2020-02-19

მინდა გესაუბროთ მამებზე, რადგან მამა ბავშვისთვის შეუცვლელი ლიდერია, ის პირველი მამაკაცის სახეა და ეს „ხატი“ მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. ასეა თუ ისე მამები აქცენტს ქალიშვილებზე აკეთებენ, დედები კი ვაჟებზე, ეს საპირისპირო სქესის მართვისა და მიზიდულობის ხარისხით აიხსნება, თუმცა არსებობს ჯანსაღი ურთიერთობები, სადაც გოგონაზეც და ვაჟზეც თანაბრად ნაწილდება სითბო, ყურადღება და საყვედური.

მამის დატუქსვას: „ხმა ჩაიგდე“, „ენას ამოგგლეჯ!“, „ჩუ მეთქი!“, „კიდევ საუბრობ?“, „თქვი რა დააშავე!“ „გამოტყდი რა ჩაიდინე!“ – და სხვა საშინელი შედეგები მოჰყვება. ბავშვში მამის პოზიტიური დამოკიდებულება ძლიერ მხარეებს აყალიბებს და აგრესიული მოპყრობა, კი სუსტ მხარეებს კიდევ უფრო ასუსტებს.

მნიშვნელოვანია ნეგატიური ქმედებების შეზღუდვა, რადგან ბავშვს საოცარი წარმოსახვა აქვს და ერთ ფაქტს ზოგჯერ მთელ ცხოვრებაზე ავრცელებს. რა არ უნდა გააკეთოთ: დასჯის მიზნით სკამზე ან კუთხეში დაყენება, საშიში კადრების ჩვენება ფილმი იქნება თუ ჟურნალი, საშიში ამბების მოყოლა, მოულოდნელი შეძახილი, ან უკნიდან მოულოდნელი მიპარება, ასევე მის წინაშე ჩხუბი, ყვირილი და ნებისმიერი აგრესიის გამოხატვა. თუკი ამ მომენტში მოზარდი საუბრობს შესაძლოა მეტყველების შეფერხება, აზრის დაუსრულებლობა, გაფანტულობა, ცახცახი საუბრისას, ან აზრის გამოხატვის უდიდესი შიში დაატყდეს თავს.

მერე კი ლოგოპედები, თერაპევტები, სხვადასხვა მიმართულების ექიმები დაგჭირდებათ, რომ თუნდაც ერთი ასეთი მოქმედების შემდეგ, მოზარდის მეტყველება მწყობრში მოიყვანოთ.

არადა დადასტურებულია კვლევებით, რომ მამის მოფერება ბავშვის ინტელექტის ზრდას უწყობს ხელს, მისი მეხსიერება წახალისებით უფრო აქტიურდება და მოტივაციასთან ერთად ლექსი, სიმღერა და ზღაპარი სასიამოვნო და სახალისოა მისთვის. ათქმევინეთ ბავშვებს ლექსები, – მხოლოდ თქვენთვის მამებო! მათ თქვენი ყურადღება ძალინ სჭირდებათ!

იცოდეთ, თქვენი შვილის წარმატება თქვენს ხელშია, თუ თქვენ რიგიანად დაუდგებით გვერდით, მოუსმენთ, მოეალერსებით და თქვენთან მოყოლილი ლექსის სიამოვნებას განაცდევინებთ, მას სხვებთან თავის წარმოჩენის სურვილი გაუღრმავდება და საჯარო გამოსვლების დროსაც მისთვის სრულიად ბუნებრივი იქნება მოყვეს მოხსენება, პრეზენტაცია, ან პოზიცია საჯაროდ დააფიქსიროს!

გახსოვდეთ! მამებს შვილები აღმერთებენ, მანამ სანამ ისინიც სწორედ ამას განიცდიან და ეს უსასრულო ჯაჭვია! და ბოლოს, ყურადღების მიღმა დარჩენილი შვილები სხვა მამებს შენატრიან, ნუ გაუშვებთ ხელს თქვენი შვილის პაწია ხელს, უსმინეთ მის მაჯისცემას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას გულითადად სჭირდება მოსმენა!

 

მაგდა კოტრიკაძის ბლოგი