4 წლის გოგონას დედა ეთო მიქათაძე ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში არსებულ მდგომარეობას დეტალურად აღწერს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს.
ტექსტს "მშობელი" უცვლელად გთავაზობთ.
"მაპატიეთ დიდი სტატუსის გამო, მაგრამ ვთვლი რომ ვალდებული ვარ ყველა მშობელს ვუთხრა და ყველა მშობელმა იცოდეს რა ხდება დღეს ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, როგორ სარგებლობს კლინიკა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით და როგორ ვერ სარგებლობს დაზღვეული.. როგორ ილახება ბავშვის უფლებები და როგორი ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება მიიღონ ჩვენმა შვილებმა ზემოთხსენებულ კლინიკაში..
ჩემს 4 წლის გოგონას დაეწყო მუცლის ტკივილები და აუწია სიცხემ. სასწრაფო გამოვიძახეთ, მალე მოვიდა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაგვიყვანა. თითქმის 2 საათის ლოდინის შემდეგ იძულებული გავხდი დანიელა ფანჯრის რაფაზე დამეწვინა, რადგან ემერჯენსიში ყურადღებას არავინ გვაქცევდა, ბავშვი კი, მუცლის საშინელი ტკივილით შეწუხებული, წამოწოლას მთხოვდა. დიდხნიანი ლოდინის, დანის შეუჩერებელი ტირილისა და ჩემი გამწარებული ყვირილის შედეგად ქალბატონმა მაიამ მიგვიღო.
პედიატრმა გვითხრა, რომ ანალიზების აღება იყო საჭირო და მერე შევძლებდით გაგვერკვია რა იყო დანიელას მუცლის ტკივილის მიზეზი. პასუხების მოლოდინში 4 საათი გავიდა, ამ პერიოდში დანოს დაუდგეს სისტემა და გაუკეთეს გადასხმა, უფრო ზუსტად კი, გადაუსხეს ნატრიუმ ქლორი. მოგვიანებით გვითხრეს, რომ კლინიკაში უნდა დავრჩენილიყავით და ბავშვთა განყოფილებაში უნდა გადავეყვანეთ. პალატაში გადაყვანას საათზე მეტი ველოდეთ. არც მინდა იმ მომენტების გახსენება თუ რა ჭირდა დანოს. ტკივილისგან და ღებინებისგან ლაპარაკის თავიც კი აღარ ჰქონდა. სანამ არ ვიჩხუბე და ექთანს რამდენჯერმე არ დავუძახე ყურადღება ვერ მივიქციეთ. პასუხად მივიღეთ ის, რომ პალატაში გადაყვანა ადგილების არ არსებობის გამო გვიანდებოდა. უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, დახმარება ჩემს დას ვთხოვე, რომელმაც არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ შედეგად ექიმმა მოგვაკითხა. ბოდიში მოგვიხადა,როცა დამირეკეს და მითხრეს, მაშინ ჩამოვედიო. სოფო ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი ჩანდა, და რაც ასევე მნიშვნელოვანია მშობლისთვის თბილი, ყურადღებიანი აღმოჩნდა...
დამატებითი ანალიზების გაკეთება კიდევ გახდა საჭირო, მუცლის ღრუს ექოსკოპიაც გადავიღეთ. სოფო ექიმი გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ დანი წამლებს ვერ სვამდა.
მეორე დღეს სხვა მორიგე ექიმი, სახელად მარიკა, მოვიდა და ისევ ნატრიუმ ქლორი გადაუსხა. მთელი დღის განმავლობაში დანოს არაფერი არ ჰქონდა ნაჭამი, სუსტად იყო და აქედან გამომდინარე ექიმს ვთხოვე რინგერის გადასხმა გაეკეთებია, თან იმ მომენტში სიცხე 39 ჰქონდა. მორიგე ექიმი ჯიუტად მარწმუნებდა რომ ნატრიუმი და რინგერი ორივე ერთია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელს გადაუსხავთო. ბავშვი ძალიან სუსტად იყო, ფეხზე დგომა აღარ შეეძლო საერთოდ. გესმით ალბათ რა დღეში შეიძლებოდა ვყოფილიყავი მშობელი...
მორიგე ექიმმა საბოლოოდ გლუკოზის შემოწმება გადაწყვიტა. თუმცა, ცოტა უცნაური „ხერხით“. მორიგე ექთანი უკვე აღარ ვიცი, პალატაში ერთჯერადი ნემსით შემოვიდა და სისხლი რომ აეღო ნემსს მონდომებით ურტყამდა თითში. ბავშვი ტკივილისგან და შიშისგან ყვიროდა. გონს მალევე მოვედი და გაკვირვებით და ძალიან ანერვიულებულმა ვკითხე: რას აკეთებ სპეციალური საჩხვლეტი არ გაგაჩნიათ-მეთქი?! წამოდგა ფეხზე და უსიტყვოდ გავიდა პალატიდან. 10 წუთი ველოდე, დანოს დამშვიდება და დაწყნარება ვერ შევძელი. მერე გავედი და სიცხის დამწევი ვითხოვე. დაახლოებით ნახევარ საათში ექთანი სპეციალური სისხლის ასაღებად განკუთვნილი „ თითის საჩხვლეტით“ მობრუნდა და წაიწუწუნა: „ძლივს ჩხუბით მომცესო“.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემს შვილს ასე მოიხსენიებდნენ - „შვედეთში დაბადებული ბავშვის მკურნალობა იცით აქ რა ღირს“?! ჩემი შვილი შვედეთში დაიბადა,მაგრამ ის საქართველოს მოქალაქეა. კიდევ „სომხური გვარი რომ აქვს ის ბავშვი“. დიახ ჩემი შვილი ბაგრამიანია მაგრამ მე მას, ქართველი დედა, ჩემი სამშობლოს სიყვარულს ისევე ვასწავლი, როგორც მე მასწავლიდნენ ჩემი მშობლები.
ორშაბათს დილით კი თავზე კლინიკის დირექტორი, განყოფილების გამგე და მკურნალი ექიმი დაგვადგნენ. ეს ჩემი დის ხათუნა მიქაცაძის ფეისბუქ სტატუსის დამსახურება იყო, რომელმაც საქვეყნოდ დაწერა როგორ იმეტებდნენ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბავშებს ფანჯრის რაფაზე დასაძინებლად, და როგორ უღებდნენს თითიდან სისხლის ანალიზს ერთჯერადი ნემსით. ამის გამო ყურადღებით და მზრუნველობით დაგვტრიალებდნენ თავზე. განყოფილების გამგე გამოწერის წუთამდე გაიძახოდა დანიელას მწვავე ინფექცია აქვს და ნაწლავების დაავადება „სალბუნელა“ სჭირსო. ყელი აქვს დაწითლებული და ბაქტერი აქვსო (ყელში). იმ დღეს როცა გამოსაწერად (უფრო ზუსტად კი გამოსაქცევად, თავის გადასარჩენად) ვემზადებოდით, კონკრეტული წამლების დანიშვნაც კი სთხოვა ჩვენს მკურნალ ექიმს. ქალბატონმა ლალიმ გამგეს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მკურნალობა არ შემიცვალა და მთხოვა ჯობს ანალიზის პასუხებს დაველოდოთო. ოთხშაბათს მოვიდა პასუხები ლაბორატორიიდან. ამ დროს ჩვენ უკვე ვილნიუსში ვიყავით, როგორც აღმოჩნდა დანიელას არაფერი სჭირდა.
დღეს, 12 აპრილია და ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელია.
მე დღემდე მჯერა რომ ექთანი, რომელმაც თითიდან სისხლის აღება ერთჯერადი ნემსით გადაწყვიტა, მართალი იყო თავის მართლებისას, განყოფილებაში სპეციალური სისხლის ასაღები არ არისო რომ თქვა.
ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავჩერდები:
კლინიკაში დავყავით 2 დღე ნახევარი, გამოწერისას გადავიხადე 160 ლარი. ამიხსნეს რომ სრული გადასახადი 800 ლარი იყო. თუმცა ჩემი სახელმწიფო ზრუნავდა ჩემზე და გადასახდელი თანხის 80 პროცენტს 640 ლარს ის მიხდიდა. მოგვიანებით მოვითხოვე დეტალური კალკულაცია და „აღმოჩნდა“ რომ კლინიკას მცირედი ცდომილება გაეპარა და 160 ლარის ნაცვლად 116 ლარი უნდა გადამეხადა, დარჩენილს კი ხელზე დამიბრუნებდა. კითხვა მაქვს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებულ, დიახ მითვისებულ თანხას, როგორ დააბრუნებდნენ ბიუჯეტში?!!! ახლა „ჩასწორებულ“ ჩამონათვალს ვუბრუნდები და თქვენც, ყველამ ნახეთ. ამ კალკულაციის თანახმად, 4 წლის ბავშვისთვის, 2 დღე ნახევარში, გამოუყენებიათ 36 ერთჯერადი ნემსი!!!!!!! ბავშვისთვის კუნთში ნემსი არ გაუკეთებიათ!!! და ეს წამლები? ეს ჩამოთვლილი წამლები????? და კიდევ სპირტი 200 მილიგრამი, ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები.
მადლობა ჩემო სახელმწიფო რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ ... რა ვიფიქრო? ასეთი კალკულაცია რომ მოგდის ამას, რომ ხედავ რა ფულს რიცხავ, ვისთვის რიცხავ რატომ?
კითხვა არ გიჩნდებათ? და დავიჯერო რომ მე ერთი ვარ ასეთი?
36 ერთჯერადი ნემსი 2 დღე ნახევარში....", - წერს ეთო მიქათაძე.