2022-04-12

ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე 12-ჯგუფიანი ბაღი შენდება, სადაც 350- მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას და დასაქმდება 70 მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 200 000 ლარია.

საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე შენდება. ბაღში 15 სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 80-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, უბანში ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აშენდება - შენობები იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. აღნიშნული ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 373 000 ლარია გათვალისწინებული.ს

„სამგორის რაიონის ამ ორ უბანში მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი ბაღების მშენებლობაა. 12 და 15-ჯგუფიანი ბაღების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 800-მდე ბავშვი შეძლებს ჩვენი სერვისების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ახალი ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონში მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, აღსაზრდელებს კი ორივე დაწესებულება 2023 წლის იანვრიდან მიიღებს.

 

დღის ამბები