2020-07-23

„წარმატების მთავარი ხაზი პროფესიულ  კომპეტენციაზე გადის, რომელიც  საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას მოაქვს, მითუმეტეს ჟურნალისტიკაში“ - რუბრიკის „წარმატების ფორმულა“ დღევანდელი სტუმარი ჟურნალისტი თელარა გელანტიაა. ზოგისთის ნაცნობი და ბევრისთვის უცნობი დეტალები ჟურნალისტის ბავშვობიდან დღემდე... რატომ დაარქვეს თელარა, როგორ აირჩია პროფესია, რა გზა გაიარა იქამდე და რას ურჩევს მომავალ ჟურნალისტებს, „მშობელს“ თელარა გელანტია მოუყვება.

- დავიწყოთ თავიდან - ბავშვობა, სკოლა... ვინ არის თელარა გელანტია, როგორი იყო და თუ შეცვლიდით იმ პერიოდიდან რამეს?

- თელარა გელანტია არის ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი არა-ჩვეულებრივი სახელით, რადგან საქართველოში სეხნია არ მყავს და სხვათა შორის, ძალიან მომწონს ეს, ამიტომ ტრადიციული მადლობა ბებოს, რომელმაც ასე იზრუნა ჩემზე (თელარა მეგრული სახელი არაა, როგორც ბევრს ჰგონია-ხოლმე, რადგან მეგრელები გამოვირჩევით „უცხო“ სახელებით. მე წალენჯიხიდან (სამეგრელო) ვარ. შესაბამისად, სკოლაც იქ დავამთავრე. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. არც რეპეტიტორებთან მივლია, ეს მაშინ დიდად ტრენდული არც იყო და თან არც მჭირდებოდა. კლასში სულ 9 მოსწავლე ვიყავით; მასწავლებლები მაქსიმუმს გასცემდნენ და მეც „ვისრუტავდი“, მაგრამ დღეს მგონია, რომ მეტი შემეძლო, უფრო სწორედ, ახლა რომ ვიყო მოსწავლე, უკეთეს საშუალო განათლებას მივიღებდი იქიდან გამომდინარე, რის საშუალებასაც დღევანდელობა იძლევა, როცა ინტერნეტი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია რეგიონებშიც და ა.შ.

2004-2006 წლებში კი, როცა დამამთავრებელ კლასში ვიყავი, მახსოვს 1 უზარმაზარი კომპიუტერი გვქონდა; თუ სწორად მახსოვს, ინტერნეტზე წვდომის გარეშე და ინფორმატიკის მასწავლებელი გვიხსნიდა, რა იყო ეს და როგორ უნდა გამოგვეყენებინა... მოკლედ, ბევრი რომ არ ვწერო, ეს ყველაფერი ხომ 15 წლის წინ იყო და თითქოს არც ისე დიდი დროა გასული, მაგრამ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, ალბათ წალენჯიხაში დღევანდელ პირველკლასელებსაც კი გაეღიმებათ, მაგრამ ასე იყო ეს ამბავი.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც დღეს რომ მოსწავლე ვიყო, სხვანაირად მივუდგებოდი, უცხო ენებისადმი დამოკიდებულებაა. სკოლაში რუსულს და გერმანულს ვსწავლობდი. მაშინ ინგლისური ენა ასეთი მოთხოვნადი არ იყო. რაიონში ინგლისურის მასწავლებელიც არ იყო ბევრი, ამიტომ სკოლის შემდეგ დავიწყე სწავლა და ვსწავლობ და ვსწავლობ... ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ინგლისური ყველაზე, ყველაზე მთავარია დღეს რა პროფესიისაც არ უნდა იყოთ ან რა პროფესიას არ უნდა ირჩევდეთ, რადგან ბიოლოგობა გინდათ, თუ - მხატვრობა, თუ - ჟურნალისტობა, აუცილებლად დაგჭირდებათ ინფორმაცია და აბა,  უცხო ენის გარეშე რას გავიგებთ? - ვერაფერს.  

- ჟურნალისტობა ახსენე... რატომ აირჩიე ეს პროფესია და რამდენად გააზრებული იყო ეს არჩევანი?

- გულწრფელად რომ ვთქვათ, კონკრეტული პასუხი არ მაქვს... ახლა რომ ვიხსენებ, სკოლაში, რადგან სიმღერის ნიჭი არ მქონდა, მახსოვს, ძირითადად, ღონისძიებების წამყვანი ვიყავი-ხოლმე და ლექსებს ვკითხულობდი. მეგონა ეს რაღაცით ჰგავდა ჟურნალისტიკას... შემდეგ უკვე 2003 წელს „ვარდების რევოლუციამ“ ითამაშა გარკვეული როლი, ვუყურებდი რა, მედია როგორ მუშაობდა და იყო იმ ცვლილებების შუაგულში... სვამდა კითხვებს და ა.შ., მაგრამ ჟურნალისტობის სურვილს, მგონი, უფრო გულში „ვიკლავდი“ და ე.წ. მეგობრობის დღიურებში კითხვაზე - „პროფესია, რომელსაც აირჩევთ“, პასუხად ძირითადად ვწერდი, რომ ექიმობა მინდოდა და ამის მიზეზი ცნობილი სტერეოტიპი იყო - თუ ყველა საგანს „ხუთებზე“ სწავლობ, შენ შეძლებ გახდე ექიმი... მაგრამ როცა გადაწყვეტილების მიღების დროს დადგა და ერთიანი ეროვნული გამოცდები 7 არჩევანის საშუალებას გვაძლევდა, 4 სხვადასხვა პროფესია ჩავწერე -  ჟურნალისტიკა და იურიდიული, რადგან ადვოკატობაზეც მეფიქრებოდა და ამ ორ პროფესიას ვამსგავსებდი ერთმანეთს, ასევე ეკონომიკური მეცნიერებები და ფილოლოგია ანუ თუ ყველაზე მოთხოვნად ფაკულეტეტებზე ვერ „გავქაჩავდი“ ეს „სოფლელი ბავშვი“, ფილოლოგიაზე ნაკლები კონკურსი იყო და თან განსაკუთრებით მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ „სოფლელმა ბავშვმა“ ჩააბარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის სპეციალობით, ნაწილობრივი გრანტით. შემდეგ ამავე უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურაც პოლიტიოლოგიის მიმართულებით 100%-იანი დაფინანსებით. დღეს კი ვარ ჟურნალისტი და აგერ უკვე მე-10 წელია, მხოლოდ ეკონომიკა-ბიზნესის სფეროს ვაშუქებ და ვწერ....

- ხშირად გვსმენია, რომ სტუდენტობის პერიოდში სამსახურის დაწყება, სწავლას ხელს უშლის. ეთანხმები თუ არა მოსაზრებას შენი გამოცდილებიდან გამომდინარე?

ალბათ პროფესიასაც გააჩნია, მაგრამ ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა ის სპეციალობაა,  რაც მალე დაიწყებ მუშაობას, მით - უკეთესი. უფრო მეტიც, დღეს რომ ვაბარებდე ერთიან ეროვნულ გამოცდებს, პრიორიტეტად ეკონომიკურ მეცნიერებებს ავირჩევდი, მაგრამ ვიმუშავებდი ჟურნალისტად. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ 4 წელი ნამდვილად არ სჭირდება ჟურნალისტიკის, ჟურნალისტური ოსტატობის სწავლას. რამდენიმეთვიანი კურსი ან მაქსიმუმ 1 წელი, ვფიქრობ, საკმარისია.. ან კარგი იქნება თუ პირველი კურსის შემდეგ, შედარებით ვიწრო სპეციალიზაციით წავლენ სტუდენტები და მათთვის საინტერესო მიმართულებებში დასპეციალიზირდებიან. მაგალითად, მე ეკონომიკას და პოლიტიკას ავირჩევდი და ეს დამეხმარებოდა იმაში, რომ უკვე უნივერსიტეტშივე მექნებოდა ის საბაზისო ცოდნა ეკონომიკაზე, რისი სწავლაც მუშაობის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ტრენინგებზე და ა.შ. გზადაგზა მომიწია. რაც წლები გადის, უფრო ვხვდები, რამდენი რამ არ ვიცი და ვსწავლობ და ვსწავლობ, თუმცა ეს საინტერესოა... რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს კითხვას - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე - მე-3 კურსზე ვიყავი, როცა მეგობრის დაჟინებული რჩევით (მეც მეგონა, რომ მუშაობა სწავლაში ხელს შემიშლიდა და საჯარო ბიბლიოთეკაში ბევრ დროს ვერ გავატარებდი), 2009 წელს ახალი ამბების სააგენტო „პირwელში“ მივედი. მაშინ სააგენტოს მფლობელი ანი მიროტაძე იყო. ისე დაემთხვა, რომ ეკონომიკის თემებზე ვინც მუშაობდა, ის ჟურნალისტი წავიდა და მითხრეს, მოდი სცადე, ვნახოთ, რა გამოგივაო და მეც ვცადე და დღემდე ვცდილობ...

- ანუ ბიზნესის და ეკონომიკის თემებზე მუშაობა შენი არჩევანი არ ყოფილა?

არა, რა თქმა უნდა. იმ მომენტში, ჩემს ნაცვლად არჩევანი შრომის ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ გააკეთა... იყო პერიოდი, როცა თათბირებს „თელარაობა“ ერქვა, რადგან მაშინ მეგონა, რომ თუ პრეს-კონფერენციებიდან ამბავს მოვიტანდი და ე.წ. პრეს-რელიზს ნიუსად ვაქცევდი, ჟურნალისტი ვიყავი; დამსაქმებელი, რედაქტორები კი მეტს ითხოვდნენ ჩემგან და მადლობა მათ ამისთვის, რადგან თუ დღეს მხოლოდ „ფოსტალიონი“ არ ვარ, ეს მათ შორის მათი დამსახურებაა და ჩემიც, რა თქმა უნდა, რადგან როცა 6 თუ 9 თვიანი სტაჟირების შემდეგ, პირველი ხელფასი - 150 ლარი ავიღე, უკვე მე წავუყენე პირობა საკუთარ თავს, რომ თუ ხარ ამ ბაზარზე, არ უნდა იყო მხოლოდ „ფოსტალიონი“ და არც მხოლოდ „150 ლარის უნდა იმუშაო“, რადგან ასე თუ მიუდგები საქმეს, სულ 150 ლარი გექნება და ძალიან მალე შეიძლება ამ ხელფასზეც სხვამ ჩაგანაცვლოს, მითუმეტეს, როცა ე.წ. „კრიშა“ არ გყავს... სხვათა შორის, ამ „ფორმულამ“ გაამართლა.

„პირwელის“ ჟურნალისტი ვიყავი, როცა 2013 წელს პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილს დავუსვი კითხვა ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებზე და თითქმის 10 წუთი ვიკამათეთ... სხვათა შორის „ტელევიზორში გამოჩენის“ ეფექტი დიდი იყო და საინტერესო საქმიანი შეთავაზებებიც მოჰყვა... მადლობა ბატონ ბიძინას (ვხუმრობ).  შემდეგ იყო ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“, სადაც რამდენიმე თვე მთავარი რედაქტორიც ვიყავი და დღემდე განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ, რადგან სულ ნულიდან დავიწყეთ მე და გვანცა ფიფიამ და მფლობელმა სახელის შერჩევის უფლებაც მანდო... მერე იყო ახალი ამბების სააგენტო „ფრონტნიუსი“... პარალელურად, ჟურნალი „ბიზნეს თაიმ ჯორჯია“...  მოკლედ, 2016 წლამდე ანუ მთელი 7 წელი ვიმუშავე ონლაინ და ბეჭდურ მედიაში და ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ ისწავლო წერა და გაიზარდო როგორც ჟურნალისტი. დღეს სტუდენტებს, სტაჟიორებს, ყველას ვურჩევ-ხოლმე დაიწყონ წერით, რადგან ტელევიზია ცოტათი აზარმაცებს კიდეც ჟურნალისტებს... არადა, სულ სხვა გემო აქვს, როცა ახალ ამბავს ე.წ. ნიუსს შენ პოულობ პირველი და წერ...

- და მაინც, დღეს ტელე-ჟურნალისტი ხარ... რატომ დათმე ონლაინ-მედია და ასევე, რამდენად რთულია ტელემედიაში თავის დამკვიდრება?

არ დამითმია. უკვე 1 წელზე მეტია, რაც www.bm.ge-ის მთავარი რედაქტორი ვარ. სხვათა შორის, ჩემი სურვილი ეს არ იყო, მაგრამ BMG-ის, რომელიც გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით აკეთებს ტელე-პროექტებს tv “პირველზე“, ასე დასჭირდა და მეც დავთანხმდი... ისე, რაც bm.ge-ზე ამ პოზიციაზე ვარ, 2-ჯერ გვქონდა ვაკანსია გამოცხადებული და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი დეფიციტია ბაზარზე ნიშური ჟურნალისტების, არადა, ახალი ამბების სააგენტოში ეს უმთავრესია. თუ შენს სფეროში არ გყავს წყაროები, არ გაქვს კარგი კონტაქტები, არ იცი რა ხდება და ა.შ. მხოლოდ ამბის მოყოლა, რაც შეიძლება საკმარისია ტელევიზიაში, როცა პროდუსერი დაგაკვალიანებს, საერთოდ არაა საკმარისი ონლაინ-მედიაში....

რაც შეეხება ტელევიზიას, აქ ძალები 2016 წლიდან მოვსინჯე და დღევანდელ ტელე-მედია ბაზარს თუ გადავხედავთ, რომ არა გიორგი ისაკაძე და BMG, არც კი ვიცი, სადმე თუ ვიმუშავებდი. სხვათა შორის (ისე გამომდის, რომ მხოლოდ ონლაინ მედიას ვაღიარებ, მაგრამ...), გიორგი ისაკაძე ერთი ჩვეულებრივი რესპონდენტი იყო ჩემთვის და მას ძალიან კარგადაც არ ვიცნობდი, როცა პირველად გასაუბრებაზე დამიბარა და იცით, რა მკითხა? - დღეში რამდენი ნიუსის დაწერა შეგიძლია და „ჩამომიყარე“ თემები, რაზეც სიუჟეტებს გააკეთებდიო. ეს იყო და ეს. ეტყობა ჩემმა პასუხმა დააკმაყოფილა და დავიწყეთ თანამშრომლობა. როგორც ტელევიზიებში „მოსული პონტია“, არც უხელფასოდ მირბენია მიკროფონით... მე-4 წელია BMG-ის გუნდის წევრი ვარ და ხანდახან არც კი მჯერა, იმდენად თავისუფალი ვარ ჩემს საქმეში და ამ თავისუფლებისთვის ძალიან დიდი მადლობა გიორგის და რა თქმა უნდა, tv “პირველს“, სადაც მესამე წელია უკვე ვართ, მას შემდეგ, რაც „მაესტროდან“ გამოგვიშვეს.

- რას ურჩევდი მომავალ ჟურნალისტებს - რა გასწავლა პრაქტიკამ?

პირველ რიგში, ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, რადგან ჟურნალისტიკა, მართლა არაა მხოლოდ ფოსტალიონობა ან უცხოურ მედიიდან მასალის თარგმნა თუ გასიუჟეტება. „მეოთხე ხელისუფლება“ მართლა შეგვიძლია ვიყოთ, თუ ვიქნებით  თავისუფლები, პრინციპულები, კეთილსინდისიერები და რა თქმა უნდა, კომპეტენტურები იმ თემებში, რაზეც ვმუშაობთ. მე პირადად ჟურნალისტს ვაფასებ იმ კითხვებით, რომელსაც ის სვამს. ვერ წარმომიდგენია იყო ჟურანლისტი და შენი კითხვებით დისკომფორტს არ უქმნიდე ხელისუფლებას, რადგან სწორედ მედია უნდა იყოს მთავრობების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი; აი, მაშინ ვიქნებით ნამდვილი „მეოთხე ხელისუფლება“. ასევე, ადრეც მითქვამს და კიდევ განვმეორდები - ვფიქრობ, ჟურნალისტიკაში წარმატების მისაღწევად პროფესიული რეპუტაცია უმთავრესია. არასდროს  უნდა წახვიდე კომპრომისზე, იმიტომ რომ თუ ერთხელ „შეასრულე დავალება“, მეორედაც მოგიწევს და აუცილებლად წამოგაძახებენ, თან დამსახურებულად; შეიძლება, ჩემი სიტყვები მომავალმა ან დამწყებმა ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გაიფიქრონ – როგორ უნდა ვიაროთ კარიერულ გზაზე სუფთად და უკომპრომისოდ?!  ჩემი აზრით,  მთავარი ხაზი პროფესიულ  კომპეტენციაზე გადის, რომელიც  მოაქვს საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას, მითუმეტეს ჟურნალისტიკაში, სადაც წარმატება დიდწილად გამოცდილებასა და ურთიერთობებში ჩადებულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული! და ყველაზე მთავარი -  ხშირად უნდა  ვკითხოთ საკუთარ თავს – „რამდენად მოთხოვნადი ვარ?! არსებული სამსახური რომ დავკარგო, კიდევ ვინმეს დავჭირდები ბაზარზე?!“ მე ასე ვიქცევი ხოლმე. ამ კითხვებზე პასუხი ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. #წერტილი.

- და ბოლოს, ვიცით, რომ ბევრს აინტერესებს, ამიტომ გკითხავთ, რას ფიქრობს თელარა გელანტია ოჯახის შექმნაზე? 

- მეზარება :).  ამ გულს ვერავინ შევაყვარე და რა ვქნა?! #წერტილი.

 

ირინე არდაშელია, სპეციალურად „მშობელისთვის“

 

 

 

 

წარმატების ფორმულა