2022-11-27

მხიარული, მუდმივად ფორმაში და პოზიტიურ განწყობაზე მყოფი - ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი, 35 წლის, ხუთი შვილის დედა, ეკა თათრიშვილია.

12, 10, 6, 3 წლის 4 ვაჟი და 9 თვის ნაბოლორა გოგონა - ასე გამოიყურება ეკას მრავალშვილიანი ოჯახი.

ის გურჯაანის რაიონი სოფელ ახაშენში გაიზარდა, ამჟამად კი თბილისში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

„ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, მამიკოს გოგო, რომელიც მანქანის გაკეთებაშიც კი ეხმარებოდა.🙂დავამთავრე საშუალო სკოლა. ვსწავლობდი დავით აღმაშენებლის სახელობის კოლეჯში (ფარმაცევტულზე). სწავლის დამთვრების შემდეგ შევქმენი ოჯახი და დღეს ხუთი შვილის დედა ვარ“.

კითხვაზე, როგორია მისი ერთი დღე და რამდენად რთულია ხუთი შვილის მოვლა, პასუხობს, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

„ხანდახან სხვებს უფრო უკვირთ თუ როგორ ვუმკლავდები, მაგრამ მე ეს ყოველდღიურობად მიმაჩნია და გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ღმერთი 5 შვილს რომ გჩუქნის იმის ძალასაც გაძლევს, ამ ყველაფერს გაუმკლავდე. მხოლოდ მეუღლე მეხმარება, როცა არ მუშაობს. მთელი დღის განრიგს რომ მივყვები და ვასრულებ, თითქოს საათივით ეწყობა ყველაფერი. ერთი რამეც რომ შეიცვლება, უკვე ყველაფერი ირევა🙈 მხოლოდ ბავშვების ცუდათ ყოფნა მტეხავს, დანარჩენი არაფრის მეშინია და სიამოვნებით ვაკეთებ“.

გარდა ხუთი შვილისა, ეკას სახლში ცუგაც ჰყავს, რომელიც, მოგეხსენებათ, შვილივით ყურადღებას მოითხოვს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მან ოჯახის პარალელურად, საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევაც მოახერხა.

„ბავშვობაში ვქსოვდი და ვქარგავდი, მაგრამ დიდი ხანია არაფერი გამიკეთებია. ორი წლის წინ მეგობარმა მითხრა თუ როგორ ქსოვდნენ და ყიდდნენ ჩანთებს. გამიჩნდა სურვილი მეც მომექსოვა და გამეყიდა, არა მხოლოდ ჩანთები, სუვენირებსაც ვაკეთებდი. ამ ყველაფერს ხშირად ღამე ვაკეთებდი, დღისით თითქმის არც მეცალა. პატარა ბიზნესივითაა, საქმე რომელიც მსიამოვნებს, შემოსავალსაც მაძლევს“. 

ეკა თვლის, რომ ყველაზე მთავარი ისაა, თუ ვინ გიდგას გვერდში და რამდენად იზიარებს შენს ყოველდღიურობას, სწორედ ამან მისცა სტიმული ხუთი შვილი გაეჩინა.

„არ მიყვარს ჩემი პრობლემების სხვისთვის მოხვევა, პრინციპში სერიოზული პრობლემა არც მქონია, ერთადერთი ცუდი ალბათ ისაა, როცა ბავშვები არიან ცუდად, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდში ვინ გიდგას და რამდენად იზიარებს შენს ყოველდღიურობას. მე რომ არ მიფასდებოდეს ჩემი ყოველდღიურობა, ალბათ ამდენ შვილს არც გავაჩენდი, დაფასებაა ის, თუ რამდენად პატივს გცემენ, უყვარხართ, გაფასებენ. მე ეს მაძლიერებს. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით ბევრი პრობლემა გადავლახეთ ისე, რომ არც არავის გაუგია“.

არ იცის ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია, მასსავით დიასახლისებს კი ურჩევს, საყვარელი საქმე სახლიდანაც აკეთონ.

 

„დეპრესია არ მქონია, თუ დრო არ მქონდა გამეანალიზებინა, არ ვიცი😆. სხვა დიასახლისებს კი მინდა ვუთხრა, რომ სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ საყვარელი საქმე აკეთონ. ყველას ხომ არ შეუძლია ქსოვა და ქარგვა, მაგრამ აუცილებლად იქნება ისეთი რამ, რაც სიამოვნებას მიანიჭებს. მე ძალიან მიყვარს ყვავილები და თუ, როგორც გვაქვს დაგეგმილი, ისე არ განვითარდა მოვლენები, აუცილებლად გავაკეთებ სათბურს. არანაირი პატიოსანი შრომა არ არის სათაკილო, სოფელში ნაკვეთები გვქონდა, ბავშვებიც მიგვყავდა და ისე ვამუშავებდით და ვიღებდით მოსავალს“.

 

სპეციალურად "მშობელისთვის" ირინე არდაშელია

მშობლები