2020-12-08

სიკეთით სავსე ზამთარი - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, ორი გოგონას ინიციატივით, მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დახმარებას გულისხმობს.

როგორც "მშობელს" ერთ-ერთი ინიციატორი ამირა კოპალიანი უყვება, დასახმარებლად არ არის აუცილებელი სოციალური სტატუსი, ისინი ეხმარებიან ყველას, ვისაც რეალურად უჭირს.

„მოწოდებული ინფორმაცია მოწმდება. პირადი რესურსითა და მოხალისეთა ჯგუფის დახმარებით, გროვდება პროდუქტი და ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც მოგვმართავენ. საკმაოდ მწირი რესურსი გვაქვს, თუმცა უკვე რამდენიმე ოჯახი გავახარეთ და იმედი გვაქვს უფრო მეტს შევძლებთ, თუ მიხალისეები იაქტიურებენ “ - ამირა კოპალიანი.

- საიდან გაჩნდა იდეა?

- რამდენიმე მსგავს ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და პერიოდულად ყოველთვის ვცდილობდი სხვის დახმარებას. ვხედავდი რომ მომართვიანობა დიდი იყო ქუთაისიდანაც, ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა ხათუნა მაისურაძემ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლათფორმა, სადაც ერთმანეთს დავეხმარებოდით. ხალხის თხოვნით დავდეთ ანგარიშის ნომრებიც.

- რამდენი ხანია რაც ქველმოქმედება დაიწყეთ და რამდენად დიდია გამოხმაურება?

- ახლა რომ მკითხეთ, გადავხედე და არც კი მჯერა რომ ჯგუფი 5 დღის წინ შევქმენით. სასწაულები ხდება ჩვენთან. აქტივობა იმდენად მაღალია, დავდებ თუარა ბენეფიციარის საჭიროებებს, საღამოს უკვე ყველაფერი მაქვს. ასე შევძელით ამ მოკლე დროში 10 ოჯახი გაგვეხარებინა. აბაშაში 6 შვილიან ოჯახთან ჩავიტანეთ საკვები პრიდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. ჩვენს გვერდს თუ გადახედავთ, ნახავთ რა მსუყეა ჩვენი კალათები. გუშინ უკვე შემოწირული თანხით შევიძინეთ პროდუქტები და ხათუნამ და გიზომ კიდევ 15 ოჯახში მიიტანა ეს ნობათი. ვიღებთ უველა სახის შემოწირულობას. კომპანია „ქუთაისური ტკბილეულის“ ხელმძღვამელმა ხვიჩა დოღონაძემ გადმოგვცა საჩუქრად ტკბილეული. ჰიგიენური საშუალებების საყიდლად გავედით და როცა შეიტყო რისთვის გვინდოდა, შეკვრებით გვაჩუქა სარეცხი საშუალებები ბატონმა აკაკი იამანიძემ, გვირეკავენ ადამიანები სხვადასხვა საჭიროებებით და ჩვენ ჯერ უარი არავისთვის გვითქვამს, ეტაპობრივად ვეცდებით ყველასთან მივიდეთ.


- რამდენად დიდია მომართვა, როგორ იღებთ ინფორმაციას ბენეფიციარებზე და ძირითადად რა სახის საჭიროებები?

- ბენეფიციარები ძირითადად გვიკავშირდებიან სოციალური ქსელით, გვწერენ, გვირეკავენ მათი მეზობლები, რამდენიმე ადამიანს ვისაც დავეხმარეთ, ტელეფონიც კი არ აქვს. თითქმის ყველა ბენეფიციარი, ვისთანაც მივდივართ, თავის მხრივ გვთავაზობს დახმარებას. გვატანენ ნივთებს სხვებისთვის. გულაჩუყებულები ვბრუნდებით. ადამიანური სითბოს და სიყვარულის გამოვლენა, თანადგომის გამოხატვა, დიდ ძალას გვაძლევს ადამიანებს და ალბათ, მხოლოდ ეს გაგვაძლებინებს ახლა. რაც შეეხება საჭიროებას, ყველამ ვიცით, რომ არასრულფასოვანი კვება, დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, მის ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე... ამოტომაც აღმოჩნდნენ ჩვენი პირველი ბენეფიციარები ბავშვები. გურიაში მარტოხელა დედასთან ჩავიტანეთ თითქმის ორი თვის მარაგი საკვები. წყალტუბოელ პატარებთან 10-12 დღის, აქვე არიან და კიდევ მივაწოდებთ. გარდა ამისა, ვიცით როგორი ძვირია ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება, ამ მხრივ მომართვიანობა ძალიან მაღალია და რათქმაუნდა გვიჭირს. 

- როგორც მივხვდი, უკვე გაცდით ქუთაისის ფარგლებს, რამდენად სისტემატიური და მასშტაბური იქნება თქვენი პროექტი?

- მომართვიანობა დიდია რეგიონებიდან, ამ ეტაპზე ჩვენი მწირი რესურსით ვერ ვახერხებთ ტრანსპორტირებას და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას. არადა ძალიან რთულია უთხრა უარი ადამიანს, რომელიც ატირებული გიყვება, თუ როგორ შია მის 6 შვილს და ორი დღეა პური არ უჭამია... მასშტაბურობა რათქმაუნდა დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ნებისმიერი რესურსის მოსაზიდად. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი სახის დახმარება კომპანიებისგან, თუნდაც ფასდაკლებების სახით პროდუქტებზე, საწვავზე და ა.შ

- როგორ უნდა დაგიკავშირდნენ?

- ჩვენი საკონტაქტო ნომრებია: 599 459 454; 599 87 39 77; ან ფეისბუქ გვერდზე, ჩვენ ერთი კვირაა თითქმის არ გვძინავს, ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდნენ.

ქველმოქმედება