2025-10-17

"სკოლებში 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდეთ" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მე-12 კლასის გაუქმებაზე ირაკლი კობახიძის არგუმენტები ასეთია: სწავლის დასრულება 11 წელიწადში საკმარისია და მიზანია, ახალგაზრდების შენარჩუნება საქართველოში და მიგრაციის შემცირება; თუმცა "ოცნების" პრემიერმა არ გამორიცხა, რომ სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასის დამთავრების შესაძლებლობაც დატოვონ.

"ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით, მანდაც შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება, თუ არა და ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე“, - განაცხადა "ოცნების" მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში მალევე მოჰყვა განათლების სპეციალისტების კრიტიკა - ექსპერტების შეფასებით, 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე დაბრუნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას გაართულებს, რადგან ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტია.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები 12-წლიან სწავლებაზე 2008-2009 წლებში გადავიდნენ და მაშინ განათლების სამინისტროს მთავარი არგუმენტი სწორედ უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირება იყო. ამას ითვალისწინებდა "ბოლონიის პროცესი", რომელსაც საქართველო 2005 წელს შეუერთდა.

განათლების სამინისტროს ვებგვერდის არქივში იძებნება ჩანართი, სადაც ახსნილია, რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთი წლის დამატება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ანუ რატომ არის აუცილებელი მე-12 კლასი?

"ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის (ლისაბონი, 1997. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს) IV განყოფილება შეეხება უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციების ცნობას, რომლის თანახმადაც, ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის შესაბამის კვალიფიკაციას თუ არ დასტურდება საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ.

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა მოითხოვს უმაღლეს განათლებაში დაშვებისათვის შესაბამისი ხანგრძლივობის სწავლას.

რამდენიმე მაგალითი:

გერმანიაში სასკოლო სისტემა არის სავალდებულო 18 წლის ასაკის ჩათვლით. სასკოლო სისტემა მრავალფეროვანია, შედგება სხვადასხვა ტიპის სკოლებისაგან, თუმცა უმაღლესი განათლების მისაღებად სავალდებულოა 12-წლიანი ზოგადი განათლების მიღება გიმნაზიაში (ზოგიერთ მიწაზე გიმნაზია 13-წლიანია).

ირლანდია – უნივერსიტეტში სწავლისათვის საჭიროა ე.წ. „Leaving“ სერტიფიკატი, რომლის მიღებაც შესაძლებელია მხოლოდ 17-18 წლის ასაკში 12-წლიანი სწავლის შემდეგ ჩაბარებული გამოცდების შედეგად.

პორტუგალია – უნივერსიტეტში დაშვება ხორციელდება მხოლოდ 12-წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ.

2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელმაც დაადგინა 12-წლიანი განათლება და ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც განისაზღვრა. 2008-2009 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ 12-წლიან სწავლებაზე.

მე-12 კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ.

საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს.

საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ.

მაგ. გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად უმაღლესში, მინიმუმ, ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო.

საქართველოში თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და ჩვენს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად", - წერია სამინისტროს ვებგვერდზე.

 

წყარო

განათლება