2020-03-10

ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ ტაძრებში დეზინფექციის თხოვნით საპატრიარქომ მიმართა.

გამყრელიძის თქმით, მან დავალება უკვე მისცა ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს, ხოლო მათ კერძო კომპანიების დახმარების იმედი აქვთ.

„ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით. დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს. იქ ხდება სადეზინფექციო ხსნარებისა და ნივთიერებების რეგისტრაცია. მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ საპატრიარქოს დაეხმარონ ამ საკითხში. ზოგადად, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ასევე გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის საშუალებით იმ კომპანიებს, ვინც არეგისტრირებენ ამ ნივთიერებებს, რომ მიეხმარონ დედა ეკლესიას და ქველმოქმედების წესით მიაწოდონ ეს საშუალებები. რამდენად წამოვლენ ისინი ამ ქველმოქმედებაზე, ჯერ არ ვიცი“, – თქვა გამყრელიძემ.

დღის ამბები