2021-03-25

28 წლის ნადია ბერიძე პირველი და ერთადერთი ქალი მძღოლია საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში.

ნადია საჩხერეში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ პერევიდან რამდენიმე კილომეტრში დაიბადა და გაიზარდა. 16 წლის იყო, როცა აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანები ნახა და სამხედრო სამსახურიც პირველად აზრად მაშინ მოუვიდა.

„ამ ხალხის მდგომარეობა თვალებიდან დღემდე არ ამომდის. ფორმის ჩაცმა და წასვლა მომინდა, ოღონდ სად, კარგად არც ვიცოდი. წლების შემდეგ კიდევ უფრო დავაფასე ისინი, ვინც თავდაცვის ძალებში მსახურობენ და ქვეყნის სადარაჯოზე დგანან. საკუთარი მცირე წვლილი შეტანა საქართველოს გამთლიანებაში მეც მსურს. ამაყი ვარ, რომ ფორმა მაცვია და ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ“, - ამბობს ნადია.

ნადია პირველი კლასის რიგითია. ჰყავს მეუღლე, რომელიც ასევე მის ნაწილში მსახურობს და 2 შვილი. სამხედრო მანქანას ყოველდღიურად მართავს და თითქმის ყოველდღიურადვე აწყდება გაოცებას - რატომ ზის ქალი სამხედრო მანქანის საჭესთან? თუმცა, აღნიშნავს, რომ მის საქმიანობასთან დაკავშირებით აღფრთოვანებაც ხშირია და ეს განსაკუთრებულ მოტივაციას აძლევს.

„დღესდღეობით შეიარაღებულ ძალებში უკვე საკმაოდ ბევრი ქალი მოდის, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა, ამ მიმართულებით კვლავაც ბევრია გასაკეთებელი. მინახავს ქალი სამხედროები, რომლებსაც რადგან ქალები არიან, საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის უფრო მეტი ბრძოლა მოუწიათ“, - გვიყვება ნადია.

მისი გეგმა კარიერული წინსვლაა.

„ვეცდები, მიზანს მივაღწიო თუნდაც იმიტომ, რომ ქალი ვარ და იმავე უფლებებითა და შესაძლებლობებით დავიბადე, როგორებითაც კაცი“, - ამბობს ნადია.

 

წყარო: UN Women Georgia

 

წარმატების ფორმულა