2022-11-22

ოცნების ახდენა არასდროსაა დაგვიანებული - ამის ნათელი მაგალითია, ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი მაია ნათბილაძე.

42 წლის მაია, 4 შვილის დედა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია. რატომ გადაწყვიტა გამხდარიყო სტუდენტი და როგორ ახერხებს ოჯახის პარალელურად სწავლას, „მშობელს“ თავად ესაუბრა.

„ბავშვობიდან მინდოდა ბიოლოგიის მასწავლებელი ვყოფილიყავი, რადგან საოცარი პედაგოგი მყავდა. მისმა სიყვარულმა შემაყვარა საგანი, სკოლა, სასწავლებელი. უნივერსიტეტიც წარმატებით დავამთავრე, მაგრამ წლების წინ მიღებული ცოდნით, ციფრულ სამყაროში შედეგს ვერ დავდებდი. დავიწყე ზრუნვა ჩემი განვითარებისთვის, რათა შეძენილი ცოდნით ჯანსაღი გარემო შევუქმნა ბავშვებს და სწორად ინტეგრირების საშუალება მივცე დღევანდელ სამყაროში. მინდა სიხარულით ესწრებოდნენ გაკვეთილებს და არა ძალდატანებით“, - უყვება ქალბატონი მაია „მშობელს“.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მებრძოლი ქალბატონი გვიყვება, რომ ოჯახს მისი მიზნების თან სჯეროდა და თან არა, რადგან სხვა ამპლუაში არასდროს ყავდათ ნანახი, თუმცა ოცნების ასრულებაში, ხელი არავის შეუშლია.

“ოჯახი თან ხელს მიწყობდა, თან არა. მიწყობდნენ, რადგან ხელს არ მიშლიდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ, არ სჯეროდათ, რადგან სხვა ამპლუაში არ ვყავდით ნანახი. ძალიან მინდოდა მათთვის და ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს, თუ სურვილი და მონდომება არსებობს. ჩავაბარე გამოცდები და გავხდი სტუდენტი. პანდემიამ შემიწყო ხელი, რადგან ონლაინ სწავლებამ, სამი წლის შვილთან ერთად, ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა მომცა“.

მას სურს, რომ მისი გადადგმული ნაბიჯები, სტიმული იყოს იმ ქალებისთვის, ვინც თვლის, რომ რაღაც მიზეზების გამო, რამე არ გამოუვა.

„მინდა სტიმული მივცე მათ, ვისაც ჩემსავით პატარა, უცელქესი შვილი ჰყავს და ბაღში არ დადის, ვინც უკვე ჩემ ასაკშია, ვისაც შვილის გარდაცვალებით გამოწვეული დეპრესია აქვს... დიახ, ყველა ეს მიზეზი ჩემია და მიუხედავად ამ მიზეზებისა, ყოველთვის შეგვიძლია ფეხზე დადგომა და ჩვენი ოცნებებისთვის ბრძოლა“.

„მშობელი“, ქალბატონ მაიას, წარმატებებს უწურვებს.

სპეციალურად "მშობელისთვის" ნინო სულაბერიძე

 

მშობლები