქალაქის განაპირას, გლდანის რაიონში გავხსენი პატარა საცხობი და ღია კაფე. მთავარი მიზანი, გარდა იმისა, რომ უნდა გამომცხვარიყო ოსური ხაჭაპური, გახლდათ ის, რომ ყველას და, განსაკუთრებით, ჩემთვის ძვირფას ორ ერს - ქართველებს და ოსებს ჰქონოდათ, თუნდაც ''გამარჯობის'' დონეზე შეხვედრის ადგილი.

''ოსურაიდელებს'' წარმოვადგენთ ქართლელი ოსები და სამაჩაბლოელი ქართველები. ყველაზე გემრიელი კოლაბორაცია გამოგვივიდა.

ყოველ დილას პროდუქტს პირადად სათითაოდ ვარჩევ და ვიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ძველ, ტკბილ დროს ცხინვალში დავდიოდით - ნამდვილი, საოჯახო, მადლიანი და ბარაქიანი ოსური ხაჭაპური.

იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, მოსვლისთანვე სვამდნენ კითხვას: ''ნამდვილად ოსურია?'' ''როგორი ყველით ამზადებთ?'' და ა.შ.  მცირე დრო არ დასჭირვებია სამი სახეობის ოსური ყველის ძებნას, მაგრამ ესეც გამოგვივიდა და მართლა მივედით შედეგამდე - ცხინვალის გემო. უფრო სასიამოვნოა, რომ სწორედ ცხინვალელი სტუმრები აღნიშნავენ ამ ფაქტს.

უკვე ბევრი ახალი მეგობარი შეგვძინა ''ოსურაიდამ'', ვგეგმავთ გაფართოებას, ვამატებთ ტრადიციულ, ოსურ კერძებს და ჩვენს პატარა წვლილს აუცილებლად შევიტანთ ძველის გახსენებისა და ახლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში.

 

ძველი მასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე

 

სპეციალურად "მშობელისთვის"

წარმატების ფორმულა