2018-01-24

ნებისმიერი საკითხის მოგვარება ამ საკითხზე დაფიქრებით და შედეგების გაანალიზებით იწყება. ლავინგსტონ ლარნეგის ჩანახატი - „მამებს ავიწყდებათ“ - საშუალებას მოგვცემს დაფიქრდეთ თქვენი და შვილების ურთიერთობებზე.

„მომისმინე შვილო, გადავწყვიტე მესაუბრა, სანამ შენ თავქვეშ ხელამოდებულს გძინავს და შენი ქერა კულულები ღვთიურ შუბლზე მიკრულან. უჩუმრად შემოვიპარე შენ ოთახში. რამდენიმე წუთის წინ, როცა ბიბლიოთეკაში ჩვეულებრივ ვკითხულობდი გაზეთს, უცებ მტკივნეულად ვიგრძენი სინდისის ქენჯნა და დამნაშავე შენს ლოგინთან მოვედი.

აი, რაზე ვფიქრობ შვილო: მე სულელურად გექცეოდი, როცა სკოლაში მიდიოდი, გლანძღავდი, იმიტომ რომ სახე კარგად არ გაიმშრალე. ვბუზღუნებდი, რადგან ფეხსაცმელს არ ასუფთავებდი. ვცოფდებოდი, როცა შენს ნივთებს იატაკზე ყრიდი.

საუზმობის დროსაც ვნახულობდი საჩხუბარს. შენ ჩაის აქცევდი, სწრაფად ყლაპავდი ლუკმებს და იდაყვებით მაგიდას ეყრდნობოდი, დიდ ნაჭერ კარაქს უსვამდი პურზე. როცა სათამაშოდ მიდიოდი, ხოლო მე მატარებელზე მაგვიანდებოდა, შენ მოტრიალდებოდი და ხელს მიქნევდი - “ „ნახვამდის მამა“, მე კი ვიბღვირებოდი და პასუხად გეუბნებოდი - „გაიმართე  წელში“. საღამოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. როგორც კი ჩვენს ქუჩაზე გამოვჩნდებოდი, ვიწყებდი ყვირილს, რადგან ბურთაობისას მუხლებზე იდექი. შენი მუხლის თავები გაცვეთილი იყო. გამცირებდი თანატოლებთან და გაიძულებდი სახლში წასულიყავი. “წინდები ძვირი ღირს, შენ რომ გეყიდა ისინი, უფრო მომჭირნე იქნებოდი“ - ამას გეუბნებოდი მე, შენი მამა. 

ხოლო, მაშინ გახსოვს, როცა ბიბლიოთელაში ვკითხულობდი და შენ მოკრძალებულად შემოხვდი. თვალებში წყენა ჩანდა, როცა გაბრაზებულმა შემოგხედე იმის გამო, რომ კითხვა შემაწყვეტინე, კარებთან ყოყმანით გაჩერდი, „რა გინდა“ - გიყვირე. არაფერიო მითხარი, მოულოდნელად მომვარდი, მომეხვიე კისერზე და მაკოცე. შენმა ხელებმა ისეთი სიყვარულით მომიჭირეს, რომელიც არ დაიშრიტებოდა, რაც არ უნდა გაეთელათ. ამის შემდექ წახვედი და კიბეებზე პატარა ფეხების ბაკუნი გავიგე.

და აი, შვილო, ცოტა ხნის შემდეგ გაზეთი ხელიდან გამივარდა, რაღაც განცდამ შემიპყრო. რა მიქნა ჩვეულებამ? ჩვეულება საყვედურებისა და სამდურავების მუდმივი ლაპარაკისა, მაგრამ ასე ვიქცეოდი არა იმიტომ, რომ ძლიან ბევრს მოვითხოვდი ბავშვებისგან, არამედ შენს ასაკს ვივიწყებდი და გექცეოდი ჩემი ასაკიდან გამომდინარე.

ხოლო შენს ხასიათში რამდენი კარგია, რამდენი სიწმინდეა! შენი პატარა გული იმდენად ყველაფრის მომცველია, როგორც მთებზე განთიადი. ეს გამოიხატა შენს მოულოდნელ საქციელში, როცა შემოირბინე და ძილის წინ მაკოცე. ყველა დანარჩენს ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მე შენს ლოგინთან მოვედი და ახლა მუხლებზე ვდგევარ შერცხვენილი.

ეს დანაშაულის მცირე გამოსყიდვაა. ვიცი, რომ ამას ვერ გამიგებდი, დილას რომ მეთქვა, მაგრამ ხვალ ნამდვილი მამა ვიქნები, მეწყინება, როცა ნაწყენს დაგინახავ, როცა გაიცინებ მეც გავიცინებ, ენაზე ვიკბენ, როცა საყვედურის თქმას დავაპირებ. მე განუწყვეტლივ გავიმეორებ: „იგი ხომ ბავშვია-პატარა ბავშვი“.

მე შენში დიდ ადამიანს ვხედავდი, ახლა კი როცა გიყურებ ლოგინში მწოლიარეს, ვხედავ, რომ  შენ კიდევ ბავშვი ხარ. გუშინ დედამ აგიყვანა ხელში, შენ თავი დედის მხარზე გქონდა დადებული, მე ძალიან ბევრს მოვითხოვდი ძალიან ბევრს“.

 

მოამზადა ნაზი ახობაძემ