2018-01-30

დედების დიდი ნაწილი დროის ძირითად ნაწილს შვილებს უთმობს, თავს ანებებს სამსახურს და ჯდება სახლში, რასაც ხშირ შემთხვევაში გარკვეული დეპრესია სდევს თან. ბევრი მათგანი თავს იმით იმართლებს, რომ ბავშის მერე დრო არაფრისთვის რჩება. დღეს „მშობელი“ მოგიყვებათ კიდევ ერთ აქტიურ დედაზე, რომელიც მუშაობს, ზრდის შვილს და პარალელურად აკეთებს მისთვის საყვარელ კიდევ ერთ საქმეს.

მიო გაზაშვილი, დაიბადა თბილისში, დაამთავრა კასპის საერო გიმნაზია, შემდეგ თსუ-საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ფაკულტეტი. ამჟამად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრატეგიის სამსახურის მთავარი სპეციალისტია, ჰყავს ორი წლის და ოთხი თვის ალექსანდრე და პარალელურად აკეთებს საყვარელ საქმეს - ქსოვს. ნამუშევრები, რომელიც საკმაოდ  დახვეწილადაა შესრულებული, ბუნებრივია, გარკვეულ დროს მოითხოვს. რატომ დაიწყო ქსოვა, რა როლს თამაშობს ხელსაქმე მის ცხოვრებაში და როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს პროფესია, ოჯახი და ჰობი, ამის შესახებ „მშობელი“ მიო გაზაშვილს ესაუბრა.

- სამუშაო გამოცდილება არც ისე მწირია და, შეძლებისდაგვარად, მოკლედ ვიტყვი: მიმუშავია ჟურნალისტიკაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საფინანსო, პროექტების მენეჯმენტისა და მარკეტინგი სფეროში. ამჟამად ვარ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრატეგიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. გარდა იმ საქმისა, რითაც, ზოგადად ვიყავი ამა თუ იმ ეტაპზე დაკავებული, ძალიან რთული იყო, ცოტა განსატვირთავად რამე საქმე არ გამომენახა. ამ შემთხვევაში, თავისთავად მოხდა (თუმცა, თავისით, როგორც წესი, არაფერი ხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე იყო საჭირო), გავააქტიურე რელაქსაციის პროცესის ხელშესაწყობად ის უნარი, რაც მანამდეც მქონდა - ქსოვა. როდის დავიწყე? - გულწრფელად რომ ვთქვა, არ მახსოვს. რაც მახსოვს ისაა, რომ როდესაც დედამ ცეკვაზე მიმიყვანა, სამსახურში დაკავებული მშობლების შვილებისთვის განკუთვნილ 7-საათიან გაკვეთილზე სანამ შევიდოდით, პლასტმასის პატარა, მრგვალი ბურთულა მქონდა, რომელიც იხსნებოდა, ძაფის გორგალი უნდა ჩაგედო, "პირი" ჰქონდა ამოჭრილი, იქიდან ძაფი ამოდიოდა და კისერზე უნდა ჩამოგეკიდებინა. ასე ვიჯექი-ხოლმე და ვქსოვდი მაშინ, 4 წლის ასაკში, სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა. რატომ გადავწყვიტე, ეს ნამდვილად არ მახსოვს. შესაძლოა, ბებია რომ ქსოვდა, მისი ყურებით, ოსებს სისხლში გვაქვს ხელსაქმე და, როგორც ჩანს, ჩემი შემთხვევაც მისი შედეგია“.

- ნაქსოვი ტანსაცმელი საკამოდ აქტუალური და მოდურია, არ გიცდიათ ბიზნესად გექციათ საყვარელი საქმე?

- რაც შეეხება ბიზნესს, ამისთვის დრო, როგორც წესი, არ მაქვს, თუმცა, შესაძლებლობა რომ მქონოდა, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი პატარა, საყვარელ მაღაზია-სახელონოს, ისეთს, როგორიც ბავშვობიდანვე წარმომედგინა, სადაც სტუმრებსაც ვუმასპინძლებდი და შემოქმედებითაც დავკავდებოდი. ამ ეტაპზე ქსოვა კვლავ ჰობად რჩება, თუმცა, ვცდილობ, საკუთარ თავს ზრდის შესაძლებლობა მივცე და ისევ ჰობის დონეზე LaMiu Knitwear-ისთვის ვქმნი დიზაინს. ეს მეც ძალიან მეხმარება და ვიმედოვნებ, იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ სახელის ქვეშ მოიაზრებიან. ესენი არიან ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ქალბატონები, გოგონები, რომლებიც ამ სფეროში შესაძლებლობებით არავის ჩამოუვარდებიან. ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანებთან კონტაქტი, კარგი პრაქტიკა და დიდი სიამოვნებაა მათთან, თუნდაც, ჰობის დონეზე, ურთიერთობა.

- რა დროს უთმობთ ამ ეტაპზე საყვარელ საქმეს?

- დროს ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურად ითხოვს, თუმცა, ერთი ჩვევა მაქვს და ახლობლები, მეგობრები სულ იცინიან ამაზე: რა დროსაც უნდა გახსნან ჩემი ჩანთა, როგორც წესი, ჩხირი და ძაფი სულ თან მაქვს, სულ 5 წუთით განტვირთვაც კი დიდ შედეგს იძლევა, როდესაც ეს საქმე გიყვარს. ახლა უკვე შედარებით ნაკლები დრო მაქვს ამ საქმისთვის, რადგან მყავს პატარა ალექსანდრე, რომელიც დამსახურებულად ითხოვს ჩემს თავისუფალ დროს, მაგრამ მგონია, მუცლად ყოფნის დროიდანვე მიეჩვია და არ აპროტესტებს. დაბადებიდან ძაფის გორგლებთან მოუხდა ურთიერთობა. როდესაც ერთად ვართ და ვქსოვ, ინტერესით ათვალიერებს, რას ვაკეთებ.

- აცვია თუ არა თქვენ შვილს თქვენი ნახელავი?

- ჩემს შვილს ჩემი ნახელავი არც ისე ხშირად აცვია, როგორც მე მინდა, ესეც დროსთანაა დაკავშირებული, თუმცა, ძალიან ვცდილობ. ალექსანდრეს ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დასაწყისში მოვუქსოვე კომბინეზონი, რომელმაც პირველივე გასეირნებაზე განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება, მოთხოვნაც გაჩნდა, თუმცა, ამისთვის არსებობენ LaMiu-ს გოგონები და მეზობლების ინტერესებიც დაკმაყოფილებულია.

- დღეს საქართველოში უამრავი დედაა, რომელიც შვილის გაზრდითაა დაკავებული და მუშაობას ვერ ახერხებს. ჩვენ გვყავს სტუმრები, რომლებმაც სწორედ ამ დროს გააცოცხლეს საკუთარი ნიჭი, რას ურჩევდით მათ?

- ვისაც არ ეხერხება ქსოვა, სულ არაა სავალდებულო, რომ თვითკრიტიკას ამ მიმართულებით მიეცეს. დარწმუნებული ვარ, როდესაც საკუთარ თავს მოუსმენენ, თავად იგრძნობენ იმ საქმის კეთების აუცილებლობას, რაც მათი ბუნებისთვის ყველაზე უფრო სასურველია, თუმცა ცდას წინ არაფერი უდგას, მხოლოდ მონდომება. არის ეტაპი, როდესაც ქსოვას სამკაულების შექმნა მირჩევნია და უკეთ გამომდის განტვირთვა, იმიტომ, რომ როდესაც იდეა მომდის, არ ვიცი, სანამ მეორე დღეს ზედ არ მაბნევია, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. დედებმა, რომლებსაც ჯერ არ უცდიათ ქსოვა, შესაძლოა, არც კი იციან, რა ნიჭი იფარება სულ პატარა სიზარმაცის, თუ ნაკლები თვითდაჯერებულობის მიღმა. შეუძლებელი არაფერია. სახლში ჯდომის დროს კი ქსოვა ყველაზე კარგი გამოსავალია და სულ არაა საჭირო, საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველამ პროფესიონალურ დონეზე იცოდეს. მთავარი ის არაა, რამდენად ზედმიწევნით იმეორებ იმას, თუ რას გეუბნება ესა თუ ის სქემა, მთავარი ისაა, რამდენად მოგწონს ეს საქმე, რადგან ყველაზე საუკეთესო ნიმუშები ("უზორები") სწორედ მაშინ შემიქმნია, როდესაც უბრალოდ, განწყობის გამო ვიღებდი ჩხირსა და ძაფს ხელში. ამიტომაც ვისურვებდი, რომ ყველა ქალი, ყველა დედა, რომელსაც შესაძლოა, აქვს (ან, სულაც არა) ეტაპი, როდესაც უნდა, ყოველდღიური, რუტინული მდგომარეობიდან გამოვიდეს და რამე ახალი აკეთოს, ისეთი, რაც მის განწყობას, ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს, დაჯდეს და დაფიქრდეს იმაზე, რისი კეთება სურს თავად მას და არა იმაზე, რას აიძულებს გარემო და პირობები, ეს საუკეთესო გამოსავალია, რადგან თუ არ განავითარე, ვერანაირი თვითნაბადი ნიჭი ვერ გამოავლენს თავს, თუ საკუთარ თავში ზრდის შესაძლებლობა არ მიეცი. მე კი მინდა, რომ ყველა ქალი რეალიზებული, მშვიდი უამრავი საზრუნავის მიუხედავად, ლაღი, ბედნიერი იყოს. როდესაც დროს სწორად ანაწილებ, მათ შორის, ჰობზეც, გაცილებით მეტი დრო გაქვს ძირითადი საქმის კეთებისთვისაც და ყველა სხვა დანარჩენისთვისაც. ამიტომაც უნდა სცადოს ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც გასჩენია ქსოვის სურვილი, პირველ  რიგში, საკუთარი თავისთვის გააკეთოს ეს, შემდეგ მეუღლის, შვილის, ზოგადად, ოჯახის წევრებისა და ახლობელი წრისთვის. ბედნიერი ქალი განსაკუთრებით დიდ მზის სხივს აფრქვევს სამყაროს და ეს თითოეული ჩვენგანის ხელშია.

დედებისთვის