იასამნისფერი კარტოფილი "ბარბალესგან" - კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი დიდმანიძე "მშობელთან" საუბარში აცხადებს, რომ კარტოფილი ბიოლოგიურად სუფთაა და უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.
"იასამნისფერი კარტოფილი ჩვენმა მეგობარმა ჩამოიტანა სამი წლის წინ და შემოგვთავაზა. ჩვენც გადავწყვიტეთ რომ მოგვეყვანა და უკვე მეორე წელია გაყიდვაშია. წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდანაა, მოხსენიებულია მე-18 საუკუნიდან, არაგენომოდიფიცირებულია. მდიდარია ანტოციანებით, მინერალებით და ვიტამინებიათ. განსაკუთრებით სასარგებლოა ვირუსების პერიოდში. ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას, კალცს, ბე ჯგუფის ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს. ყოველდღიური მოხმარება აუმჯობესებს მხედველობას, საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და ამცირებს ანთებით პროცესებს. არ იწვევს წონის მომატებასა და ცხიმების დაგროვებას".
კომპანიას კარტოფილი უკვე მეორე წელია მოჰყავს, მომხმარებელი კი ყოველ წელს იზრდება. მისი შეძენა ამჟამად ორ ლოკაციაზეა შესაძლებელი - გარაჟში (ნუცუბიძის 84) და ვაკის ბაზარში (ფალიაშვილის 5), ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობს.
კომპანია "ბარბალე" უკვე ოთხი წელია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს. იდეის ავტორები და რეალიზატორები მეგობრები, ქეთი დიდმანიძე და გაგა მუმლაძე არიან.
"ბარბალეს" იდეა 2015 წლის 5 ოქტომბერს თუშეთში გაჩნდა. თავიდან მხოლოდ კარტოფილის მოყვანას ვაპირებდით, მაგრამ მერე ვიყიდე სახლი, მიწები და იდეებიც გაფართოვდა. ახლა მოგვყავს ძალიან ბევრი რამ, ვაკეთებთ ჩირებს, ტყემალს, საწებელს. გვაქვს უგემრიელესი სიმინდის ფქვილი - კაჟა, გვყავს ფუტკარი და გვაქვს თაფლი. ტურისტებისთვის ვატარებთ აგრო და კულინარიულ ტურებს და თაფლის ტურს დეგუსტაციით. აპრილიდან ავამოქმედებთ აპისახლის (ფუტკრის თერაპიის სახლს). კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს", - განუცხადა "მშობელს" ქეთიმ.
სპეციალურად "მშობელისთვის"