2022-10-30

 

„დიდხანს ვერ დაგელაპარაკებით. ნათესავები უნდა ჩამოვიდნენ სოფლიდან, არ იციან სუროგატი რომ ვარ, ამიტომ მათ მოსვლამდე თუ წახვალთ, კარგი იქნება. ვერ ავუხსნი, ვინ ხართ და რატომ მოხვედით“, - ტელეფონით მითანხმდება ნინო, სუროგატი დედა. ნინო ტყუპებზეა ორსულად. ბავშვები ორ თვეში უნდა გაჩნდნენ. „კი, კი, დიდ დროს არ წაგართმევთ“, - ვპასუხობ და მისამართს ვინიშნავ.

ნინო გარეუბანში, ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობს. მისი სახლის მიგნება არც ისე ადვილია, ამიტომ ბენზინგასამართ სადგურთან მხვდება. ბოდიშს ვუხდი შეწუხებისთვის და ნელა მივუყვებით გზას მისი სახლისკენ. გრილა. წითელ ხალათს მჭიდროდ იხვევს მუცელზე.

ნინო სუსტად გრძნობს თავს. ცოტა ხნის წინ კონსულტაციაზე იყო. მუცლის მოშლის საფრთხის გამო, ექიმმა მედიკამენტი გამოუწერა, რამაც დაბალი წნევა გამოიწვია და ახლა თავბრუსხვევა აწუხებს.

"ბოლო ერთი თვეა, ექიმმა მირჩია, ძირითადად ვიწვე. დაბალი წნევები დამეწყო. ფეხზე რომ ვდგები, თვალებში მიბნელდება. თან ტყუპებს ველოდები და არის საფრთხე, რომ ნაადრევად ვიმშობიარო. ნეტა, ხუთიანზე ჩამამთავრებინა ეს საქმე და მეტი არაფერი მინდა", - მეუბნება ნინო და კარს აღებს.

სახლის გარშემო, თოკებზე, სარეცხი შრება.

"შვილები მეხმარებიან. მე რომ ვწევარ, სახლის საქმეს ისინი აკეთებენ. აი, ხომ ხედავთ, როგორი სახლია და ამ სახლშიც კი 600 ლარს ვიხდით. ქირამ შეგვჭამა. სუროგატობასაც ამიტომ დავთანხმდი, იქნებ, როგორმე, პატარა სახლი ვიყიდო".

მე ერთი საწოლის კუთხეში ვჯდები, ნინო მეორე საწოლის კუთხეში. ოთახში ერთი დაბალი კომოდი და ერთიც სკამი დგას. იქით კიდევ ერთი პატარა ოთახი და სამზარეულოა. როგორც ჩანს, სიარულმა დაღალა. ნინო ჩქარ-ჩქარა სუნთქავს.

ის 38 წლისაა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო შანსი გამოიყენა. საქართველოში 39 წლისა სუროგატი დედა ვეღარ გახდები. ნინო უკვე მეორედ დათანხმდა სხვისი შვილის დროებით “დედობას”. პირველი ბავშვი 2020 წელს გააჩინა, ბიჭი. მაშინ ნინოს 10 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადეს.

"ქართველი წყვილები მეტს არ იხდიან", - მეუბნება ნინო.

15 წლის იყო, რომ დაქორწინდა. სამი შვილი ჰყავს. უფროსი 22 წლისაა. ნინოს ოჯახს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი აქვს. ქმარი მუშაობს, თუმცა, არასტაბილური შემოსავლით.

სუროგატი დედობა პირველად 2015 წელს შესთავაზეს. „იმ პერიოდში საშინლად გვიჭირდა, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც ვერ გადავდგი, მაშინ წარმოუდგენლად მეჩვენა ეს შემოთავაზება, თუმცა, იქიდან მოყოლებული, სულ ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლოა კარგი შანსი ყოფილიყო, რომ ოდნავ მაინც დაგვეღწია თავი გაჭირვებისთვის“, - მიყვება ნინო.

პირველი სუროგაციით მიღებული ანაზღაურების ნაწილი ბანკში შეიტანა. ახლა, ტყუპებს რომ გააჩენს, ცოლ-ქმარმა, რომლებიც ინდოეთიდან არიან, 15 ათასი დოლარი უნდა გადაუხადონ. ორი მშობიარობით შეგროვებული ფულით უნდა რომ პატარა სახლი იყიდოს.

„უფროსი შვილი, ბიჭი, სასტიკი წინააღმდეგი იყო. მაგრამ ავუხსენი, რომ ამას ჩვენი კეთილდღეობისთვის ვაკეთებდი. რომ სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავდი. რომ მეორე გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლა და იქ მუშაობის დაწყება იყო, რაც მე არ მინდოდა. არ მინდოდა შვილების დატოვება და სახლიდან შორს გადახვეწა. ავუხსენი, რომ ამაში სასირცხვილო არაფერი იყო. რომ ბავშვი, რომელსაც გავაჩენდი, არ იყო ჩემი ბიოლოგიური შვილი და არ იქნებოდა არც მისი და და არც ძმა. შვილები უფრო იმაზე წუხდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შემქმნოდა, რადგან ორსულობის პირველ თვეებში საკმაოდ ბევრ მედიკამენტს იღებ იმისათვის, რომ შენს სხეულში გადატანილმა ემბრიონმა სიცოცხლე შეინარჩუნოს. რა დასამალია და იმ თვეებში თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი კარგად, თავი მტკიოდა, სუსტად ვიყავი. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო და მალე გამივლიდა“.

ნინო დეტალებს არ უღრმავდება, თუმცა, ამბობს, რომ ცოლ-ქმარი, რომლისთვისაც შვილი პირველი სუროგაციით გააჩინა, ორსულობის პირველ პერიოდში„პრეტენზიულები და მომთხოვნები“ იყვნენ:

„განსაკუთრებით, დედა. აკონტროლებდა ყველაფერს. რას ვჭამდი, რას ვსვამდი. მაგრამ შემდეგ, როცა გამიცნო, ნახა, რომ სანდო ადამიანი ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ბავშვი კარგად ყოფილიყო და ორსულობა მშვიდობიანად ჩამთავრებულიყო, შეიცვალა. მშობიარობის დროსაც თავზე მედგა, როგორც მე ვტიროდი, ისე ტიროდა ისიც“, - იხსენებს ნინო.

ბიჭი, რომელიც გააჩინა, მხოლოდ ერთხელ დაინახა:

„სამშობიაროში, გოგოებთან ერთად, სასადილოში მივდიოდი და სწორედ ამ დროს მიჰყავდათ ბავშვი. აი, მაშინ დავინახე. ყველანი ადამიანები ვართ. ცხრა თვე მუცლით ატარებ ბავშვს, ცხადია, რაღაც ემოცია გაქვს, მაგრამ სანამ ემბრიონს ჩემს სხეულში გადაიტანდნენ, საკუთარ თავს ჩავუნერგე, რომ მე ვარ ძიძა, რომელსაც ბავშვი მიაბარეს და ეს ბავშვი 9 თვეში მშობლებს უნდა დავუბრუნო. მართალია ბავშვის გაჩენის შემდეგ სიცარიელეს გრძნობ, მაგრამ ამ მდგომარეობასაც მალე ეჩვევი. ახლა, როდესაც მეორეჯერ ვაჩენ ტყუპებს სუროგაციით, ამ ემოციებზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. ერთადერთი ახლა იმაზე ვღელავ, რომ ბავშვები ნაადრევად არ დაიბადონ და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“.

მშობიარობის შემდეგ, ნინო მეზობლებს ეტყვის, რომ მისი „შვილი“ გარდაიცვალა.

სალომე ახლა 33 წლისაა. ორი შვილი ჰყავს - 11 წლის და 4-ის. უკვე მესამედაა სუროგატი დედა.

20 წლის იყო, როცა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა, რომ სუროგატი დედა გამხდარიყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ მან და მისმა მეუღლემ იცოდნენ. ორსულობის ბოლო თვეებში დედას უთხრა, რომ ცოტა ხნით სოფელში გადადიოდნენ საცხოვრებლად.

„მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და შვილიც თოთო მყავდა. საშინლად გვიჭირდა. არც სახლი გვქონდა, არც ყოველთვიური შემოსავალი. გაზეთში განცხადება ვნახე, სუროგატ დედებს ეძებდნენ. მივხვდი, რომ ბედი უნდა მეცადა. რამდენიმე ათას დოლარს სთავაზობდნენ სუროგატ დედას. ერთბაშად ამდენ ფულს მაშინ ჩვენ ვერაფრით მოვაგროვებდით. დაველაპარაკე ქმარს, ავუხსენი, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და განცხადებაში მითითებულ მისამართზე წავედი. იმ პერიოდის კვალობაზე კარგი პირობები შემომთავაზეს. გამომიკვლიეს, ჯანმრთელი ვიყავი და დავიწყე მზადება. პირველი ბავშვი 2013 წელს გავაჩინე. ისე გავაკეთე ყველაფერი, რომ ამის შესახებ არავის არაფერი გაეგო. დედასაც კი არ ვუთხარი. პირველ სუროგაციაზე ხელზე დაახლოებით 9 ათასი დოლარი ავიღე. იმ თანხით ბინა ვიგირავე, ექვსი წელი ისე ვიცხოვრეთ, ქირაში ფული არ გადაგვიხდია“.

ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით ერთ წელში, სალომემ კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა სუროგაციით. შემდეგ საკუთარი შვილი შეეძინა. ორ თვეში სუროგაციის წესით მესამე ბავშვს ელოდება:

„ძალიან მინდა ბინის შეძენა. იმედი მაქვს, რომ ამ ანაზღაურებით ბოლოს და ბოლოს მოვახერხებ. იცით, მხოლოდ ის მომენტი არ არის, რომ მე ამ საქმეში სოლიდურ ანაზღაურებას ვიღებ. როდესაც გავაცნობიერე, როგორი სიხარულია, როცა ვიღაცას ვაძლევ იმედს, რომ შვილს აიყვანენ ხელში, ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი შვება იყო. ტყუპები გავაჩინე ქართველი წყვილისთვის. ახლა უცხოელი წყვილის შვილს ვაჩენ. ბიჭს, ძალიან მაგარ ბიჭს. ბავშვების გაჩენის შემდეგ, უფრო მეტად სიხარულს ვგრძნობ ხოლმე. ეს ბოლო სუროგაცია იქნება. მეტს აღარ ვგეგმავ. იმედია, სხვებიც გავაბედნიერე და ჩემს ოჯახსაც დავეხმარე“.

„ამას საქმეს რომ ვუწოდებ, ისიც კი მეუხერხულება“ ​

34 წლის ელენე მალე გაიგებს, არის თუ არა ორსულად. უცხოელი წყვილის ემბრიონი ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მის სხეულში. იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, ოთხი არასრულწლოვანი შვილის შენახვა, მას და მის ქმარს სულ უფრო და უფრო უჭირთ.

„არ გვაქვს სახლი. ჩემი ქმარი მშენებლობებზე მუშაობს, ხელოსანია, თუმცა, მისი შემოსავალი საკმარისი არ არის, რომ ბინის გირაობა შევძლოთ. არც მე მაქვს სტაბილური შემოსავალი. ონლაინ მაღაზია მაქვს, ამ საქმით ბევრს ვერაფერს იშოვი “, - მეუბნება ელენე.

ელენეს ქმარმა არ იცის, რომ მისი ცოლი სუროგატი დედობისთვის ემზადება. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმხელს ამ ამბავს, თუკი ორსულობა დადასტურდება. ამ ამბავს, სავარაუდოდ, ეტყვის 13 წლის შვილსაც.

„ახლაც არის საზოგადოებაში დამოკიდებულება, რომ აი, სუროგატია, შვილს ყიდის. მე სადაც ვცხოვრობ, იმ გარემოში, ეს თემა ჯერ კიდევ სამარცხვინოა. თუკი დავფეხმძიმდები, ვიცი, რომ ქმარი გამიგებს. უნდა გამიგოს ყველა ვარიანტში. ჩვენთვის მინდა ეს ყველაფერი“.

ამბობს, რომ თუკი ორსულობა დადგა, მეორედ ამ ნაბიჯს აღარ გადადგამს:

„ბევრი ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ, ცდილობს, ბავშვი არ დაინახოს. მე პირიქით, ალბათ ვნახავდი, თუკი მშობელი ამის უფლებას მომცემდა და თუკი თანახმა იქნებოდა, შეიძლება ბუნებრივი კვებაც მიმეცა, რადგან ბავშვისთვის კარგი იქნებოდა. მე პატარა გოგო აღარ ვარ და შემიძლია საკუთარი ემოციების მართვა. ახლა მთავარია, ეს ორსულობა დადგეს… ოთხი მშობიარობა მაქვს გადატანილი. ამის გარდა, სუროგაციის შემთხვევაში, წამლები, ნემსები, აქეთ-იქით სირბილი, ნერვიულობა, რა როგორ დამთავრდება, ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის ადვილი... მთავარია, ეს ერთი ორსულობა დადგეს და მეტზე აღარ ვფიქრობ“.

პირველი ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით, დაახლოებით 40 წლის წინ, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა.

საქართველოში პირველი ბავშვი სუროგაციის პროგრამით 2007 წელს დაიბადა. როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმას, სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან კანონმდებლობა არეგულირებს.

დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. „მეგობრულად განწყობილ“ ქვეყნებში შედის.

საქართველოში მხოლოდ გესტაციური და ალტრუისტული სუროგაციაა დასაშვები. გესტაციური სუროგაციის დროს, სუროგატ დედას, არ აქვს გენეტიკური კავშირი ბავშვთან, კვერცხუჯრედი პოტენციურ დედას ან დონორს ეკუთვნის ან პროცედურაში გამოყენებულია პოტენციური მამის ან დონორის სპერმა. ალტრუისტული სუროგაციისას, სუროგატი დედა უანგაროდ აჩენს ბავშვს.

საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით, სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვის მშობლებად ითვლება მხოლოდ წყვილი, ვისთანაც სუროგატ დედას გაფორმებული აქვს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება.

იგივე კანონი განმარტავს, როდის არის ნებადართული სუროგაცია. მაგალითად, როდესაც არსებობს გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკი ან ვთქვათ ქალს არ აქვს საშვილოსნო.

კრედიტით „შეძენილი შვილები“ ​

50 წლის მაია და მისი 62 წლის ქმარი, 11 წელი ელოდნენ შვილს. ამ ხნის განმავლობაში მკურნალობის არაერთ გზას, ემოციურად და ფიზიკურად რთულ პროცედურებს მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ერთადერთი შანსი, რომ ცოლ-ქმარს შვილი ჰყოლოდა, სუროგაცია იყო.

მაია და მისი ქმარი ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონიდან არიან. აქვთ საკუთარი მეურნეობა, ვენახი. ჰყავთ საქონელი, ფუტკარი. სუროგატი დედის აყვანა რომ გადაწყვიტეს, შემოსავლის დაზოგვა დაიწყეს, თუმცა, 20 ათასი დოლარის შეგროვება ბოლომდე მაინც ვერ მოახერხეს და ბანკიდან კრედიტი აიღეს.

„ჩვენი შრომით შეგროვებული თანხა ბანკში შევიტანეთ, იქ პატარა პროცენტიც ემატებოდა. მთლიან თანხას მაინც ვერ მოვუყარეთ თავი და ბანკიდან სესხის აღება დამჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ, ახლა ანგელოზივით შვილები მყავს - ბიჭი და გოგო“.

მაიას ტყუპები 10 თვის წინ გაჩნდნენ. ორსულობის პერიოდში სუროგატ დედას არ შეხვედრია. თავად გადაწყვიტა ასე. თუმცა, მეუბნება, არაჩვეულებრივი ქალი იყოო.

“[შუამავლების პირით] შემომითვალა, როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვუვლი შენს ტყუპებსო. მისი მადლიერი ვარ. თავადაც იცოდა, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის. მის ყოველ ვიზიტს ექიმთან, ისე განვიცდიდი, თითქოს მე დავდიოდი შემოწმებაზე“.

მაიას დეტალურად ახსოვს ის საღამო, როცა თბილისიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სუროგატ დედას მშობიარობა დაეწყო:

„14 იანვრის საღამო იყო, მოულოდნელად დამირეკეს. მშობიარობა ნაადრევად დაეწყო. თბილისიდან რამდენიმე საათის სავალზე ვცხოვრობ. ისე ვინერვიულე, ის ღამე ძლივს გავათენე. აქ, ჩვენთან, დიდი თოვლი იყო, სამარშრუტო ტაქსით წამოვედი. შუა გზაში ვიყავი, დამირეკეს, გილოცავთ, თქვენი შვილები დაიბადნენო. გარშემო უცხო ხალხი მეხვია, აღარ ვიცოდი, როგორ გამომეხატა ემოცია. ვერც ვიტირე, ვერც ვიყვირე. აღარც მახსოვს, როგორ მივედი სამშობიაროში. იმ პერიოდში, კოვიდ-პანდემიის გამო კარანტინი იყო. ამიტომ ბავშვების სანახავად ვერ შეგვიშვეს, თუმცა, ექიმმა სურათები გამოგვიტანა. ჩემი შვილები ორსულობის რვა თვეზე დაიბადნენ, ერთი თვე სამშობიაროში გაატარეს. ყოველ დღე ვრეკავდი და დავდიოდი მათ სანახავად. მთელი რაიონი ჩვენს გვერდით იდგა“.

დღეს საქართველოში 15-მდე ინ ვიტრო ანუ დამხმარე რეპროდუქციული კლინიკა ფუნქციონირებს. არსებობს სუროგაციის არაერთი სააგენტოც, რომლებიც ეძებენ სუროგატი დედებს და მათ უშვილო წყვილებთან აკავშირებენ.

სუროგაციის სააგენტოები კლინიკებთან ერთად გეგმავენ და მეთვალყურეობას უწევენ სუროგატი დედების ორსულობას. ეხმარებიან წყვილებს ბავშვის რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების გაფორმებაში, იქნება ეს ცნობები კლინიკიდან ემბრიონის გადატანის შესახებ თუ ახალშობილის სამგზავრო დოკუმენტები.

თამარ გვაზავა 15 წელია მუშაობს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების, ანუ სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით. ამ სფეროში ის 2007 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან ჩაერთო, როდესაც საქართველოში სუროგაციის გზით პირველი ბავშვი დაიბადა. უკანასკნელი ცხრა წელია ბიზნეს-პარტნიორთან ერთად სუროგაციის საკუთარ სააგენტოს ფლობს.

მეუბნება, რომ 2007 წლიდან დღემდე, მის ხელში 3000-ზე მეტი ბავშვია დაბადებული:

„აგიხსნით რაშია ჩვენი ფუნქცია. კლინიკას და ექიმს არ აქვს იმის დრო, რომ სუროგატს მიაქციოს ყურადღება და გააკონტროლოს, რომ ის ნამდვილად სვამს წამალს, ნამდვილად სწორ დროს მიდის ვიზიტზე, ნამდვილად აქცევს ყურადღებას როგორც საკუთარ, ისე ემბრიონის ჯანმრთელობას და გარდა ამისა, ჩვენ ვართ შუამავალი რგოლი, წყვილს, კლინიკას და სუროგატ დედას შორის. წყვილებს ვაწვდით ინფორმაციას საქართველოში მოქმედ ინ ვიტრო კლინიკებთან დაკავშირებით. ხშირად გვეკითხებიან, სტატისტიკურად, რომელ კლინიკას უფრო კარგი შედეგი აქვს, რომელს უფრო ვენდობით და მათ ამ ინფორმაციასაც ვაძლევთ. გარდა ამისა, სააგენტო კლინიკებისგან იღებს დეტალურ ინფორმაციას სუროგატი დედების კვლევების შესახებ, ექოსკოპიური კვლევების შედეგებს, ანალიზების პასუხებს, რასაც ჩვენ უკვე ვაწვდით იმ წყვილს, ვის შვილსაც სუროგატი დედა მუცლით ატარებს“.

იმისათვის, რომ ქალი სუროგაციის პროგრამაში ჩაერთოს, ის რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მოთხოვნებს სუროგაციის სააგენტოები თავად ადგენენ. ქალი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 38 წელს. გარდა ამისა, სააგენტოების უმეტესობა ითხოვს, რომ სუროგაციის პროგრამაში ჩართვამდე, ქალს ერთი საკუთარი შვილი მაინც ჰყავდეს. სააგენტოები ამ მოთხოვნას ერთი მხრივ იმით ხსნიან, რომ სუროგატ დედას ნაკლები ემოციები გაუჩნდება მის მიერ გაჩენილი ბავშვის მიმართ. მეორე მხრივ კი, ორსულობის გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, გააზრებული თანხმობა განაცხადოს სუროგაციაზე.

ვინ არიან სუროგატი დედები? ​

თამარ გვაზავა წლებია სუროგატ დედებთან ურთიერთობს. ამ ხნის განმავლობაში, პირადი პრაქტიკიდან ერთადერთი შემთხვევა ახსენდება, როდესაც ახალგაზრდა ქალმა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა სუროგატი დედობა, რომ საკუთარი სწავლა დაეფინანსებინა.

„ის გოგო სამედიცინოზე სწავლობდა. ჰყავდა პატარა შვილი. მოვიდა და გვითხრა, რომ უნდოდა გამხდარიყო სუროგატი დედა და მიღებული ანაზღაურებით მაგისტრატურაში გაეგრძელებინა სწავლა. უნდოდა, რომ პროფესიაში წარმატებული ყოფილიყო, ამისთვის კი სწავლის გაგრძელება სჭირდებოდა”.

საქართველოში უიშვიათესი გამონაკლისია ალტრუისტული სუროგაციაც. თამარ გვაზავა მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც დამ ბავშვი თავისი დისთვის გააჩინა.

“სუროგატი დედების უმრავლესობა ამ ნაბიჯზე უმძიმესი სოციალური პირობების გამო მიდის. ამ ქალებს ჰყავთ შვილები, არ აქვთ სახლები, არ აქვთ შემოსავალი. ჰყავთ ქმრები, რომელსაც ვალები აქვთ. ამგვარი სიტუაციის გამო, ქალი რომ ადგება და სუროგაციაზე დათანხმდება, ეს შესაძლოა ქალის ერთგვარ იძულებადაც განვიხილოთ. მქონია შემთხვევა, როდესაც ქმარმა მთლიანად დაუხარჯა ქალს სუროგაციის შედეგად აღებული ფული. გოგომ მხოლოდ ტელეფონის და საწოლის ყიდვა მოასწრო, მაგრამ საბოლოოდ, იძულებული გახდა, რომ ეს ნივთებიც გაეყიდა, რომ ქმრის ვალები დაეფარა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქალების ოჯახური მდგომარეობის შესახებ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივიღოთ. ვზრუნავთ, რომ ორსულობის პერიოდში, არ შეექმნათ პრობლემები. მაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წყვილი გვეკითხება, რა შეიძლება დამატებით გააკეთონ სუროგატი დედისთვის, რომ მისი ორსულობა ნორმალურად წარიმართოს. რაკი ქალების დიდი ნაწილი ძალიან გაჭირვებულია, წყვილებისთვის მირჩევია, რომ უყიდონ, მაგალითად, სარეცხის მანქანა, რომ გაყინულ წყალში არ რეცხონ სარეცხი ორსულობისას“.

იმის გამო, რომ სუროგატი დედების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ქალები არიან, თამარ გვაზავა ამბობს, რომ მათი 80% მშობიარობიდან მალევე უკან ბრუნდება:

“ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში, სუროგაციის განმეორება დასაშვებია ექვსი თვის შემდეგ, თუმცა, ისე ჭირს სუროგატი დედები, რომ ზოგიერთი სააგენტო სამი თვიდან აძლევს ქალებს ამის საშუალებას, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არის შემთხვევები, როდესაც მეხვეწებიან, გავრისკავ, სხვა გამოსავალი არ მაქვს, ძალიან მჭირდება ფული, მაგრამ ვპასუხობ, რომ არანაირი ფული არ ღირს იმ რისკის ფასად, რომ საკუთარი შვილები დედის გარეშე დატოვონ. მადლობა ღმერთს, ამ ხნის განმავლობაში, სუროგატი დედის გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ მქონია“.

სუროგაციის პროგრამაში ჩართვამდე, გარდა აუცილებელი კვლევებისა, ქალები გადიან გასაუბრებასაც, სადაც მათი ფსიქოლოგიური მზაობა მოწმდება:

„ქალს, რომელსაც უჭირს, რომელსაც უნდა, რომ შვილებისთვის გარემო შეცვალოს, დამიჯერეთ, ისეთი დიდი მოტივაცია აქვს, რომ ფსიქოლოგიურად საკმაოდ მყარები არიან“.

მეტროთი თუ მგზავრობთ, მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით რამდენიმე სადგურში, ბაქანთან გამოკრულ მანათობელ ბანერს, რომელზეც ახალგაზრდა, მომღიმარი, ბედნიერი ორსული ქალის ფოტოა გამოსახული. ფოტოს გასწვრივ კი მიწერილია, რომ სუროგაციის ერთ-ერთი სააგენტო „19-დან 38 წლამდე ქალბატონებს სთავაზობს ანაზღაურებას 60 000-დან 70 000 ლარამდე“. ანუ, დაახლოებით 20 ათასიდან 25 ათას დოლარამდე.

სუროგატ დედებს იწვევენ განათების ბოძებზე გამოკრული, სახელდახელონ ამობეჭდილი განცხადებებითაც. აი ისეთით, საკონტაქტო ნომერი რომ უნდა მოახიო.

სინამდვილეში, სუროგაციის პროგრამის ღირებულება გაცილებით ნაკლებია.

დღეს სუროგატი დედის ანაზღაურება საქართველოში 15-დან 20 ათას დოლარამდე მერყეობს. ამ თანხაში შედის ე.წ. ორსულობის ყოველთვიური სარჩო, 300 დოლარი, რაც მთლიანი ღირებულებიდან იქვითება. იმ შემთხვევაში, თუკი სუროგატი დედა ტყუპებს გააჩენს, ის დამატებით კიდევ 2000 დოლარს აიღებს.

სუროგატ დედებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, თუკი ორსულობა წყდება 24 კვირამდე არა სუროგატი დედის მიზეზით, წყვილი ფარავს სუროგატი დედის სამედიცინო პროცედურების ხარჯს, ხოლო ქალს უხდის 500 დოლარს. იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა წყდება 24 კვირიდან 32 კვირამდე, მაშინ წყვილმა სუროგატ დედას 5 500 დოლარი უნდა გადაუხადოს.

სუროგაციის შესახებ ხელშეკრულება სტანდარტულია. იუსტიციის მინისტრის 2020 წლის ბრძანების თანახმად, მხარეები ვალდებული არიან, სუროგაციის შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნით მიმართონ ერთ ნოტარიუსს და ხელი მოაწერონ სანოტარო აქტს. ხელშეკრულების დადებისას, სუროგატი დედა ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ნოტარიუსთან ხელის მოსაწერად. მას არ აქვს უფლება, გარიგება დადოს წარმომადგენლის მეშვეობით.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების გარეშე სუროგატი დედის აყვანა, ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთ-ერთი სუროგატი დედა გვიყვება, რომ მის მეგობარს, რომელმაც ბავშვი უცხოელი წყვილისთვის გააჩინა, ხელშეკრულება არ გაუფორმებია:

“რამდენიმე წლის წინ, სწორედ ჩემი მეგობრისგან გავიგე სუროგაციის შესახებ და სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი სუროგაციაზე. ვაკვირდებოდი, როგორ მიმდინარეობდა მისი ორსულობა, ნამდვილად გადაუხდიდნენ თუ არა დაპირებულ თანხას. მითხრა, ორ ფურცელს მოვაწერე ხელი, თუმცა, ჩემთვის არანაირი ხელშეკრულება და დოკუმენტი არ დაუტოვებიათ, ორივე ფურცელი თავად წაიღესო. საბედნიეროდ, წყვილმა ქალს თანხა გადაუხადა. ჩემს შემთხვევაში, ნოტარიულად გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც ყველა დეტალი გაწერილია და უფრო მშვიდად ვარ”, - მიყვება სუროგატი დედა.

მისი ხელშეკრულება 16-გვერდიანია, სადაც დეტალურადაა გაწერილი როგორც სუროგატი დედის ისე, პოტენციური მშობლები ვალდებულებები.

ხელშეკრულებაში წერია, რომ:

  • ემბრიონის გადატანის მომენტიდან მშობიარობამდე, სუროგატმა დედამ მკაცრად უნდა დაიცვას ექიმის მითითებები. არ შეასრულოს ფიზიკური სამუშაო.
  • პოტენციური მშობლების მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეხვდეს პოტენციურ მშობელს.
  • მშობიარობის შემდგომ არ გამოკვებოს ბავშვი ძუძუთი. ბავშვის დაბადების მომენტიდან არ იქონიოს არანაირი კონტაქტი ბავშვთან.
  • აკრძალულია ნებისმიერ პირთან, მათ შორის ქმართან, სექსუალური კავშირი.
  • ხელშეკრულების დადების მომენტიდან, სუროგატ დედას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიის დატოვება. ქალაქის დატოვების უფლება აქვს მხოლოდ პოტენციური მშობლებისა და ექიმის წერილობითი თანხმობის შემთვევაში.

იაფი სუროგაციის პროგრამებია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უცხოელი წყვილები სუროგატ დედებს საქართველოში ეძებენ. მაგალითად აშშ-ის ზოგიერთ შტატში, სუროგაცია დაახლოებით 150 000 - 200 000 დოლარი ჯდება, 10-ჯერ ძვირი ვიდრე საქართველოში.

როგორც თამარ გვაზავა გვეუბნება, დღეს, საქართველოში, სუროგაციისა და დონაციის მომხმარებლების 99% უცხოელი წყვილები არიან.

სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისათვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.

 

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, უცხოელი წყვილების უმრავლესობამ საქართველოსკენ გადმოინაცვლა. დღეს ჩვენთან ძალიან გაზრდილია მოთხოვნა. სუროგატების მოძიება კი ჭირს. 3 მილიონიან საქართველოში, განა, რამდენმა ქალმა უნდა მოისურვოს სუროგატი დედობა? უკვე ვეძებთ გზებს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიყვანოთ სუროგატი დედობის მსურველები, აქ მოხდეს ემბრიონების გადატანა, შემდეგ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში, ხოლო ორსულობის ბოლო თვეებში ისევ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ იმშობიარონ“, - ამბობს თამუნა გვაზავა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა ირლანდიიდანაც. თუმცა, ირლანდიის კანონმდებლობა ითხოვს, რომ სუროგატ დედას აუცილებლად ჰყავდეს ადვოკატი. საქართველოში უკვე არსებობს პრეცედენტი, როდესაც სუროგატ დედასა და ირლანდიელ წყვილს შორის ხელშეკრულების გაფორმებისას, სუროგატი დედის ინტერესებს ადვოკატი იცავდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უცხოელი წყვილები საქართველოში ცდილობენ სუროგატი დედების პოვნას ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ წყვილებს აძლევს უფლებას ბავშვის გაჩენისთანავე დაბადების მოწმობაში მშობლებად ჩაეწერონ.

და რაც მთავარია, საქართველო უცხოელი წყვილებისათვის მიმზიდველია იმის გამოც, რომ აქ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სუროგაცია არ არის აკრძალული.

ვინ და რატომ კრძალავს სუროგაციას? ​

ძირითადი მიზეზი ქალებისა და ბავშვების უფლებებია.

სუროგაციის მოწინააღმდეგე ჯგუფში შემავალი ქვეყნები თვლიან, რომ:

  • სუროგაცია არღვევს ბავშვისა და სუროგატი დედის ღირსებას და მათ რიგითი კონტრაქტების ობიექტებად აქცევს;
  • სუროგაცია ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს;
  • არ შეიძლება კერძო შეთანხმების საგანი გახდეს არც ადამიანის სხეული და არც პირთა სამოქალაქო სტატუსი

2022 წლის მონაცემებით, სუროგაცია დაშვებულია სულ რამდენიმე ქვეყანაში:

ავსტრალია, საქართველო, კანადა, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლაოსი, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი და ინდოეთი.

ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის პროცესში მონაწილეობა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება.

ამ ქვეყნებში ჯარიმა ან პატიმრობა შეიძლება დაეკისროთ როგორც პოტენციურ მშობლებსა და სუროგატ დედას, ასევე სამედიცინო პერსონალსა და „შუამავლებს“.

მაგალითად, გერმანიის კანონმდებლობით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ეკისრება „ნებისმიერ პირს“, რომელიც სუროგატ დედას საშვილოსნოში ემბრიონის გადატანაში დაეხმარება.

რას ამბობს კანონმდებლობა სუროგაციის შესახებ საქართველოში?

საქართველოში სუროგაციას რამდენიმე ნორმატიული აქტი და ბრძანება არეგულირებს, მათ შორის:

კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“
კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“


ბევრი სხვა ქვეყნის, მათ შორის, „სუროგაციის მეგობარი ქვეყნების“ ადგილობრივი კანონმდებლობებისგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს პოტენციური მშობლების ან სუროგატი დედის ასაკს და მოქალაქეობას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება იყოს პოტენციური მშობელი ან გასწიოს სუროგატული მომსახურება. არსებობს მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა - სუროგაციის პროგრამაში მოანაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ წყვილს.

ნინო ბოგვერაძე
ნინო ბოგვერაძე

“სუროგაციის მსურველი წყვილი აუცილებლად უნდა იყოს ქალი და მამაკაცი. თუმცა, თვითონ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში, ერთ შემთხვევაში მოხსენიებულია წყვილი, მაგალითად, „წყვილის წერილობითი თანხმობა“, მეორე შემთხვევაში, „ცოლი, ქმარი“, რაც უკვე კითხვის ნიშანს აჩენს - აუცილებლად ოფიციალურ ქორწინებაში უნდა იყოს წყვილი, რომ სუროგაციას მიმართოს? მსგავსი რამ კანონში მოთხოვნის სახით არ წერია და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოდთ, რომ ცალსახად, მხოლოდ წყვილზეა საუბარი და მარტოხელა ადამიანს არ აქვს უფლება გამოიყენოს სუროგაცია, რაზეც, როგორც იურისტს, მაქვს კითხვის ნიშნები. მაგალითად, თუკი იგივე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, რომ მარტოხელა ქალს აქვს უფლება, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების გზით, დონორის სპერმის გამოყენებით გააჩინოს ბავშვი, მარტოხელა ქალს, რომელსაც არ აქვს საშვილოსნო ან არ შეუძლია მშობიარობა, რატომ არ შეიძლება ისარგებლოს სუროგატი დედის დახმარებით? ეს ჩემთვის დისკრიმინაციულია ჩანაწერია“, - ამბობს იურისიტი ნინო ბოგვერაძე, რომელიც წლებია იკვლევს სუროგაციის სამართლებრივ რეგულირების პრობლემებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. ის თვლის, რომ ქართული კანონმდებლობა ძალიან ზოგადია და ხარვეზიანი:

„თუკი დავინტერესდებით, რა მოთხოვნებია სუროგაციასთან დაკავშირებით, უნდა ჩავხედოთ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს, კერძოდ 143-ე მუხლს. და რას ვნახავთ ამ კანონში? ზოგად განმარტებებს, ერთ მუხლს, სადაც ტერმინოლოგიური განმარტებების პრობლემაც კი გვაქვს. ელემენტარულად, კანონმდებლობაში ისიც კი არ არის განმარტებული, რა არის სუროგაცია“.

საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს სპეციალურ პირობებს იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ, სადაც შესაძლებელია, ზოგადად რეპროდუქციული ტექნოლოგიების ან კონკრეტულად სუროგატი დედის ჩართულობით ინ ვიტრო განაყოფიერება. კანონმდებლობაში არ დევს სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკურ თუ უკანონო საქმიანობის კონტროლის მექანიზმი.

2019 წლის ანგარიშში, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს ეხება, სახალხო დამცველი წერს, რომ სახელმწიფო სუროგაციას აღიქვამს არა როგორც ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს, არამედ, როგორც სოციალურ მოვლენას. შესაბამისად, გარემო დისკრიმინაციულია, როგორც სუროგატი დედებისთვის, ასევე მომავალი მშობლებისთვის. ომბუდსმენი რამდენიმე რეკომენდაციასაც იძლევა, მათ შორის, “რეპროდუქციული ტურიზმის“ პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, მისი თქმით, სავალდებულო უნდა იყოს წყვილისთვის საქართველოში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია და სუროგატი დედის მინიმალური ასაკის განსაზღვრა, რომელიც ბავშვის უფლებების კონვენციით გათვალისწინებულ 18 წელსა და სრულწლოვნობის ასაკზე ზევით უნდა იყოს, რათა გარანტირებული იქნას სუროგატი დედის მოწიფულობა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მის ჯანმრთელობასა და ორსულობაზე მომავალში შესაძლო ზემოქმედების საფრთხეების გააზრების უნარი.

სტიგმა, რომელსაც სუროგატმა დედებმა ვერ დააღწიეს თავი ​

ანთროპოლოგები, ელენე გავაშელიშვილი და ქეთევან გურჩიანი სამი წელია იკვლევენ სუროგაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამ წლების განმავლობაში მათ არაერთ სუროგატ დედასთან მოუწიათ შეხვედრა.

პირველი, რაც აღმოაჩინეს, იყო ის, რომ მიუხედავად უკანასკნელ წლებში შეცვლილი საზოგადოებრივი აზრისა, სუროგატმა დედებმა დღემდე ვერ დააღწიეს თავი სტიგმას. დღემდე ითვლება, რომ „ისინი არიან ქალები, რომლებსაც შეუძლიათ იმ ბავშვთან განშორება, რომელიც საკუთარ მუცელში გაზარდეს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სუროგატ დედას არანაირი ბიოლოგიური კავშირი არ აქვს ნაყოფთან, საზოგადოების ნაწილი, ქალების სხეულში გადატანილ ემბრიონს და შემდეგ უკვე ნაყოფს, ქალების „შვილებად“ თვლის.

ელენე გავაშელიშვილის თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ სუროგატი დედები, საგულდაგულოდ მალავენ ვინაობას, ძალიან ხშირად კი ორსულობის ბოლო თვეებში სახლებს ტოვებენ და იქ გადადიან, სადაც მათ არავინ იცნობს:

ელენე გავაშელიშვილი
ელენე გავაშელიშვილი

„ერთი მხრივ, სუროგატი დედები თავიანთ მდგომარეობაზე საუბრისას, მუდმივად იმეორებენ სხვადასხვა მეტაფორას, რომ ისინი არიან ინკუბატორები, დროებითი თავშესაფრები, არასდროს უწოდებენ ნაყოფს „შვილს“, ყოველთვის ამბობენ - ბავშვი. ეს ბავშვი. ის ბავშვი. მაგრამ ამასთანავე, იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ინდივიდუალობა, ყვებიან, როგორ მზრუნველად ეპყრობოდნენ ნაყოფს ცხრა თვის განმავლობაში. ეს ქალები სწორედ ამ გზით ებრძვიან სტიგმას. ისინი ცდილობენ აგიხსნან და გაჩვენონ, რომ აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს, როგორც უშვილო წყვილებისთვის, ისე საკუთარი ოჯახისა თუ შვილებისთვის. ამ ქალებს ეუბნებიან, რომ ბავშვებს ყიდიან. ეს ქალები კი ცდილობენ, რომ ამ იარლიყს შეებრძოლონ იმ ზრუნვით, რომელსაც ისინი საუბრისას აღწერენ. გვიყვებიან, რომ არა თუ მხოლოდ ორსულობისას ზრუნავდნენ ნაყოფზე, არამედ მისი გაჩენის შემდეგაც ღელავდნენ მათზე“.

ქეთი გურჩიანი იკვლევს არა მხოლოდ სუროგატ დედებს, არამედ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებსა და მათ უფლებებს. მეუბნება, რომ მთელ ამ პროცესში, ყველაზე ნაკლებად სწორედ ბავშვები ჩანან.

ქეთევან გურჩიანი
ქეთევან გურჩიანი

„27 კვირის ორსულმა სუროგატმა დედამ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიწვია მშობიარობა ხელოვნურად, რომ დედა გაუხდა ავად. მისი ორსულობის შესახებ არავინ იცოდა, ცხადია, არც დედამ და იძულებული იყო, სახლში დაბრუნებულიყო. მას სწორედ სტიგმა უბიძგებდა დამალვისკენ და იძულებული გახდა, ტყუპი ბიჭები ნაადრევად გაეჩინა. ბავშვები ინკუბატორში ვნახე. ამან დამანახა, თუ რას უშვრება მთელ ამ პროცესს სტიგმა…მათ იციან, რა ვადამდე უნდა მიიყვანონ ორსულობა, რომ ეს ფატალურად არ დასრულდეს ბავშვებისთვის, თუმცა, შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობის გამო, ბავშვები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებით დაიბადონ, მაგალითად, არ ჰქონდეთ ჩამოყალიბებული თვალის ბადურა, რის გამოც მათ მთელი ცხოვრება ექნებათ მხედველობის პრობლემა“.

ქეთი თვლის, რომ იმ რისკთან, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ემოციებთან შედარებით, რასაც სუროგატი დედები ეწევიან, ეს ქალები ძალიან მწირ ანაზღაურებას იღებენ:

„ეს ანაზღაურება არ არის მათი შრომის შესაბამისი… რატომ არის მეტროში გამოკრული რეკლამები სუროგაციის შესახებ? იციან, რომ მათი სამიზნე ჯგუფი მეტროთი გადაადგილდება“.

სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში.

როგორც თამარ გვაზავა, სუროგაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გვიყვება, კოვიდ-რეგულაციებისა და ჩაკეტილი საზღვრების გამო, უცხოელი წყვილები ვერ ახერხებდნენ საქართველოში დროულად ჩამოსვლას და შესაბამისად, ბავშვები რამდენიმე თვის განმავლობაში მშობლებისგან შორს იზრდებოდნენ: “ჩვენ იძულებულები ვიყავით, მათთვის გვექირავებინა ძიძები, სახლები".

კონტროლი სუროგატ დედაზე ​

სუროგატი დედებისთვის, ერთი მხრივ, გასაგებია, ის ღელვა და მოლოდინი, რაც მათ სხეულში მყოფი ნაყოფის ბიოლოგიურ ოჯახს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც კონტროლი იმდენად უხეშია, რომ ისინი „კონტრაქტის ობიექტებად“, „ჭურჭლებად“ იქცევიან.

“ხშირად სუროგატი დედები და ასევე სააგენტოებიც ამბობენ, რომ წყვილი ზედმეტად ერევა სუროგატი ქალების ცხოვრებაში. სურთ, რომ აკონტროლონ თითოეულ მათი ნაბიჯი. გვქონდა ასეთი მაგალითიც, რომ სუროგატ დედასთან გვიან ღამით მივიდნენ ბავშვის მშობლები და შენიშვნა მისცეს დედას, რატომ გაქვს ცალი ლოყა ჩაწითლებული, ალბათ სულ ერთ მხარეს გძინავს, რაც ნაყოფისთვის საზიანოაო. აკონტროლებენ, ნამდვილად სვამენ თუ არა წამლებს, ვიტამინებს. წყვილებს ეშინიათ, რომ ფულს, რომელსაც ეს ქალები ყოველთვიურად, მათ შორის, ჯანმრთელობის საკითხების მოსაგვარებლადაც იღებენ, შესაძლოა, სხვა მიმართულებით დაიხარჯოს“, - ყვება ელენე გავაშელიშვილი.

როგორ აისახება სუროგაცია ქალების ჯანმრთელობაზე? ​

სახალხო დამცველი 2019 წლის ანგარიშში, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს ეხება, წერს, რომ სუროგატი ქალები, რომლებიც ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა გამოკითხეს, ყვებიან, რომ ორსულობის დადგომამდე და მას შემდეგაც, ექიმები უნიშნავენ მედიკამენტებს, რომლებიც მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება, იწვევს მადის, წონის მატებას.

როგორც კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი რევაზ ბოჭორიშვილი გვიხსნის, იქიდან გამომდინარე, რომ სუროგაციის შემთხვევაში, ორსულობა „ხელოვნურად ეწყობა“, ქალის სხეული ამისათვის სპეციალურად, მედიკამენტოზურად უნდა მომზადდეს. ორსულობის დადგომის შემთხვევაში კი ნაყოფის შესანარჩუნებლად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალმა დამატებითი მედიკამენტები უნდა მიიღოს. თუმცა, ეს პროცესი ხანგრძლივ პერსპექტივაში, მის ჯანმრთელობაზე გავლენას ვერ მოახდენს:

რევაზ ბოჭორიშვილი
რევაზ ბოჭორიშვილი

„მომზადების პროცესში, პირველი ათი დღის განმავლობაში, ქალს ენიშნება ესტროგენები და მას შემდეგ, რაც მოხდება ქალის სხეულში ემბრიონის ინპლანტაცია, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ორსულობა, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ქალმა უნდა მიიღოს პროგესტერონი. ცხადია, ეს მედიკამენტები ბუნებრივთან მიახლოებულია, მაგრამ მაინც სინთეტური პრეპარატებია და ამიტომ არის ხოლმე გარკვეული გვერდითი მოვლენები, მაგალითად, ესტროგენების მიღების ფაზაში შეიძლება იყოს მკერდის დაჭიმვა, რაც ბუნებრივი ორსულობის დროსაც ნორმაა. მაგრამ უფრო მეტი დისკომფორტი, რასაც ქალები აღწერენ ხოლმე და რისი გადატანაც უჭირთ, ეს არის პროგესტერონი. პროგესტერონი ამცირებს ნაწლავის პერესტალტიკას. ამიტომ არის, რომ ქალებს ამ დროს ხშირად აწუხებთ ყაბზობა, მუცლის შებერილობა, კუჭის ტკივილები. ამ მედიკამენტს ხანგრძლივად იღებენ და ამიტომ ნიშნებიც უფრო ხანგძრლივადაა. ეს ჰორმონი იწვევს სითხის შეკავებასაც, შეშუპებას. როგორც კი ესტროგენისა და პროგესტერონის მიღება წყდება, ეს ნიშნებიც უნდა გაქრეს. გარდა ამისა, როდესაც ქალი სუროგაციისთვის ემზადება, მას ოვულაცია არ უნდა დაუდგეს, ამიტომ ოვულაციის დასაბლოკად კეთდება კიდევ ერთი ინექცია. ოვულაციის დამბლოკავი პრეპარატი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ინექციაა, საკმაოდ ძლიერი პრეპარატია და შესაძლოა, გამოიწვიოს, ე.წ. ალები, თავის ტკივილი. ხელოვნურად შექმნილი მოსამზადებელი ციკლის და ორსულობის შესანარჩუნებელი მკურნალობის გამო არის გარკვეული გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს გვერდითი მოვლენები გაივლის და მათი შორეული უარყოფითი შედეგები არ არსებობს. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, გართულებები ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ასპექტი და მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით სუროგატ დედებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ“.

2017 წელს, შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 124 სუროგატი დედა მონაწილეობდა, აჩვენა, რომ გესტაციური სუროგაციისას ხშირია ნაადრევი მშობიარობისა და მცირე წონის ბავშვების დაბადების რისკი. გარდა ამისა, გესტაციური სუროგაციისას არსებობს გართულებების უფრო მაღალი რისკი, მათ შორის, ისეთი გართულებების, როგორიცაა გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, პლაცენტა პრევია და მშობიარობა საკეისრო კვეთით.

სახალხო დამცველი წერს, რომ სუროგატი დედებისთვის არცერთ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული ფსიქოლოგიური დახმარება. პრობლემაა სუროგატი დედებისთვის მშობიარობის შემდგომი სერვისებიც.

კონსულტაციის “ ერთი რიგითი” დღე ​

ლანა ქმართან ერთად, ერთ-ერთი კერძო კლინიკის ფოიეში ელოდებოდა საკუთარ რიგს, როცა კარი გაიღო და კლინიკაში ქალების ჯგუფი შემოვიდა.

„მაშინვე მიიქციეს ყურადღება - მოდიოდნენ ერთად, ორგანიზებულად. არ ვიცი, რამდენად სწორია ამის აღნიშვნა, მაგრამ ამ ქალებს ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ, რომ მათი ცხოვრება დალხენილი არ იყო“, - მიყვება ლანა, რომლისთვისაც ექიმთან ვიზიტის ერთი რიგითი დღე იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ამ ამბავს ორი წლის თავზეც ვერ იხსენებს ემოციის გარეშე.

ქალები ლანას სიახლოვეს ჩამოსხდნენ. დიალოგებიდან გაარკვია, რომ ისინი სუროგატი დედები იყვნენ:

„როგორც საუბრიდან მივხვდი, სპეციალურად მათთვის, ტრანსპორტი იყო გამოყოფილი და ისინი რეგიონებიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი. ქალები ერთმანეთს იცნობდნენ, უზიარებდნენ პირად განცდებს, ვინ რომელ თვეში იყო. ამ გაპრიალებულ სივრცეში, დავინახე ქალები, რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ ცხოვრების სირთულეები. განსხვავდებოდნენ იმ ფოიეში მსხდომი სხვა ქალებისგან, რომლებიც ქმრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მოსულები კონსულტაციაზე“.

ლანა იხსენებს, რომ ქალები მცირე ინტერვალებით, წყვილად შეჰყავდათ ექოსკოპიის კაბინეტში:

„რაღაც მომენტში, კაბინეტის კარი გაიღო და ატირებული ქალი გამოვიდა. სამ სიტყვას იმეორებდა - ბავშვის გული გაჩერდა, ბავშვის გული გაჩერდა. საშინელ დღეში იყო, თითქოს თავს იმართლებდა, გარშემო შემოხვეულ ქალებს ეუბნებოდა, რომ ძალიან ბევრი იწვალა, რომ ორსულობა როგორმე შეენარჩუნებინა. ამშვიდებდნენ, ამხნევებდნენ, მათ შორის, ექიმებიც, მაგრამ ვერ წყნარდებოდა. არ მავიწყდება მისი სიტყვები - „მშობლებს როგორ ვუთხრა“... სავარაუდოდ, ყველაფერს ერთად ტიროდა, მის მუცელში გარდაცვლილ სხვის შვილსაც და თავისი შვილებისთვის დაკარგულ ლუკმასაც“.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2019 წლისთვის საქართველოში არ არსებობდა სტატისტიკური მონაცემები სუროგაციის შესახებ.

რამდენი ბავშვია დაბადებული საქართველოში სუროგაციის გზით? მათ შორის, რამდენი უცხოელი წყვილებისთვის? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა. მათ კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამისამართეს, საიდანაც 24 ოქტომბერს მოვიდა პასუხი, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ სტატისტიკას“. პირველი კითხვა ყველანაირი რეაგირების გარეშე დარჩა.

* სუროგატი დედებისა და დედის სახელი, რომელსაც ტყუპები სუროგაციის გზით შეეძინა, ანონიმურობის დაცვის მიზნით შეცვლილია.

 
მასალა მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ
ავტორი - ნინო თარხნიშვილი
 
 

 

მშობლები