2018-11-13

გოგრა ფასდაუდებელი პროდუქტია, რომელსაც აქვს უნარი, მრავალი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნოს სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობაც კი ! გოგრის ძირითად ღირსებად მიიჩნევა კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა. მისი რბილობი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს.

გარდა ამისა, გოგრაში არის B, C, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში. ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი
ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ!

• ამ ბოსტნეულს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ გოგრის კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. რადგან ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ის ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის ბევრი მარილი) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომაც ის სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა მავნე ქოლესტერინთან შეურიგებელი მებრძოლია.
• ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეს ბოსტნეული ერთსა და იმავე დროს კუჭის გამხსნელი და შარდმდენი საშუალებაა.

გოგრის კერძები ასევე რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიებში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.

არომატული და ტკბილი გოგრის ნაჭერი შვებას ჰგვრის ადამიანს "ზღვის დაავადების" დროს, ორსულს ტოქსიკოზისას.

გახეხილი ბოსტნეულის ფაფა შესანიშნავი კომპრესია ეგზემის, დამწვრობისა და მუწუკოვანი გამონაყარის დროს. ნედლი, გახეხილი გოგრის პიურე შესანიშნავი საშუალებაა კუჭის შეკრულობის დროს. თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგირს წვენი 1/2 ჭიქა დღე-ღამეში. ტკბილ ნარინჯისფერ წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობესებს ძილს. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. უძილობის შემთხვევაში მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით.

გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები და თირკმელებისგან გამოწვეული შეშუპება. ასეთი პრობლემების დროს ავადმყოფმა 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გოგრა უმი სახით 0,5 კგ დღე-ღამეში და 1,5 კგ მოხარშული ან შემწვარი სახით. მთელი რიგი დაავადებების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი: 1 კილოგრამ გასუფთავებულ და გახეხილ გოგრას უმატებენ 200გ შაქარს, ზედმიწევნით აურევენ და დააყენებენ. გამოყოფილ წვენს აცალკევებენ რბილობისგან და დაბალ ცეცხლზე ათბობენ გასქელებამდე. ბოლოს უმატებენ მიხაკსა და დარიჩინს.

გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. კერძოდ, მას აქვს შარდმდენი და მსუბუქი გამხსნელი მოქმედება, ამაგრებს გულის კუნთს, აფერხებს კუჭსა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას, გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები. ჩვილი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის თესლის ფაფა. თუ პატარას გოგრის ფაფა უკვე გაასინჯეთ, მისი თესლისგანაც მოუმზადეთ
ფაფა: გაარჩიეთ და ბლენდერით რძესთან ან წყალთან ერთად ათქვიფეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ თაფლი და ხილის წვენი. კარგია როგორც ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება. მიეცით ბავშვს დილით, უზმოზე, ორ ულუფად, ნახევარსაათიანი შუალედით. იგივე ნაზავი მოზრდილებსაც მოგიგვარებთ ჭიებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან უმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად, ნალექიანად. მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში. თირკმელებისთვის სასარგებლოა გოგრის თესლის ჩაი: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, 1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1-3-ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.

 

წყარო