2026-02-24

„ერთმანეთის გარეშე“ - დიასპორულმა პლატფორმა „სფიჩ მედია“-მ, ბავშვებზე შრომითი მიგრაციის გავლენა, ახალ დოკუმენტურ ფილმში ასახა.

ფილმის ონლაინ პრემიერა, ხვალ, 25 თებერვალს, მითითებულ ბმულზე გაიმართება.

როგორც პლატფორმის დამფუძნებელი, სოფო ჯაჯანაშვილი აცხადებს, ფილმი, შრომითი მიგრაციის ერთ-ერთ მტკივნეულ და ნაკლებადშესწავლილ საკითხს, ემიგრანტი მშობლების შვილების ემოციურ და სოციალურ მდგომარეობას ეხება.

„ერთმანეთის გარეშე“ წარმოადგენს სოციალურ-დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც იკვლევს უცხოეთში მცხოვრები დედებისა და საქართველოში დარჩენილი შვილების გამოცდილებას მრავალმხრივი მიმართულებით. ფილმი აერთიანებს პირად ისტორიებსა და პროფესიულ შეფასებებს - ექსპერტის, ფსიქოლოგის, სკოლის დირექტორის, აღმზრდელის და თავად მიგრანტი მშობლის ხედვებს, რაც პრობლემის მასშტაბურობას სრულად წარმოაჩენს და ერთგვარი გზამკვლევია“, - აღნიშნავს პლატფორმა „სფიჩის“ დამფუძნებელი, სოფო ჯაჯანაშვილი.

ემიგრანტი მშობლების “უხილავი” შვილების საკითხის შესასწავლად, 2025 წელს, საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica”-მ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ეროვნული კვლევა ჩაატარა. ახალი დოკუმენტური ფილმი, სწორედ ამ კვლევას ეყრდნობა და მისი მიზანი თემის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ემიგრანტი მშობლების შვილების ხილვადობის გაზრდაა.

„მშობლის ემიგრაცია ბავშვისთვის მხოლოდ ფიზიკური განშორება არ არის. ეს არის ემოციური დანაკარგი, რომელსაც თან ახლავს გაურკვევლობა, მიტოვების განცდა და უსაფრთხოების დაკარგვა. კვლევამ გამოავლინა, რომ მიგრანტი მშობლების შვილებში ხშირად ვლინდება სევდა, მარტოობის განცდა, შფოთვა და სტრესი. ბავშვები ხშირად საუბრობენ მშობლების მონატრებაზე, ხდებიან ჩაკეტილები და ნაკლებად ერთვებიან სოციალურ აქტივობებში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, მათი საჭიროებების ადრეული იდენტიფიკაცია, პედაგოგების გაძლიერება და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნავს საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica”-ს პრეზიდენტი, მაია ნასრაშვილი.

ფილმის მთავარი გმირი იაა, პროფესიით პედაგოგი და სკოლის ყოფილი დირექტორი. მან საქართველო წლების წინ დატოვა, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბავშვის აღმზრდელად მუშაობს. ია თავადაც ემიგრანტების ოჯახიდანაა. მისი დედა და ძმა, საფრანგეთში, 23 წლის წინ წავიდნენ. ია იმ ქართველი ემიგრანტი დედების სახეა, რომლებიც წლებია უცხოეთში ცხოვრობენ და შვილებს ონლაინ რეჟიმში ზრდიან.

მიუხედავად სრული ჩართულობისა, დროთა განმავლობაში, საკუთარ ოჯახებთან გაუცხოება, მაინც ხდება, რასაც ხშირად შვილების მხრიდან მშობლების დადანაშაულებაც ახლავს. დედებს აწუხებთ მუდმივი კომპლექსი, უჭირთ პრობლემებზე ღიად საუბარი და ხშირად გამოსავალს შვილების ფინანსურ განებივრებაში ეძებენ, რაც მოზარდებისთვის შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს.

ფილმში ჩანს იას ყოველდღიურობა ემიგრაციაში, რაც ერთდროულად ორ ქვეყანაში „ცხოვრება“ და ნიუ-იორკის სწრაფი ტემპით გამოწვეული სტრესული გარემოა. ია საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მას, როგორც პედაგოგს, სკოლის დირექტორსა და ემიგრანტ დედას, წლების განმავლობაში დაუგროვდა.

იას გარდა, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია სოფო, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი დედის ზრდასრული შვილი. სოფო აღწერს იმ განცდებს, რაც 12 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც დედა ათენში წავიდა და აღნიშნავს, რომ მას და მის თანატოლებს საერთო სევდა აკავშირებდათ. დღეს ის თავადაც პედაგოგია და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უკვე მოსწავლეებს უზიარებს, რომელთა მშობლებიც ასევე ემიგრაციაში არიან.

ინფორმაციისთვის, „სფიჩი” უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების ცოდნისა და გამოცდილების სამშობლოში ინვესტირებას ემსახურება. პლატფორმა აქტიურად მუშაობს დოკუმენტური ფილმების წარმოების მიმართულებითაც, რათა დიასპორულ თემებზე ცნობიერება აამაღლოს და დღის წესრიგში აქტუალური სოციალური საკითხები დააყენოს.

დოკუმენტური ფილმი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით შეიქმნა.

მშობლები