2018-03-22

ეს არ არის ჩვეულებრივი ისტორია ნაადრევად დაბადებულ ბავშვზე. 48 წლის ინდოელი ქალი, სიტა 28 კვირის ფეხმძმე იყო, როცა  ექიმებმა ცუდი ამბავი შეატყობინეს. პლაცენტას სისხლი არ მიეწოდებოდა, რაც ნაყოფისთვის ყოველთვის ფატალურად სრულდება.  

2017 წლის 15 ივნისს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩატარდა და პატარა მანუში დაიბადა, რომელიც 21 სმ სიგრზის იყო და 400 გრამს იწონიდა. როგორც ცნობილია, ახალშობილის ნორმალური ზომა-წონა 50სმ და 2.5 კილოგრამია.

არავის ეგონა რომ  ბავშვი იცოცხლებდა. ის არ სუნთქავდა როცა დაიბადა, რადგან ფილტვების ჩამოყალიბება 34 კვირაზე სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ  შანსები თითქმის არ იყო, ოჯახი არ დანებდა. ბავშვი ინტენსიური მოვლის განყოფილებაში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.

„როცა ბავშვი დაიბადა, არ ვიცოდით როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ასეთი პატარა  ბავშვის გადარჩენა უდიდესი გამოწვევაა“, - განუცხადა „El País“-ს საავადმყოფოს ნეონატოლოგიური განყოფილების უფროსმა სუნილ ჯანგიდმა და დასძინა, რომ “7 კვირის შემდეგ მანუში რძით კვებაზე გადავიდა  და  დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო, მისი ტვინი და თვალები კარგად ჩამოყალიბდა. საავადმყოფოში ყოფნის დროს კი მრავალჯერადად გადაესხა სისხლი.“

„ჩვენ გადავწყვიტეთ ბავშვის გადარჩენა.  გავაკეთეთ მისთვის ყველაფერი რაც კი შეგვეძლო სამედიცინო თვალსაზრისით.   გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენს ქვეყანაში  ყველა გოგონა უნდა იყოს დაცული. რაჯასტანში ახალშობილების  დასახოცად მხოლოდ მდედრობითი სქესად  ყოფნაც საკმარისია“.

მანუშის ამბავი მთლს მსოფლიოს მოედო. მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, მაგრამ 2018  წლის 15 იანვარს საბოლოოდ გაწერეს სახლში. ის ახლა 8 თვისაა. გოგონას  წონა  7 თვის ასაკში 2,4 კილოგრამს აღწევდა.

ბავშვის დედა სიტა - 48 წლისაა, მამა გირირაჯი კი 50-ის. ისინი 33 წელია დაქორწინებულები არიან და ბედნიერები არიან თავიანთი გოგონას სასწაულებრივი მოვლინებით.

„ის იბრძოდა სიცოცხლისთვის ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად და ეს შეძლო“ - ამბობს მანუშის დედა.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

დღის ამბები