2019-02-26

“დემას” ბროშების შექმნის იდეა დავით მოსიაშვილს მაშინ მოუვიდა, როდესაც შვილებისთვის შესაფერისი საქმის წამოწყებაზე ფიქრობდა. საწარმოს სახელი 5 წლის დემეტრე და 9 წლის მარიამის სახელების პირველი მარცვლებით ააწყო. 34 წლის მარტოხელა მამას სურდა ბავშვები მაქსიმალურად ყოფილიყვნენ ჩართულები და ამავდროულად, საქმე მოსახერხებელი ყოფილიყო პატარა დემეტრესთვის, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს.

“ფიქრის შედეგად მივედით იდეამდე რომ გაგვეკეთებინა ხის ბროშები მაგნიტური სამაგრით. საქმიანობას დასჭირდებოდა ხის დამუშავება, ხატვა, დიზაინი, რომლებიც ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თავიდან თიხაზე ვცადეთ რამდენიმე მოდელი, ჩემს ფეისბუქ პროფაილზე ატვირთვის შემდგომ, ფოტოებზე დაგროვილი ლაიქების რაოდენობიდან გამომდინარე მივხვდით, რომ რაღაც გამოვიდოდა. ასე დაიწყო და დაიბადა ,,DEMA”-ს პირველი ნაკეთობები. “

დავითი, პარალელურად, ბუღალტრად მუშაობს, წერს ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით აქტივობებშიც ჩართულია: “დროდადრო, ორგანიზებას ვუწევ საქველმოქმედო ღონისძიებებს. ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა, თუმცა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ვარ ფეისბუკ გვერდის ,,მამიკო“ ადმინი, რომლის მიზანი საქართველოში მამების შვილების აღზრდაში ჩართულობის გაზრდაა. დაკავებული ვარ მცირე სოჯახო მეურნეობით, ვზრდი შვილებს და პარალელურად, ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი.”

 

 

M: დემეტრესა და მარიამზე გვიამბეთ. როგორ აღმოაჩინეთ მათი ინტერესი ხელნაკეთი ნივთების მიმართ?

დემეტრე და მარიამი ძალიან აქტიური ბავშვები არიან. ცდილობენ, ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დამეხმარონ ყველა საქმიანობაში. დემეტრეს დიაგნოზია ცერებრული დამბლა, მას შეუძლია ყველა ფიზიკური აქტივობა სიარულის გარდა, მაგრამ გვჯერა, რომ ამასაც შევძლებთ, თუმცა, “დემას” შექმნის ძირითადი მიზანი მაინც იყო ის, რომ როდესაც დემეტრე გაიზრდება, მას ჰქონდეს თავის საქმე. ორივე ბროშების შექმნის პროცესში თავიდან ბოლომდეა ჩართული. დემეტრეს მოვალეობა ძირითადად გაფერადებაა, ხოლო მარიამი დიზაინის მოფიქრებითაა დაკავებული და სხვადასხვა გამოფენებზე პრომოს ფუნქციასაც ითავსებს. ,,DEMA”-ს შექმნამ ორივეს მოუმატა თავდაჯერებულობა, მოსწონთ როდესაც ცნობენ და რაც მთავარია აქვთ ხელფასი.

 

M: რა შეიცვალა თქვენი და ბავშვების ცხოვრებაში “დემას” განვითარებასთან ერთად?

ჩვენს ცხოვრებაში შეიცვალა უამრავი რამ, გავიცანით უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი, გაიზარდა ჩვენი ცნობადობა და ჩვენს მიმართ სიყვარულის ხარისხი. ბავშვებს ძალიან უხარიათ, როდესაც გვცნობენ და სითბოს გამოხატავენ. როცა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში გვიწვევენ ბავშვები ყოველი გადაცემის შემდეგ ძალიან მოტივირებულად გრძნობენ თავს. ეს ხომ ყველას ბავშვობის ოცნებაა.

M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე მომხმარებლებად?

გაყიდვებს, ძირითადად, ფეისბუქ გვერდიდან ვახორციელებთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღაზიამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ყველაფრის გაკეთება ხელით გვიწევს, ძალიან შრომეტევადია, ამდენად, ჯერჯერობით ვერ ვამზადებთ იმ რაოდენობას, რომ მაღაზიების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ჩვენი მომხმარებელი ყველა ასაკის ქალბატონია, ვისაც უყვარს ხელნაკეთი სამკაულები, ასევე მამაკაცებიც, რომლებიც ყიდულობენ საჩუქრებად. ჯერ უკმაყოფილო კლიენტი არ გვყოლია, ჩვენ გაყიდულ ნივთებს შეფუთვაში ვაყოლებთ ჩვენს მოკლე ისტორიას.

M: თქვენ ახსენეთ, რომ გსურთ “დემას” გაფართოება და სოციალურ საწარმოში შშმ პირების დასაქმება. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ჩანაფიქრის განხორციელება?

ჩვენ უკვე გვაქვს სახელოსნო, უამრავი ხელსაწყო და ასევე უახლოეს პერიოდში ველოდებით აწარმოე საქართველოდან მიღებული დაფინანსებით შეძენილი ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატის ტრანსპორტირებას, რომელიც მოგვცემს ჩვენი ნაკეთობების მრავალფეროვნების გაზრდისა და რაოდენობრივი ზრდის საშუალებას. როდესაც ცოტა კიდევ გავიზრდებით ჩვენი ოცნებაა დავასაქმოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) რამდენიმე ბავშვი და ერთად დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, გვსურს, დემას შემოსავლებით მოხდეს მათი სახელოსნომდე ტრანსპორტირება და დღის ბოლოს, საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება.

გარდა იმისა, რომ გვინდა მივიდეთ სოციალურ საწარმომდე, სამომავლოდ გვინდა ჩვენს სახელოსნოში განვავითაროთ შემეცნებითი ტურიზმი, სადაც ვიზიტორები ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს და დაათვალიერებენ ნაკეთობებს. ასევე მუდმივად ვიზრუნებთ ჩვენი ბიზნესის განვითარება გაფართოვებაზე, და იმაზე რომ ჩვენი ნივთები იყოს მუდმივად მოთხოვნადი.

 

წყარო