2018-01-24

 

ოჯახის შექმნა  და ბავშვის გაჩენა, გარკვეული კატეგორიის მანდილოსნებისთვის, სახლში ჩაკეტვასთან და დეპრესიასთან ასოცირდება. ზოგი ახერხებს თავის ხელში აყვანას და საკუთარი სამყაროს შექმნას, ზოგი ვერა. თუ რატომ და როგორ, ამაზე ფსიქოლოგის აზრს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, იქამდე კი „მშობელი“ გაგაცნობთ ერთ პოზიტიურ გოგონას - ლია ჯულაყიძეს, რომელმაც სწორედ ოჯახის შექმნის შემდეგ დაიწყო საკუთარი საქმე და საკმაოდ წარმატებულად.

ლიას სატრანსპორტო მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია. წარმოშობით სამტრედიიდანაა, სტუდენტობის შემდეგ კი თბილისში ცხოვრობს. ხუთი წელია რაც ოჯახი შექმნა და სწორედ ამდენ წელს ითვლის მისი აქტიური ხელსაქმე - ქსოვა.

„სკოლის ასაკიდან ვქსოვდი, ხან კლასელებისთვის, ხან მეზობლებისთვის, ჩემთვის. ვქსოვდი ძაფით, ხანაც ცელოფნის პარკებით, მაგრამ აბიტურიენტობის შემდეგ მოუცლელობის გამო შევეშვი. სტუდენტობის წლებში საერთოდ არ მიქსოვია, ოჯახის შექმნის შემდეგ კი მომინდა რამეში გამომევლინა ჩემი ნიჭი და გადავწყვიტე მეუღლისთვის ხევსურული ქუდი მომექსოვა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი აქტიური ქსოვა. ის ერთ-ერთ ბაზრობასთან მუშაობდა, სადაც გამყიდველს ჩემი ნაქსოვი ქუდი შეუმჩნევია, შემომთავაზეს შევეთით მომექსოვა რამდენიმე, დავთანხმდი და დაიწყო კიდეც. მას შემდეგ სოციალურ ქსელში გავაკეთე გვერდი და ახლა აქტიურად ვიღებ შეკვეთებს“, - აცხადებს „მშობელთან“ საუბარში ლია.  

ლია ქსოვასთან ერთად წლინახევრის იოანეს ზრდის და სახლში დამხმარე არავინ ჰყავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქსოვა მისი საყვარელი საქმეა, ამიტომაც ოჯახის საქმეებთან ერთად მის შეთავსებას ახერხებს.

„თუ კაბა მთლიანად ნაქსოვია, ერთი დღე, მაქსიმუმ დღენახევარი მჭირდება. სახლში მარტო ვართ მე, ბავშვი, ქსოვა და საოჯახო საქმე, ამიტომაც უფრო სწრაფად ვერ ვახერხებ. ქსოვისგან იმდენად დიდ სიამოვნებას ვღებულობ და მიყვარს, ზოგჯერ შემიძლია მეგობრების შემოთავაზებაზეც კი ვთქვა უარი. დასრულებული ნაშრომის ყურებაც ცალკე სიამოვნებაა. ზოგჯერ მინდა რომ შემკვეთმა დააგვიანოს, რათა უფრო მეტ ხანს ვუყურო, როცა ვხედავ ჩემს ნაქსოვში გამოპრანჭულ პატარებს, სიხარულით ვივსები“, - აცხადებს ის.

რაც შეეხება სახლში ჩაკეტილ ქალებს, რაზეც დასაწყისში აღვნიშნეთ, ლია საყვარელი საქმის დაწყებას ურჩევს.

„თუ ქალს რაიმე საქმე უყვარს, მას აუცილებლად გააკეთებს. მე რომ ქსოვა არ მიყვარდეს, სხვა საქმეზე შეიძლებოდა მეთქვა რომ ბავშვთან ერთად ვერ შევძლებდი. ვურჩევ, აუცილებლად დაფიქრდნენ რა უყვართ, თუნდაც ცხობა და აქციონ ერთგვარ ბიზნესად. ჩვენ, ქალები, ძალიან განვიცდით სახლში ჯდომას და უფულობას, მაგრამ თუ საქმე გიყვარს, აუცილებლად მოახერხებ. ალბათ სწორედ ამაშია ჩემი წარმატების საიდუმლოც - უნდა აკეთო გულით“, - აღნიშნავს ლია და კიდევ ერთხელ უერჩევს ქალებს დაფიქრდნენ მათ შესაძლებლობებსა და საყვარელ საქმეზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი ოცნებაა გახსნას საკუთარი სამკერვალო, ნაქსოვებისთვის კი საკუთარი ლოგოს შექმნას გეგმავს.

 

ირინე არდაშელია 

წარმატების ფორმულა