2020-01-07

საზოგადოებამ 14 წლის ქართველ-ჰოლანდიელი ბიჭი, გიორგი ვენკო, მისი ქველმოქმედების წყალობით გაიცნო. გიორგიმ, ჰოლანდიაში, 40 ათასი ევრო შეაგროვა და ქართველ მოხუცებს დაეხმარა.

თიკა და რობი, გიორგის მშობლები არიან და ქველმოქმედების მაგალითი მას სწორედ მშობლებისგან აქვს. გიორგის კიდევ ორი დედმამიშვილი ყავს, რომლებიც ასევე ქველმოქმედებაში არიან ჩართული.

„მშობელი“  თიკას ესაუბრა. დღეს მათი ოჯახის შექმნისა და შემდგომი განვითარების ისტორიას გაგაცნობთ.

ერთ-ერთი, რასაც მათი ოჯახი აკეთებს, ქართული ცეკვისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა საზღვარგარეთ. აზია, სინგაპური, მალაიზია, ბრუნაი, ინდონეზია, ტაილანდი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ქართული კულტურა და ტრადიციები, სწორედ მათი წყალობით გახდა პოპულარული.

თიკა სულ რაღაც 21 წლის იყო, როცა ჰოლანდიაში წავიდა სასწავლებლად, იქ კი საფუძველი ჩაუყარა დიასპორების გაერთიანებას - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“.

„ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოში დაფუძნება, მაგრამ კეთილგანწყობამ, რწმენამ, დაუზოგავმა შრომამ, მომავლის იმედმა და სამშობლოს სიყვარულმა, ცხოვრების ურთულეს გზაზე ძალიან ბევრისთვის მიმაღწევინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ ჰოლანდიაში, გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერ. Rijksuniversiteit Groningen) აღმოსავლეთ ევროპის კვლევების და ტურიზმის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. პარალელურად დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე: ნიდერლანდების სამეფოში სწავლის პერიოდში ქართულ-რუსულ-ნიდერლანდური ენების სერტიფიცირებული მთარგმნელ-თარჯიმანი გავხდი, რაც არა მარტო ჩემი შემოსავლის, არამედ ბევრი ქართველი არალეგალი ემიგრანტის დახმარების წყაროდ იქცა. დავამთავრე უნივერსიტეტი და მუშაობა ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში გავაგრძელე. საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტავს. თავიდან დიდი ჰოლანდიური ჯგუფები მოსკოვსა და პეტერბურგში დამყავდა. იქვე ვაცნობდი საქართველოს ისტორიასაც, ასე ვაღვივებდი მათ ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ, 9 დღიანი ტურები რომ სრულდებოდა, მეკითხებოდნენ საქართველოში ტური იყო თუ არა, რათა ეს ქვეყანა ენახათ. მაშინ საქართველოში ტურები არ იყო, ასე ჩაეყარა საფუძველი ჩემს ტურისტულ კომპანიას. რვა წლის განმავლობაში ასე ვიცხოვრე“.

მომავალი მეუღლე მატარებელში გაიცნო და მათი დაახლოების ისტორიაც, ისევ და ისევ საქართველოს უკავშირდება. 

„მე და ჩემი მეუღლე მატარებელში გადავიკვეთეთ. ამსტერდამიდან ბარსელონაში  მივიდიოდი. მატარებელი თითქმის ცარიელი იყო. დაღლილს მალე ჩამეძინა  და მისი ადგილი უნებლიედ მივითვისე. არ შემაწუხა, ჩემს ცხვირწინ,  ცარიელ სკამზე მოკალათდა და  გაღვიძებამდე კარგად შემათვალიერა. თვალი რომ გავახილე არაჩვეულებრივი გარეგნობის მამაკაცი მიღიმოდა, ისეთი, რომელიც წუნია გოგოს ადრე არასდროს მინახავს.

ჩემს ჩემოდანს ჩემი სამსახურის სტიკერი ჰქონდა მიკრული და მკითხა: კულტურული დასვენებიდან მოდიხართო? შემდეგ დაინტერსდა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი. როცა ჩემი ქვეყნის შესახებ ვუამბე, მითხრა ერთი თვის წინ სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიყავი, საქართველოში მოგზაურობაც ძალიან  მინდოდა, შენმა ლამაზმა ქვეყანამ კი  საზღვარზე ვიზის გარეშე არ შემიშვაო. მაშინათვე ჩავწერე საქართველოში სამოგზაურო ქართულ ჯგუფში. როგორც გითხარით, რობი იყო პირველი ამერიკელი, რომელიც გავიცანი და მომეწონა კიდეც. ბარსელონიდან რომ დავბრუნდი, დამირეკა, სულ სამი შეხვედრა გვქონდა და ერთ წელიწადში დავქორწინდით. მანამდე იყო დაუვიწყარი მოგზაურობა რომში და ა. შ. მერე ოჯახის გაცნობა მთხოვა და საქართველოში გამომყვა. ახლა საქართველოსთვის ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, რომელშიც ჩემი სამი ვაჟიც არის ჩართული“.

ქართულ ამერიკულ ოჯახში, სამივე ვაჟს ქართული სახელი ქვია და სახელების დარქმევაში მამას დიდი წვლილი მიუძღვის.

„გიორგი, ლევანი და თეიმურაზი ქორწინებიდან სამ წელიწადში გვეყოლა. ახლა ამსტერდამში ჩემს ოჯახსა და მშობლებთან ერთად ვცხოვრობ.  სამივეს ქართული სახელები ქვიათ, ვერც კი წარმომედგინა, ბავშვისთვის არაქართული სახელი დამეძახა, მაგრამ მეუღლისგან მოულოდნელი იყო. როცა მითხრა: იმდენად უცხოდ ჟღერს ქართული სახელი, ბავშვის სახელის წარმოშობას როცა იკითხავენ,  გაიგებენ, საქართველოზეც და ქართველ დედაზეცო. თან, ისეთ სახელებს ვარჩევდით, ჰოლანდიაში რომ არ გადაეკეთებინათ და ქართულად დარჩენილიყო. ბიჭებს ბავშობიდანვე ჩავუნერგე ღვთის რწმენა და სიყვარული. ძალიან მიყვარდა ძილის წინა რიტუალი მათთან ერთად. ჯერ წავიკითხავდით საბავშვო ბიბლიას ან ზღაპარს, ვიმღერებდით იავნანას, ვიტყოდით დავწვები დამეძინება. ვუმღერებდით ანგელოზებს სადაც მოვიხსენიებდით ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრს, მეგობრების კარგად ყოფნას და საქართველოს აღმავლობას და ლოცვით „მამაო ჩვენო“- თი ვამთავრებდით. მათ ხშირად ვესაუბრებოდი ღმერთზე, ჩემს პირად გამოცდილებებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ჩვენს უსაყვარლეს უწმინდესზე. არასოდეს დამავწყდება მათი პირველი და უთბილესი შეხვედრა პატრიარქთან. როგორც კი გამოვედით საპატრიარქოდან ბიჭებმა აღტაცება ვერ დამალეს და მითხრეს დედიკო მადლობა, ღმერთთან რომ შეგვახვედრეო. ღმერთად მიიღეს მათ ჩვენი უთბილესი უწმინდესი და მას შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლისას, ბიჭებს გული პირველ რიგში პატრიარქისკენ მიუწევთ რათა მიიღონ მისი უწმინდესობის კურთხევა, დალოცვა და გაესაუბრონ თავიანთ ცხოვრებაზე“.

თიკას თაოსნობით, ჰოლანდიაში გახსნილი „ქართული კულტურის ცენტრი“, ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი მთავარი ადგილია.

„ქართული კულტურის ცენტრი“, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული შეხვედრების ტრადიციულ ადგილად იქცა. ცენტრში არის ქართული ენისა და ისტორიის წრე, ქართული ცეკვისა და სიმღერის ჯგუფები, ქართული ხალხური რეწვის, ქართული კულინარიის, ჭადრაკის კლასები და სხვა სასწავლო პროგრამები. ქართული კულტურის ცენტრისა და ჩემი ძალისხმევით, ჯვართამაღლების ეკლესიაც გაიხსნა, სადაც ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსი სამღვდელოებასთან ერთად სისტემატურად ატარებს წირვა-ლოცვას.

რაც შეეხება კომპანიას "TIKA TOURS Georgia“ მისი ძირითადი მიმართულება მიმართულება კავკასია და ძირითადად, საქართველოა.

“პირველი ჰოლანდიელი ტურისტები საქართველოში ჩვენი დახმარებით გამოჩნდნენ. რასაც საქართველოსთვის ვაკეთებ, ეს ის საქმეა, რაც ნოსტალგიას მიხსნის.

„TIKA TOURS Georgia“-ს და მე პირადად, 2020 წელი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი გვექნება. წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც ჩემი კომპანია მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მე შევეცდები გავზარდო ქვეყნის ცნობადობა მაღალი დონის ტურისტულ წრეებში და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლების საქმეში. გვაქვს ჩასატარებელი ღონისძიებების წინასწარ გაწერილი გეგმა, რომელიც პროექტის „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის, სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობები“ ფარგლებში განხორციელება მოხდება. პირველი ღონისძიება დაგეგმილია:  2020 წლის იანვარში - უტრეხტი, ჰოლანდია -  Vakantiebeurs Utrecht 2020,  ასევე  იანვრის თვეში  გახლავთ დაგეგმილი - ნიუ იორკი აშშ - New York Times Travel Show, 2020  თებერვალში იგივე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება - ბელგიასა და ჰოლანდიაში გადაინაცვლებს. 2020 წლის მარტს რაც შეეხება - ფლორენცია, იტალია მაქვს დაგეგმილი. 2019 წელს, ჩემი კომპანია გახდა Life Beyond Tourism Movement-ის წევრი და უკვე მარტის თვეში  ჩემი კომპანიის სახელით მივემგზავრები ამ მოძრაობის ფორუმზე.

Building Peace through Heritage World Forum to Change through Dialogue, Florence, March 13-15, 2020

2020 წლის მაისში იქნება  - სან პაულო, ბრაზილია - ILTM Latin America საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მოეწყობა, სადაც მხოლოდ მაღალი დონის ტურისტული კომპანიები იქნებიან წარმოდგენილი, სადაც  ჩემი ქვეყნის სახელით წარვსდგები.  2020 წლის მაისში - აშშ - ში ისევ პროექტის ფარგლებში „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის, აფხაზეთის დღეები ნიუ იორკში“ განვახორციელებ, ჩემი ორგანიზაციით „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაშიც ჩემი კომპანია და ჩემი ფონდი იქნება ჩართული 2020 წელს.

 

ირმა მირზაშვილი, სპეციალურად „მშობელისთვის“

 

 

წარმატების ფორმულა