GIPA-ს PR მიმართულების მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” დასახმარებლად გაერთიანდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი” 1998 წელს დაარსდა. მისი მისიაა, უზრუნველყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა - ადრეული განვითარების პროგრამა - სენსორული თერაპია, სამედიცინო მომსახურება, მეტყველების და კვების თერაპია, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მომსახურება და ბინაზე მოვლა მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ბავშვებისათვის.
პროექტის ფარგლებში, GIPA - ს სტუდენტების ინიციატივით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფისგან გადაეცემა მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, ხელთათმანები, დეზობარიერები, დისპენსერები და სხვა სადეზინფექციო საშუალებები.
აღნიშნული პროექტის მიზანია, ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” ბენეფიციარების უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ განვითარება და ორგანიზაციის სრული მომსახურეობით სარგებლობა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით.
GIPA-ს სტუდენტებს სურთ, უფრო მეტი მასშტაბურობისათვის, გამოიწვიონ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ისინიც ჩართონ მსგავს პროექტებსა და ღონისძიებებში.
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA, მრავალჯერადი პირბადეების მწარმოებელი კომპანია “ნანო მასკი”, ლიცენზირებული სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი კომპანია “გარდიანი” და 4000 მეტი დასახელების პროდუქტის იმპორტიორი კომპანია “მეგა ჰოულდინგ”, რომელიც ტელემარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს.