2024-03-05

 

2024 წლის 28 თებერვალს სახალხო დამცველმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში ზოგადი წინადადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს და მოუწოდა - არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება.

როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ. თუმცა, საქმისწარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა.

სკოლამ სახალხო დამცველს ვერ წარუდგინა რაციონალური არგუმენტაცია, რომელიც გოგოებისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეზღუდვასა და შარვლის ჩაცმის აკრძალვას გაამართლებდა.

საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა იცავდეს არადისკრიმინაციულობის პრინციპს. შესაბამისად, დაუშვებელია სკოლამ თვითნებურად განსაზღვროს მოსწავლეთა ჩაცმის წესები და გოგოებს შარვლის ჩაცმის უფლება აუკრძალოს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა, ასევე იმსჯელა გენდერულ თანასწორობის კუთხით არსებულ ზოგად გამოწვევებზე, სკოლის მოსწავლეთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების თანასწორობის პრიზმით განხილვის მნიშვნელობასა და სკოლის შესაბამის ვალდებულებებზე.

განათლება