2022-11-22

„წამყვანი ამერიკული საბავშვო ბრენდი უკვე საქართველოშია!“ - საქართველოში Carter’s-ის მაღაზიის გახსნას ამერიკის საელჩო საქართველოში Facebook-ზე ეხმაურება.

„150 წელია Carter’s ამერიკელების საყვარელი ბრენდია, რომლის ხარისხსაც ყველაზე ძვირფასს, პატარებს ანდობენ. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილი ახლა Carter’s-ცაა, რომელმაც ამერიკელების თაობები გამოზარდა“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: „გალერეა თბილისის“ მესამე სართულზე ამერიკული ბრენდ Carter’s-ის პირველი ოფიციალური მაღაზია 21 ნოემბერს გაიხსნა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო ლენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაჭრა. საქართველოში ბრენდის ოფიციალური შემომყვანი ფარმაცევტული კომპანია „გეფაა“, რომელმაც პროექტის განხორციელებისთვის 2 მილიონ ლარის ინვესტიცია განახორციელა. გარდა ოფიციალური მაღაზიისა უმოკლეს დროში ბრენდის გაშლა ჯპს-ისა და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელებშია დაგეგმილი, ხოლო 2023 წლიდან გეგმაშია Carter’s-ის დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის ზრდა ქვეყნის მასშტაბით.

ამერიკული საბავშვო ბრენდი Carter’s-ი 1865 წელს უილიამ კარტერსის მიერ დაარსდა და 156-წლიან ისტორიას აერთიანებს. ბრენდი ცნობილია საბავშვო მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით.

Carter’s-ი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედს სწორედ ბრენდის გაყიდვები შეადგენს. Carter’s-ის პროდუქცია იყიდება, როგორც Carter’s-ისა და ოშკოშის მაღაზიებში, ასევე ონლაინ.

დღის ამბები