2020-12-22

პანდემიის გამო გალის რაიონში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილობივი მასწავლებლები კი მაქსიმალურად ცდილობენ დისტანციური სწავლებით შეუვსონ მოსწავლეებს დანაკლისი.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებას მთელი რიგი სირთულეები აქვს, მათ შორის ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება, ადგილობრივი პედაგოგები ამას მაინც მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ.

მეტიც, ჩვენ აღმოვაჩინეთ მასწავლებელი, რომელიც არათუ ადგილზე, გალის რაიონში ამეცადინებს მოსწავლეებს, არამედ, როგორც მოხალისეს, დისტანციურად, ენგურს გაღმა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ხუთი მოსწავლე ჰყავს.

რუსუდან სამუშია გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი, ისტორიკოსი და სამართალმცოდნეა.

როგორც ის DFWatch-ს უყვება, სიკეთის კეთება ჩაკეტილი სივრციდანაც შესაძლებელია და მან სწორედ ეს გზა აირჩია.

„დღეს აფხაზეთში ვარ, ჩაკეტილ სივრცეში. აბიტურიენტებს აქაც ვამეცადინებ, მაგრამ ეს ხუთი მოსწავლე, ენგურს გაღმა, დისტანციურად სწავლობს. აბიტურიენტების ჯგუფში ვიპოვე, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. 5 უკარგესი გოგო მყავს – ერთი აბაშელია, სამი თბილისელი, ერთი საჩხერელი და ერთიც რუსთაველი. კვირაში ერთხელ, 2 საათით მესენჯერში ვმეცადინეობთ,“ – განუცხადა DFWatch-ს რუსუდან სამუშიამ.

ერთ-ერთ აბიტურიენტი, ნინო კაჭარავა გვიყვება, როგორ აღმოაჩინა მოხალისე მასწავლებელი.

„აბიტურიენტების ფეისბუქ-ჯგუფია, სადაც ჩვენ საჭიროებებზე და პრობლემებზე ვწერთ. ერთ დღეს ადმინმა პოსტი დადო, თუ იყო ვინმე მოხალისე, რომელიც აბიტურიენტებს უსასყიდლოდ ამეცადინებდა. მეც დავპლიუსდი და ასე ვიპოვე ქალბატონი რუსუდანი. ძალიან მადლიერი ვარ და დიდ სტიმულს მაძლევს. შარშან, გარკვეული პრობლემების გამო, ვერ გავედი გამოცდაზე, წელს კი ორმაგი მოტივაციით ვაპირებ გასვლას, არა მარტო ჩარიცხვისთვის, არამეც დაფინანსების მოსაპოვებლად. მცირე შეფერხება გვაქვს, როცა ელექტროენერგიის მიწოდება წყდება, სხვა მხრივ კმაყოფილი ვარ,“ – განუცხადა DFWatch-ს ნინო კაჭარავამ.

წყარო