8-10 ნოემბერს მწერალთა სახლის ორგანიზებით რიგით მე-12 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში თბილისს 7 უცხოელი გამომცემელი (მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა) და ლიტერატურის აგენტი ეწვევა საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან:
Flora Moricet (La manufacture de livres)
Fanny Mossière (Éditions Noir sur Blanc)
Mirjam Ilvas (Schildts & Söderströms)
Jussi Tiihonen (Teos)
Michael McCaughley (Calmann-Levy)
Alla Kostovska (Komora publishing)
Camille Paulian (Trames Lit Agency)
სპეციალურად შემუშავებული სამდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ქართული წიგნის ბაზარს, სექტორში მიმდინარე მოვლენებს, შეხვდებიან ქართველ გამომცემლებსა და ავტორებს, პროფესიულის გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა ქართული კულტურის გაცნობის მიზნით.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა. ტრადიციული ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში 2011-2021 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 160-ზე მეტი პროფესიონალი ეწვია, რის შედეგადაც არაერთი ქართული წიგნის საავტორო უფლება გაიყიდა საზღვარგარეთ. პროექტის პარტნიორია ფრანგული ინსტიტუტი.