2022-04-14

სტიქაროსანის დღიურები...
„რწმენის ბორკილია თავისუფლება“

„მშობელი“ გთავაზობთ, ამონარიდს გურამ (ქაქუცა) კონტუაძის ნაწარმოებიდან „სტიქაროსანის დღიურები“, რომელიც ავტორის დედის წერილზეა აგებული.

წერილი, რომელიც დედამ სოხუმის დაცემის დღეებში დაწერა, შვილებმა მისი გარდაცვალების შემდეგ იპოვეს.

მთლიანად ნაწარმოები კი ავტორის მეორე ნახევარს, ეძვნება.

- მინდა ცოტათი მაინც შევიმსუბუქო ფურცელზე გადატანით, რათა თითქოს ვიღაცას

გავანდე, ჩემი მცირედი ისტორია

ომის ერთი დღე და ღამე

საშინელი სროლებია, გარეთ ვერ ვიხედებით. ჩემი სამი შვილით სააბაზანო ოთახში ვართ გამომწყვდეულები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წყალი იმდენი გვაქვს, რომ დასალევად გვყოფნის. ბავშვები ძირს დაგებულ ლეიბზე სხედან, დასაძინებლად ლეიბები ძველ რუსულ „აბანოში“ ჩავაფინე. სინათლე რა თქმა უნდა არ გვაქვს, ლამპა ანთია, მაგრამ ნავთიც მთავრდება, ბავშვებს გარეთ ვერ ვტოვებ, მეშინია აივანზე არ გავიდნენ, არა და გული წინა ხაზისაკენ იცქირება, იქ ხომ მეუღლე მეგულება.

აივსო აბანო ნავთის სუნით, უკვე შეუძლებელია სუნთქვა, ერთ-ერთი ასთმით არის ავად. რა ვქნა? სუნთქვას ყურს ვუგდებ, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ, ის კი ამის საპასუხოდ ცდილობს ნორმალურად ისუნთქოს. მე ჩუმად გამოვდივარ-ხოლმე ოთახში, მაგრამ შეშინებული უკან ვბრუნდები. მიკვირს რა ხდება, ჯერ ჩვენები (ქართველები) აქ-იქ, მაგრამ ისინი სრული სიზუსტით ისვრიან. ირგვლივ აფეთქებების ხმა ისმის, ყოველი ჩვენგანის ფიქრია ჩვენთან ახლოს არაფერი აფეთქდეს. ალბათ თავის გადარჩენის ინსტინქტია ასეთი. ძლივს ვაჩერებ ბავშვებს, ერთხანს „ქალაქობანას“ ვითამაშებთ, შემდეგ კარტი, შემდეგ ზღაპრების კითხვა, პატარა სულ სამი წლისაა (ნაწარმოების ავტორი - რედაქტორის ჩანართი), მას ჩაეძინა.

უცებ ყურს რაღაც მოაკლდა, ირგვლივ სრული სიჩუმე ვიგრძენით. რა ძნელია, გეშინია როგორც სროლების ასევე სიჩუმის, მაგრამ დღე არაფერია, დღე თვალით ხედავ ირგვლივ ყველაფერს, მომაკვდინებელია ღამით, როგორც სროლების ხმა ასევე სიჩუმეც. როგორი სამარისებური სიჩუმე დაისადგურებდა-ხოლმე, მაშინ ვგრძნობდი გული რომ მქონდა მკერდის ქვეშ. ეხლა კი არაფერს ვიმჩნევ, რადგან ბავშვები თვალებში შემომციცინებენ, მეც ვებრძოდი ჩემს თავს, რომ მათ ჩემი აღელვება არ შეემჩნიათ. გამოვედი ოთახში, მივიხედ-მოვიხედე, ყველაფერი კუშტად გამოიყურება, თითქოს მათაც ეშინოდათ. აივანზე გავიხედე, უკვე გამოჩნდა ქუჩაში მოსიარულე ხალხი. იმედი მომეცა, ბავშვები ოთახში გამოვიყვანე და აივანზე გასვლა ავუკრძალე.

ბავშვების ბუნებაა აკრძალულისადმი ლტოლვა. ვხედავ რად უღირთ აივანზე გარბენა და იმის დანახვა რა აფეთქდა, კვამლი რას ასდის. ჩემი შიშით კი ფანჯარას აეკვრენ. ეხლა კი შემეძლო ჩემი მეუღლის ამბები გამეგო, ისიც საკმარისი იქნებოდა რომ ის ისევ წინა ხაზზეა. უმეტესად კი სამსახურში ეძინა, სახლში მოსვლასაც ვერ ახერხებდა.

როდესაც ტელეფონზე ვრეკავდი მისი ამხანაგის ხმის ღჟერადობით ვხდებოდი დაკარგეს თუ არა ვინმე, თუ ყველანი ცოცხლები იყვნენ. ხმა თუ შეეცვლებოდა ვეკითხებოდიბ - რომელი-მეთქი?

ჩემი მეუღლის სამსახურისთვის, ძალიან ძნელი იყო ვინმეს დაკარგვა. იყო დღეები ჩვენი მეუღლეების შოკიდან გამოყვანა გვიჭრდებოდა, როცა ისინი მეგობრებს კარგავდნენ.

როგორც იქნა დავრეკე ტელეფონზე და მითხრეს, რომ მეუღლე წინა ხაზზე იყო. რა თქმა უნდა გული მეტკინა, მაგრამ უკვე შეჩვეული ვიყავი რომ მას შეეძლო სულ მუდამ წინა ხაზზე ყოფნა, უსმელ-უჭმელი ბავშვებზე არც დაიჩივლებდა, ალბათ ჩემი იმედი ჰქონდა და იცოდა მათ მე ვყავდი, მაგრამ ის არ გვყავდა ახლოს.

რამდენჯერ მიფიქრია სახლში რომ მოვალ შევეკითხები, რატომ მასაც მეზობლის კაცებივით არ შეუძლია ბავშვებთან მოშორება, რათა ისინი თავიანთი შვილების გვერდში იყვნენ. მაგრამ როცა მოსულა დაღლილ-დაქანცული, ტალახში ამოსვრილი, ყოველთვის უადგილოდ მეჩვენებოდა ამ კითხვის დასმა, თუმცა დღემდე ვერ გამიგია ჩემს აზრში ამ კითხვაზე პასუხი.

ბავშვები დავაპურე და ისევ დაიწყეს კითხვა თუ სად იყვნენ აფხაზები, მერე კი ზღაპრების კითხვა გააგრძელეს, მე კი ისევ წავედი ფიქრებში: რა თქმა უნდა მიპოვიან ჩემს სამ შვილთან ერთად, რა ვქნა? როგორ გადავარჩინო შვილები? მეუღლე სადაა? ჩემი ოჯახი ყველამ იცოდა, ფანჯარასთან ვიჯექი ფიქრებში გართული და ვუყურებდი როგორ იწვოდა ქალაქი. თვალს გადავალებდი ზღვას, რომელიც კარგად მოჩანდა ჩემი ბინის ყველა ოთახიდან, თითქოს ისიც კრთოდა, ადგილზე ბორგავდა, შავად ლივლივებდა, თითქოს მასაც დარღვეოდა სიმშვიდე, ალბათ გადაიღალა ამდენი სროლით.

უცებ ჩემი ყურადღება ჩემი ფანჯრის წინ ორი მეზობლის ლაპარაკმა მიიქცია, დიდხანს იხედებოდნენ და ზემოთ იყურებოდნენ, მივჩერებოდი მათ უხმო საუბარს და ვცდილობდი რამე გამერჩია, ვერაფერს მივაღწიე დახშული ფანჯრიდან ყურებით და ფანჯარა გავაღე. უცებ მათი საუბრიდან ბოლო სიტყვები გავიგონე:

„ნუ გეშინია ჩემო კარგო, ჩვენ არაფერს დაგვიშავებენ, ჩვენ მარტოხელები ვართ, იმათ იკითხონ, ვისაც სამი შვილი სახლში ყავთ, ხოლო მეუღლე კი წინა ხაზზეა იარაღით ხელში, ნეტავი ვიცოდე არ ეშინიათ, აფხაზები როცა მოვლენ, მათ ხომ პირველებს მონახავენ?“

ადგილზე გავქვავდი, ფერი დამიკარგავს, ოთახში არეულად დამიწყია სიარული, თან ვფიქრობდი ეს რა გავიგონე? ეს რა იყო? ისევ ქართველებმა, არა არ მჯერა, ეს შეუძლებელია, ეს ხომ ომი იყო, ომში კი ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, მაგრამ ამითი ეხლა ვეღარ დავიკვეხნიდი, გული მტკიოდა იმის გაფიქრებაზე, რომ ზოგისთვის ომი იყო, ხოლო ზოგისთვის გართობა, ზოგისთვის გამდიდრების წყარო, მაშინ ჩემზე უბედური ქალი არ არსებობდა, ამ ქვეყანაზე სამი შვილით გამომწყვდეული ბინაში, მშველელი კი ისევ წინა ხაზზე იყო. უცებ წარმოვიდგინე როგორ შემოვიდნენ აფხაზები, დამიხოცეს ჩემი სამი შვილი, მერე კი მე მკვლავდნენ. რა თქმა უნდა მერჩივნა ფიქრშიც პირველი მე მოვეკალი, რომ შვილების გაჭირვება არ მენახა.

უცებ ბავშვების ჟრიამულმა გამომიყვანა ფიქრებიდან, ფანჯარასთან ერთმანეთს ეცილებოდნენ გადაეხედათ და დაენახათ ირგვლივ რა ხდებოდა. მივჩერებოდი მათ და ვფიქრობდი, ნუთუ ამათი სიცოცხლე ვიღაცის ხელით უნდა ჩაქრეს-მეთქი? მივეცი იმის უფლება, რომ კარგად დაენახათ გარეთ ყველაფერი, იმის იმედით, რომ დაიკმაყოფილებდნენ ცნობისმოყვარეობას და ფანჯარას მოშორდებოდნენ. ორნი დიდები იყვნენ უკვე, მესამე კი მათ გაგდებას ცდილობდა, რათა როგორმე მოეხერხებინა ფანჯრიდან გადახედვა, ამ დროს ისე რომ ვერც აცნობიერებდა, მათ ფეხებქვეშ დაძვრებოდა. ამის დანახვაზე გამეღიმა, პატარა ხელში ავიყვანე და ისე გადავახედე.

თვალით დავათვალიერეთ, რა დაიბომბა, ვნახეთ ბაგრატიონზე რაღაც იწვოდა, ზღვის პირზე კვამლი ასდიოდა შენობებს, რა თქმა უნდა ძნელი გასარჩევი იყო კონკრეტულად რა იწვოდა.

ბავშვებმა მოავლეს თვალი არემარეს და დაწყნარდენენ. დავხურეთ ფანჯარა და დავუბრუნდით ჩაკეტილ ცხოვრებას. შევხედე პურიც აღარ მქონდა ბავშვებისთვის, ისინი სასტუმრო ოთახში დავტოვე და სამზარეულო ოთახში გამოვედი ფქვილი რომ ჩამეზილა. ფიქრები ისევ მეზობლების საუბრის თემამ შეიპყრო, შემეცოდა ჩემი თავი და ჩემი შვილები, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი. რამდენჯერაც დავიწყე ფიქრი, იმდენჯერ მივედი უიმედობამდე.

ფქვილი ჩავზილე და სასტუმრო ოთახში ჩემს შვილებს შევუერთდი. საათის შეხედვის მეშინოდა, ვგრძნობდი ღამდებოდა და შიში უფრო ძლიერდებოდა. ბავშვები საჭმელს ითხოვდნენ, გაზის ქურაში დავაცხეთ პურები. მიკვირდა როგორ შემომრჩა გაზის „ბალონები“, პურის დაცხობაში ყველამ მივიღეთ მონაწილეობა. უცებ ბავშვებს სიცილი წასკდათ, როცა პატარა მთლიანად ფქვილში ამოსვრილი დაინახეს. დავაპურე ბავშვები და დაბინდებაც დაიწყო.

ტელეფონმა დაიწკრიალა, მიცვივდნენ ბავშვები და სამივე ყვიროდა:

- მამიკო როგორ ხარ? ჩვენ ცოცხლები ვართ.

რა თქმა უნდა წინა ხაზიდან იმ წუთას დაბრუნებული იყო...

- წინა ხაზიდან ამ წუთას ამოვედი, სახლში ვერ ამოვალ, აქ გავჩერდები რაღაც არ არის წინა ხაზზე საქმე კარგად და შეიძლება ჩვენი მიხმარება დასჭირდეთ. გამხნევდი, ბავშვებს არ მოაშიო.

- შენ, შენ როდის მოხვალ?...

თუმცა უკვე დამემშვიდობა, ვეღარ ვუთხარი მეზობლის ქალის ლაპარაკი, თუმცა რომც მეთქვა უფრო ვატკენდი.

ტელეფონის ყურმილი დავკიდე თუ არა შიშმა ამიტანა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, იქვე ჩამოვჯექი და ჩემს თავს შემოვუძახე, გამაგრდი! შენ სამ შვილს უნდა მიხედო, ჩემი თავი ჩემივე თავის საშველად მიხმობდა. ავყევი ჩემი შვილების ცელქობას, მათთან ერთად დავიწყე თამაში, ფიქრებით კი იმას ვფიქრობდი, ამ ღამეს ვეღარ გავიტანდით.

ჩემი მეუღლის მეგობრის ცოლთან დავრეკე, გავუზიარე ჩემი შიში და ქალებმა გადავწყვიტეთ, ჩვენს შვილებთან ერთად წავსულიყავით მათთან, სადაც ისინი - იქაც ჩვენ.

ერთამენთს მივაწვდინეთ ხმა, ნაცნობ-უცნობებმა, რა თქმა უნდა უმეტესობა ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, თითქმის ყველანი სოხუმში ვიყავით.

საღამოს რვა საათზე გამოვედი ბინიდან, პური და თბილი ადიალა წამოვიღე ბავშვებისათვის. წამლები ჩავყარე ჩანთაში. კარს რომ ვკეტავდი, გასაღების ხმაზე ჩემმა მეზობელმა, 78 წლის მოხუცმა რუსმა ქალმა გამოიხედა, რომელსაც ჩემი შვილები „ბაბა ნინას“ ეძახდნენ.

რამდენჯერ მისთვის ხელი გამიმართავს, მეცოდებოდა მოხუცი ქალი, ბევრჯერ საჭმელი დამითმია, თვითონაც ძალიან თბილს, რჩევა დარიგება არ დაუკლია და ალალად გაუცია.

ბოლო დროს ვგრძნობდი გამირბოდა, ვერ ხვდებოდი რატომ, ვფიქრობდი ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როცა მე-8 სართულზე, 2 ოთახიან ბინაში, ვიღაც სომეხი ჩამოსახლდნენ. ერთ კვირაში ისე დაუახლოვდა მის ქალიშვილს, რომ ჩაისიძეს. ამის შემდეგ მოხუცი გარეთ აღარ იხედებოდა, რომ გაიგებდა ჩემს გარეთ გამოსვლას, ჭუჭრუტანიდან მიყურებდა და რაღაცას მანიშნებდა.

ამისათვის თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ როცა დაინახა რომ ბინას ვტოვებდით, ჩემი საქციელი მოიწონა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „მადლობა ღმერთს ტოვებთ აქაურაობას!“.

გამოვემშვიდობე და მივხვდი სახლში მარტო იყო, რადგან თავისუფლად მელაპარაკებოდა.

ჩამოვუყევით კიბეებს.

მე ჩანთა მომქონდა, უფროსს ბიჭს პატარა მხრებზე ეჯდა.

გავუდექით გზას ჩემი მეუღლის სამსახურისაკენ...

უცებ სროლები ატყდა. ბნელდებოდა, მაგრამ გადაწყვტილება მიღებული გვქონდა და სროლების ხმას ყურს არ ვუგდებდით.

გავიარეთ ის ქუჩები, სადაც მთელი ცხოვრება დავდიოდით, ეხლა კი მივიაპარებოდით იმის შიშით, რომ დროზე მივსულიყავით დანიშნულების ადგილზე.

ეშბას ქუჩის გადაკვეთამდე იყო რესტორანი, რომელსაც ყველა „პიტაჩოკს“ ეძახდა. რესტორანს რომ გვუსწორდით, სადღაც ნაღმი აფეთქდა.

ვიღაცის ეზოში შევცვივდით, რამდენიმე წუთი დავიცადეთ და გზა განვაგრძეთ.

გზაზე ძველი რაიონიდან მომავალნი შემხვდნენ, შემდეგ ბაგრატიონის ქუჩიდან მომავალნი, შემდეგ ბაგრატიონის ქუჩიდან მომავალნი ჩემი მეუღლის მეგობრის ცოლ-შვილნი და ერთად მივადექით სოხუმის სატრანსპორტო პოლიციის შენობას, რომელიც შტაბ-ბინის მოვალეობას ასრულებდა.

მეუღელეებს გაუკვირდათ, მაგრამ დაუფიქრდნენ და მოეწონათ ჩვენი ეს ნაბიჯი, მოვიყარეთ ერთად თავი. პირველად რომ ერთად ვიყავით, ძალიან გავმხიარულდით. ერთად აღარ გვეშინოდა, ბიჭები იცინოდნენ. რამდნჯერ გვიფიქრია ასე ერთად შევკრებილიყავით, მაგრამ ვერ ვახერხებდით. ახლა კი ქალებმა მოვახერხეთ ამის ორგანიზება.

სროლები შეყწდა, დავწყნარდით, გავერთეთ ლაპარაკით, მაგრამ შიშის გრძნობა მაინც გვქონდა. ღამით უკვე ბავშვები, მეუღლეების საწოლებზე დავაწვინეთ და ერთამენთში დავიწყეთ საუბარი. მეუღლეები კი დაღლილები იატაკზე ისხდნენ ხელში ავტომატებით და ისე თვლემდნენ.

რამდენიმე საათი გავიდა და ისევ სროლები ატყდა.

საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავაღვიძეთ ბავშვები, მეუღლეებმა ქვემოთ ჩამოგვიყვანეს, შეგვიყვანეს უფრო დაცულ ოთახში. შიშისაგან ვკანკალებდით. თან იმას ვფიქრობდით, ნუთუ აქ უფრო მოგვეწეოდა სიკვდილი?

რაციის ხმა გაისმა, წინა ხაზიდან დახმარებას ითხოვდნენ. დამხმარე ძალა იყო საჭირო. რა თქმა უნდა ჩემი მეუღლე იყო პირველი, ვინც წასასვლელად გაემზადა. ამ დროს დაირეკა თბილისიდან და გვაუწყეს, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიციის დამხმარე ბრიგადა მოფრინავდა. ამასთან შედგა შეთანხმება, რომ მეომრების ცოლ-შვილს იგივე თვითმფრინავი წაიყვანდა უკან, მაგრამ პრობლემა თუ როგორ მივსულიყავით აეროპორტამდე?

ეს ყველაფერი ხდება წუთებში, ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთ დრანდის თანამშრომელს სთხოვა რომ ჩვენ გავეყვანეთ აეროპორტში, რადგან საკუთარი მანქანით იყო და წინა ხაზზე წასვლას არ აპირებდა. ჩაგვსვა მის მანქანაში და გამოგვემშვიდობა, თავად კი საბარგო მანქანაზე ახტა, რომელსაც მებრძოლები წინა ხაზზე მიყავდა.

ვიდექით პოლიციის შენობის ეზოში, ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა. რამდენიმე უკვე გაუდგა გზას მანქანებით, მაგრამ ჩვენი წასვლა არ იქნა. ბავშვები შეშინდნენ, ტირილი ატეხეს. ვაწყნარებდი: ნუ გეშინიათ მამას შეპირდა ძია და აუცილებლად წაგვიყვანს აეროპორტში-თქო, რაზედაც მღძოლმა მომიგო, რომ არსად არ აპირებდა წასვლას, შეგიძლიათ შენობაში შებრუნდეთო.

ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა და ჩემი მეუღლისათვის ზურგში დანის ჩარტყმა იყო.

გადმოვიყვანე შეშინებულმა ბავშვები მანქანიდან, შევბრუნდით ისევ შენობაში. იქ უკვე აღარავინ აღარ იყო, დავიცადეთ გათენებამდე, თითქოს აღარ ვარსებობდი, ყველაფერი სიჩუმეში ჩაკვდა, აღარაფერი აღარ მესმოდა, ბავშვებს ჩაეძინათ და ასე დაველოდეთ გათენებას. რომ გათენდა გამოვიყვანე ბავშვები გარეთ და გავუდექით გზას სახლისაკენ. ვგრძნობდი, რომ უკვე განწირულები ვიყავით.

მივუახლოვდი ჩემს საცხოვებელ კორპუსს. ხალხი სარდაფებიდან ამოდიოდა, თითქოს მიცვალებულები ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი შვილების დანახვა არ გაუხარდათ, რადგან ეგონათ უკვე სამშვიდობოს ვიყავით.

არავისათვის ამიხსნია ჩემი მდგომარეობა, დაველოდე ჩემი მეუღლე როდის ამოვიდოდა წინა ხაზიდან, მაგრამ აქვე ვეკითხებოდი ჩემს თავს:

- მოვიდოდა კი?

- რომ მოვიდოდა რა მეთქვა?

გასაღების ხმაზე ისევ გამოვიდა მეზობელი, ჩემს დანახვაზე ისევ ტირილი აუტყდა - „ მეგონა უკვე წახვედი, ვერ ავიტან შენი და შენი შვილების გაჭირვებას, წადით, წადით რაც შეიძლება მალე, მაგრამ უკვე გვიანია“.

ამის გაგონებაზე ყველა ნაგროვებმა ტკივილმა ერთად მოიყარა თავი და ტირილი ამიტყდა. მაშინ გავიგე გამოთქმის „ლოყის ცრემლით დაწვის“ მნიშვნელობა. „ბაბა ნინამ“ აქეთ დამიწყო დამშვიდება, ჩვენ კი ბინაში შევედით.

არ ვიცოდი ჩემი ძმის, ჩემი დების, ჩემი მშობლების ამბავი, იყვნენ თუ არა ისინი სამშვიდობოს. დავუბრუნდით ისევ ჩვეულ ცხოვრებას, რაც მქონდა დარჩენილი პური, ბავშვებს ვაჭამე და ველოდი ჩემი მეუღლის დაბრუნებას ან ამბავს მაინც. კითხვა არ მასვენებდა, მოვა ან მომივა კი რამე ამბავი?...

მთელი ღამის უძილო ბავშვები დასაძინებლად დავაწვინე. იმის თავიც აღარ მქონდა განმესაზღვრა სად სჯობდა  მათი დაძინება, საძინებელში თუ სააბაზანო ოთახში. საძინებელში მოეწყვენენ, სულ მალე ტკბილი ძილის სუნთქვა მესმოდა, აქა-იქ ერეოდა ჩემი გოგონას ბრონქიალური ასთმის სიმპტომური სუნთქვის ხმა, მე კი ჩაფიქრებული მივუჯექი საწერ მაგიდას შევუდექი დღიურების წერას. აზრები ისე მეფანტებოდა თითქოს ფანტელები ყოფილიყვნენ.

ვცდილობიდ ყველაფერი საღი აზროვნებით განმესაჯა, რაც არ გამომდიოდა. თვალწინ დრანდელი თანამშრომლის სახე და არავაჟკაცური საქციელი მედგა. ვცდილობდი მისი საქციელი გამემართლებინა, ვფიქრობდი, ალბათ, შიშმა ჩაადენინა-მეთქი.

ვფიქრობდი თუ გამართლებას მოვუძებნიდი, ტანჯვა უფრო შემიმსუბუქდებოდ. მეცოდებოდა ჩემი მეუღლე, რადგან მისთვის სიტყვა ღალატი სიკვდილის ტოლფასი იყო. მეუღლე უერთგულესი თანამშრომელი და უერთგულესი მეგობარი იყო.

ფიქრის თავიც აღარ მქონდა. მეც ბავშვებთან შევედი და ძილს მივეცი თავი.

არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ჩვენი ძილი. უცებ ისე დაიგრგვინა, ირგვლივ ყველაფერი ისევ ინგრეოდა.

ვგრძნობდით რომ ნაღმები ჩვენი ტერიტორიისაკენ მოქროდნენ, იმდენად მიჩვეულები ვიყავით სროლების ხმას, რომ თუ გუმისთის მხრიდან გაისროდნენ, ჩვენ უკვე ორიენტაციის მიხედვით ვიცოდით რომელი რაიონი იბომბებოდა. ეხლა კი სადგურის და ძველი რაიონიდან მოდიოდა ხმები.

სააბაზანო ოთახში შევცვივდითით, ბავშვებს, სახეზე ფერი არ ედოთ. ვცდილობდი ისინი გამემხნევებინა, მაგრამ გამომივიდა თუ არა ვერ მივხვდი.

პატარას უმტყუნა ნერვებმა და ჩაილაპარაკა:

- მოდით თქვე ოხერო აფხაზებო და მომკალით!

ს იყო 4 წლის ბავშვის გოდება და მე დედა ამას ვისმენდი. მაშინ ვინატრე საერთოდ არ გავჩენილიყავი ქვეყანაზე.

ძლივს ვაჯობე ჩემს თავს და დამშვიდებას ვეცადე: ნუ გეშინია დედი, ღმერთი ასე არ გაგვწირას-მეთქი.

შეშინებულები ვისმენდით სროლების ხმას, წამში ალბათ რამდენიმე ფეთქდებოდა და რა თქმა უნდა ირგვლივ ყველაფერი ზანზარებდა.

როგორც იქნა ჩაწყნარდა ყველაფერი.  ჯერ მე გამოვედი და შევამოწმე ყველაფერი, ხომ არ ვიწვოდით საიდანმე. რა ძნელი სანახავი იყო დაბომბილი ქალაქი, ირგვლივ დამწვრის სუნი ტრიალებდა, შავი კვამლი თითქოს ცამდე ადიოდა და ღრუბლებს ფარავდა.

 უცებ ჩავფიქრდი ძველი რაიონი იბომბებობოდა, ჩემი დები იქ ცხოვრობენ, იქნებ არ არიან გასულები. ერთმენთს ვაწვდენდით ხმას, ტელეფონი იყო ერთადერთი საშუალება და გაისმა ტელეფონის წკრიალი, მეგონა მეუღლე იქნებოდა, ჩემი უფროსი და აღმოჩნდა. უმცროს დას მოუსწრია უკვე გასვლა, თვითონ კი ჩვენსავით მარტო იყო. ჩვენი მდგომარეობა აინტერესებდა.

ჩემს დას მეუღლე ომის დროს გარდაეცვალა - გულმა უმტყუნა. მათი ოჯახი რაჭიდან იყო ჩამოსახლებული, გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობდნენ. სამნი იყვნენ ძმები. ჩემს სიძეს ტყუპისცალი ჰყავდა, რომელსაც ეთნიკურად აფხაზი ცოლი და სამი ბიჭი ყავდა. ჩემს სიძეს კი ქალ-ვაჟი. ქალი ქუთაისში გაათხოვა, ბიჭი კი იბრძოდა. ტყუპისცალის ბიჭები კი აფხაზების მხარეს იბრძოდნენ. ჩემი სიძე სოხუმში დავკრძალეთ.

ჩემმა დამ დამამშვიდა ამაღამ შენთან გამოვალ და ერთად წავიდეთ, სამი ბავშვით ვერ მიგატოვებო.

დის თბილმა სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა, მივხვდი მარტო არ ვიყავი ამ ქვეყანაზე.

ვცადე მეუღლეს მე თვითონ დავკავშირებოდი, რადგან არ იცოდა რომ ჩვენ სოხუმში დავრჩით.

ტელეფონთან ჩემი მუღლის ამხანაგი იყო, გაუკვირდა:

- ლალი საიდან რეკავ?

- სოხუმიდან. დეტალურად მოვუყევი ყველაფერი. ვთხოვე მუღლესათვის არ ეთქვა, დამპირდა, რომ არ ეტყოდა გურამის (მეუღლეს), რომელიც ისევ წინა ხაზზე იყო. დამპირდა - გურამის შეატყობინებდა, რომ ჩვენ ისევ სოხუმში ვიყავით.

ისევ მოვწყდი სამყაროს, ისევ დავრჩი ფიქრებთან მარტო, ისევ ფიქრები ბავშვები გადამერჩინა. ისინი გრძნობდნენ ჩემს მღელვარებას და ცდილობდნენ პატარა ისე გაერთოთ, რომ მე არ შევეწუხებინე.

დრო თითქოს გაჩერდა და აღარ მიიწევდა წინ.

უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა, ისინი ჩემი მეზობლები იყვნენ, ცოლ-ქმარი დარჩნენ მხოლოდ სოხუმში, შვილები სამშვიდობოს ყავდათ.

- ლალი ნუ გეშინია, სადაც ჩვენ წავალთ, იქვე წამოდით თქვენ, ჩვენ არ მიგატოვებთ.

ცოტა დავმშვიდდი, მივხვდი ეს სიტყვები გულწრფელი იყო და მართლაც დამეხმარებოდნენ.

ისევ დავინტერესდი ჩემი მეუღლის ამბავით, მაგრამ ტელეფონი ისევ დუმდა. ამან მთლიანად გამომიყვანა მოთმინებიდან. ტელეფონი იყო ერთადერთი საშუალება ჩემი მეუღლისათვის მიმეწვდინა ხმა.

ისევ ატყდა სროლები, ისროდნენ ქალაქის ცენტრისკენ, მივხვდით რომ ნაღმები ჩვენი სახლის თავზე გადადიოდა და ქალაქის შუაში ფეთქდებოდა. ამის გაფიქრებაზე აივნიდან აღარ ვიხედებოდით.

ყველას, ვინც შემორჩენილები ვიყავით, ერთადერთი ფიქრი გვაწუხებდა, რა გვეშველობოდა. ბავშვები კი ამ დროს ეზოში დაჭერობანას თამაშობდნენ. ჩემი შვილები კი ზევიდან უყურებდნენ, ბავშვბეის ჟრიამულს შეერწყა ნაღმების აფეთქბის ხმა. უცებ უფროსმა დაიძახა:

- დედა გაიხედე, ლიანგდაგების მხრიდან მამა მორბის.

თვალებს არ ვუჯერებდი, კბილებამდე შეიარაღებული, მთელი ღამის უჭმელ-უსმელი, ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ჩვენს კორპუსს.

ვცხოვრობდით დეპოს ქუჩაზე, ძველად კი ხრუშჩოვის ქუჩა რქმევია. ჩვენი ქუჩა ლიანდაგებს  მიყვებოდა და ძველი რაიონის ასახვევამდე გრძელდებოდა. იქ იყოფოდა, ერთი გზა ძველი რაიონისაკენ მიდიოდა, მეორე კი ლიანდაგების გადაკვეთით დეპოში შედიოდა.

ომამდე ნებისმიერი რუსეთიდან მომავალი მატარებელი ჩვენს წინ გადიოდა, ამას კი მუდმივად ბავშვების ყიჟინა მოყვებოდა, რადგან ბავშვების მამების უმეტესობა მემანქანედ მუშაობდა. ჩვენი ბინების წინ გაჩერებაც კი იყო, მას ზარქუას გაჩერება ერქვა. ნებსიმიერი მეზობელი თუ გადაწყვეტდა სამეგრელოში ან სოჩაში წავლას, წინასწარ უთანხმდებოდნენ მემანქანეს, დიდი ელმავალი კი მეორე დილით გაბმული სიგნალით აჩერებდა ჩვენი კორპუსის წინ. სულ ჩვენს პატარა უბანში, სამი ცხრასართულიანი იყო, ორი დამთავრებული, მესამე კი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი. ჩვენი ბინების უკან კი ცხოვრობდნენ კერძო მოსახლეები, ორი კორპუსის შუა გზა გადიოდა, რომელსაც საცალფეხო ბილიკი მიყვებოდა და ჩემი კერძო სახლის ეზოს კართან მთავრდებოდა. კართან იდგა დიდი ნიგვზის ხე, რომელიც სახლამდე აღწევდა, კარიდან სახლამდე იყო ასფალტის გზა, გვერდით ნარცისები და ვაშლის ხეები მიუყვებოდა. ირგვლივ ვაზის ხეივანით იყო ეზო შემოფარული. პატარა ბილიკით მიხვიდოდი ოთახებამდე. ოთახების წინ პატარა აივანი იყო, აივნის წინ დიდი ვაშლის ხე და ეზოს წყლის ონკანი. აივანთან სამი საფეხური კიბე უნდა ასულიყავი და ისევ ეზოში მოხვდებოდი, მარცხნივ რკინის მაგიდა იყო თავისი სკამებით და დახურული ისევ ვაზის ხეივნით. მესერსა და სკამებს შორის იყო მიწა, იქ ნახავდით შავი ფერის ბარხატის ვარდებს, რომელიც წელიწადში სამჯერ ყვაოდა. აქვე იყო დიდი ბლის ხე, მარჯვნივ კაფელში გაწყობილი აბაზანისა და საპრიპარეშოს ოთახები, მესერი ასფალტიდან გაზონებით იყო გამოყოფილი, სადაც მიწა ეყარა და შიგ ისევ ვარდები იყო ჩარგული. იქვე იყო ლეღვისა და მუშმალის ხეები. შემდეგ პატარა კარით გადიოდი სამზარეულო ოთახში, რომლის წინ იყო ცისფერი ხის აივანი. ამ აივნის გავლით სამზარეულოსი ხვდებოდი, ზამთარში ჭირდა იქ ყოფნა, თუმცა ზაფხულში ყველა იქ იყრიდა თავს.

ყველანი გარს შემოეხვივნენ ჩემს მეუღლეს. მე ზემოდან ვცდილობდი ამ ხმაურში ამბები გამეგო. ბავშვები კი:

- მამა, ზემოთ ხომ ამოხვალ?

მეუღლე კი ისეთი დაღლილი ჩანდა, ალბათ მე-7 სართულზე ამოსვლა გაუჭირდებოდა. ჩვენ შეჩვეულნი ვიყავით ამასაც, დაღლილი დამიძახებდა ქვემოთ ჩამეტანა ტანსაცმელი და ჩვენს ქვედა სახლში გამოიცვლიდა, ეხლაც მეგონა გამოსაცვლელად მოვიდა, მაგრამ შევცდი. დამიძახა ბავშვებისათვის თბილად ჩამეცვა, წამლები არ დამვიწყებოდა, თბილი ადიალა ამეღო და პურიც ჩამეწყო, კარი დამეკეტა და ჩამოვსულიყავი, რადგან ქალაქიდან უნდა გავსულიყავით.

რამდენი ხანი ვფიქრობდი უკვე, ბავშვები უნდა გაგვეყვანა სამშვიდობოს, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი შემზარავი აღმოჩნდა ეს სიტუაცია ჩემთვის. დავიწყე ბორიალი ოთახებს შორის, მინდოდა ყველაფერს ხელით შევხებოდი, რომ დიდხანს გამყოლოდა მათი სითბო. პირველ რიგში ჩავაწყვე წამლები, რომ არაფერი დამრჩენოდა, მოვიარე ყველა კუთხე-კუნჭული, რამდენჯერ შემიღია ბავშვების ოთახის კარი, რომ შემეხედა როგორ ეძინათ. ბევრჯერ მიოცნებია მათ მომავალზე, თუ ვინ გამოვიდოდნენ ცხოვრებაში, რა გზას აირჩევდნენ. თვალწინ დამიდგა მათი სიცილ-ხარხარი, დაძინების წინ როგორ ჩხუბობდნენ იმაზე, თუ რომელი ჩაიწვენდა პატარა ძმას თავისთან. პატარა მათი გაზრდილი იყო, სულ მეურვეობდნენ. მათი სათამაშოები დავათვალიერე, მათი ტელევიზორი, მაგნიტოფონი, ყველაფერი თითქოს მეკითხებოდა - სად გვტოვებ? გულდამძიმებულმა შემოსასვლელს გავხედე, მეძნელებოდა მათი დატოვება, წიგნებით სავსე თაროების მიტოვება. ყველა წიგნი ვიცოდი, 20 თაროზე სად რა მედო. ყველას ადგილი ჰქონდა ანბაინის მიხედვით. ღამით ხშირად მარტო გვიწევდა ყოფნა, მეუღლე ღამით მუშაობდა, მთელი დღის ნაშრომი ბავშვებს რომ დავაძინებდი, სწორედ ამ წიგნებში ვპოულობდი შვებასა და სიმშვიდეს. უმეტესობა ზეპირად ვიცოდი, საბავშვო ბიბლიოთეკა კი ცალკე მქონდა, ვცდილობდი ყველა წიგნს შევხებოდი, ერთდროს ჩემთვის საგანძრური, ეხლა არაფრად იქცეოდა...

მივაშურე აივანს, აივნიდან კი ზღვა მოსჩანდა,  მისი ხმაური მუდმივი ლამუნი იყო ჩემთვის. რა ლამაზი სანახავი იყო, ამავალი და ჩამავალი მზის ნახავ ერთ რამედ ღირდა. ამ საოცრების ყურება მხოლო შაბათ-კვირას შემეძლო, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი მას სადგურიდან ბაგრატიონის ქუჩაზე გადამავალ ხიდიდან ვადევნებდი თვალს. ამ დროს სამსახურში გავრბოდი, საღამოს მზის ჩასვლას კი სულ აივნიდან ვუყურებდი. მზე თითქოს ზღვიდან ამოგორდებოდა, მერე კი ისევ მასში იკარგებოდა. იმედს ვიტოვებდი რომ განშორება დროებითი იქნებოდა.

შემდეგ სამზარეულო დავათვალიერე, რამდენჯერ მიგვრძნია სიმშვიდე, როცა შვილებისათვის სუფრა გამიწყვია, ბევრჯერ მიმიღია სტუმრისაგან შექება, ამ რაჭველ ქალს მეგრული საჭმელები უბადლოდ გამოდგისო. ვეღარ შევძელი სასტუმრო ოთახთან და საძინებელთან გამომშვიდობება, უფრო სწორად ძალა აღარ მეყო, რადგან ყველაფერი ჩვენი, მე და ჩემი მეუღლის ერთობლივი შრომით იყო შეძენილი. ბევრჯერ ბავშვებივით გაგვხარებია რაიმე ახლის შეძენა.

ეზოდან დამიძახეს:

- დედიკო ჩქარა, გვაგვიანდება...

ყველაფერს ბოლოჯერ გადავავლე თვალი, კარი დავკეტე და წამოვედი. კიბეებზე ძლივს ჩავლასლასდი, სულ ერთი და იგივე კითხვა მიტრიალებდა თავში, რატომ? რისთვის? - პასუხი ახლაც ვერ გამიგია.

როგორი გაუთავებელი მეგონა კიბეები, კიბეებზე ჩასვლის დროს კედლებს ვეფერებოდი თითქოს მისმენდნენ. პირველ სართულზე რომ ჩავედი, იქ თავი მოიყარა ყველამ, ვინც წასვლას აპირებდა. ყველა რა თქმა უნდა თითო-თითო ჩანთით. მეუღლემ ყველას გამოუცხადა, სანამ მისი ამხანაგები ისვენებდნენ, თვითონ წამოვიდა, რომ ჩვენ გავეცილებინეთ, მერე კი უკან უნდა დაბრუნებულიყო. მამაკაცებს ურჩია დარჩენა, ჩვენ კი ქალებს და ბავშვებს ქალაქიდან გასვლა.

შევგროვდით დაახლოებით 20 ბავშვით, ქალები აღარ ვიცი რამდენი და 2 მამაკაცი. ერთს შაქრის დიაბეტი ჰქონდა, ერთიც აბაშიდან დის სანახავად იყო ჩამოსული. ჩემმა მეუღლემ პატარა გულზე აიხუტა, ჩვენ კი მის უკან მივყევით. ასეთ დროს გზაზე დადგომა, დიდი გამბედაობა იყო. ბოლოჯერ გამოვიხედე უკან, ბოლოჯერ დავინახე ჩვენი კორპუსი. მივედით სტადიონის ქუჩის ასახვევთან და დავინახეთ ხალხი ავტობუსებში ჯდებოდა, ალბათ გასასვლელად ემზადებოდნენ. კინოფილმში მაქვს ნანახი ჯარისკაცი გულზე მიიხუტებდა ბავშვს და ისე მიუძღოდა ხალხს წინ, მეგონა ეს კადრები ეხლა ჩემს წინ ცოცხლდებოდა. მივდიოდით ჩქარა, აქა- იქ ნაღმების აფეთქების ხმა  ისმოდა, მაგრამ სიარულში ვეძებდით ხსნას. გავედით ცენტრალურ, ჩოჩუას ქუჩაზე. ძალიან ძნელი სანახავი იყო ხალხი როგორი შეშინებული დარბოდა. პარალელურად ისმოდა ავტომატების კაკანი, მე კი ჩანთით ხელში ბოლო მოვჩანჩალებდი, ფეხები მეკეცებოდა, ვეღარ მივდიოდი. ჩემი მეუღლე ერთს უკან გადმოგვეხადვა და გზას აგრძელებდა.

მივუახლოვდით სამშობიაროს, ამ სამშობიაროში სამჯერ ვიყავი და სამივეჯერ ბედნიერება და სიხარული გამოვიტანე . რამდენი ახალი სიცოცხლე შვა ამ ადგილმა, ეს შენობა სათაყვანებელი იყო თითოეული სოხუმელისთვის, ახალი სიცოცხლის თავი და თავი. ახლა კი ნახევრადდამწვარი და დაბომბილი, ჩამონგრეული და ფრთამოტეხილი იყო. გული დამწყდა, თვალწინ გამირბინა იმ უბედნიერესმა სამმა დღემ. განა ჩვენი სამშობიაროს კედლებში ვინ იყო დაბადებული, აფხაზი თუ ქართველი, სომეხი თუ ბერძენი...აქ ხომ ყველა ეროვნების ბავშვი იბადებოდა. იქ სწორედ ამ შენობაში დაბდებულის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა აქაურობა? იფიქრებდა კი ამას ის კედლები მაშინ, როცა ის ბავშვი აქ იბადებოდა?

ამ ფიქრებში მყოფი გავუსწორდი მე-17 საშუალო სკოლას, ეს ჩემი შვილების სკოლა იყო, აქ იწავლეს მათ ანი-ბანი, ახლა კი არაფერი დანრეულა-თურმე...

უცებ ძლიერმა დარტყმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, ნაღმი აფეთქდა მე-17 საშუალო სკოლის მოპირდაპირე ლიანდაგზე. ყველა ძირს იწვა და მეძახდნენ დავწოლილიყავი. რამოდენიმე წუთი ასე მიწაზე გაშხლართულებმა გავატარეთ, შემდეგ კი წამოვდექით. ყველანი ცოცხლები ვიყავით, და ჩქარი ნაბიჯებით გავაგრძელეთ გზა. ირგვლივ ყველაფერი ზანზარებდა, ჩვენების მხრიდან ისმოდა ეს ხმა, რა იყო არ ვიცი. სამაგიეროდ, აფხაზები ყოველი მხრიდან ბომბავდნენ ჩვენს ქალაქს, მათ ქალაქს, მათ ქართველებს, მათ მოსახლეობას. ისევ ავუჩქარეთ ნაბიჯებს, უკვე გავუსწორდით აფხაზეთის უნივერსიტეტის შენობას, გაირბინა სტუდენტობის წლებმა, მართალია ჩემი სტუდენტობის დროს ეს შენობა ახალ კორპუსად ითვლებოდა, ჩვენ ძველ კორპუსში ვსწავლობდით, მაგრამ ხშირად გვიწევდა აქ ყოფნაც, რადგან ადმინისტრაცია ამ შენობაში იყო. აქ იყო სამკერვალოც.

ფიქრები ერთ-ერთი ბავშვის ტირილმა გამაწყვეტინა, ჩემმა მეუღლემ პატარა მე მომცა და ატირებული ბავშვი ჩაიხუტა გულში. ფეხები აღარ მემორჩილებოდა, მაგრამ ბავშვი ხელში მეჭირა, აუცილებელი იყო მისი გადარჩენა. სულ იმის შიში მქონდა ბავშვები არ გამფანტოდა.

ამ არეულობაში წითელ ხიდს მივუახლოვდით, მეუღლემ მანქანა გაგვიჩერა და ჩაგვსვა, მძღოლს სთხოვა ბაღმარანის მოსახვევამდე მივეყვანეთ, აფრთხილებდა რაც შეიძლება წინ გვევლო, არ გავჩერებულიყავით, რადგან საქმე ძალიან ცუდად იყო. ბავშვები კი ტიროდნენ და აი ასე დაგვემშვიდობა მეუღლე... არ მიცდია მისი შეჩერება, რადგან ვიცოდი არც გაჩერდებოდა.

მივჩერებოდი მეუღლეს, რომელსაც აღარც გამოუხედავს უკან. მე ვცდილობდი მის გამართლებას, მინდოდა მომეძებნა მისი გამართლების ფიქრები. დღესაც მიმაჩნია და მწამს მისი ბუნების ადამიანისგან, სხვა მეტს არაფერს უნდა მოელოდე, ის მიდიოდა საბრძოლველად...

უკვე ჩამობნელდა, მანქანის შუქი ანათებდა გზას. ვხედავდი ხალხი ფეხშიშველი გარბოდა, წივილ-კივილით. მანქანაც გაჩერდა და ჩამოგვსხა ბაღმარანის შემოსახვევთან, თვითონ კი გზა ბაღმარანისაკენ გააგრძელა.

ერთხანს გაშეშებულები ვიდექით. რა გვექნა აღარ ვიცოდი. უცებ უკნიდან წამოგვეწია ხალხის ნაკადი, რომლებიც გამორბოდნენ, ჩვენს ჩაგვითრიეს და ავყევით ამ გარბენას.

ჩემი პატარა ბიჭი მეზობლის ძმას ეჯდა მხრებზე, ორნი კი საკუთარი ფეხით მოდიოდნენ, მე კი უკან მივყვებოდი. გული მიმდიოდა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა ბავშვები დამეკარგა. სახელებს ვეძახდი რომ არ დამეკარგა.

ხალხში ზოგი ტიროდა, ზოგი იწყველებოდა, ზოგი მოსთქვამდა და შიგადაშიგ ვიგებდი ამბავს და მივხვდი სოფელ აჩადარის მოსახლეობა გამორბოდა, ის ნაწილი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. ზოგი გვარებსაც იძახდა, ეს და ეს მოკლეს აფხაზებმაო, ჩემი თვალით ვნახეო. ზოგჯერ მანქანა ჩაგვიქროლებდა და მის შუქზე ვხედავდი ბავშვების სილუეტს, ხალხი წინ ისევ მირბოდა და მირბოდა.

ვაი იმის ცოდვა თუ ვინმე ძირს დაეცემოდა, ალბათ არავინ წამოაყენებდა... უკვე იმდენად დავიღალეთ, პატარა ჩანთაც ძალიან მძიმე მეჩვენებოდა, მის დატოვებაზე ვფიქრობდი, მაგრამ იქ წამლები და პური იყო.

ყველას ჩამოვრჩი, უკვე ჩემთან ერთად მეზობლის პატარა ბავშვი მოდიოდა, ისიც ჩემსავით ცოტათი ჩასუქებული იყო, შემომთავაზა ჩანთას მე წამოვიღებო. ამ დროს კი ისეთი გვრგვინვა გაისმა, ჩვენს უკან ნაღმი აფეთქდა, ყველა უნებლიედ ძირს დავეცით. ასე ვიყავით კარგახანს, ფეთქდებოდა ჩვენს უკან ნაღმები, ალბათ ღმერთი არ გვწირავდა.

უცებ მომესმა ბავშვების ხმა: დედა დედა სად ხარ? - შეშინებულები მეძებდნენ მე, დედას.

სროლები და აფეთქებები დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა, ჩვენთვის კი ეს წლებს უდრიდა...

უკვე იმდენჯერ ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში რომ...

როგორც კი შეწყდა მასიური დაბომბვა, ხალხმა სირბილი გააგრძელა. წამოვდექით მიწაზე გართხმულები და კვლავ გზა გავაგრძელეთ. აღარ ვიცოდით რას მოგვიტანდა ეს გზა, მხოლოდ და მხოლოდ მივყვებოდით, შეიძლება ითქვას ღმერთისგან ნაჩუქარ გზას...

მივედით გულირიფშის ცენტრში, უკვე აღარც ძალა გვქონდა გზა გაგვეგრძელებინა. ქუჩაში დარჩენაც აღარ შეიძლებოდა, მოვითათბირეთ გულრიფშიც საავადმყოფოში შევხიზნულიყავით. დავბრუნდით უკან, რადგან საავადმყოფოს გავცდით, მოსახლეობა კი გარეთ იყო გამოფინული, ერთ-ერთმა დიასახლისმა კი, რომლის გვარიც ალბათ ქირია იყო და მათ პატივისცემას არასოდეს დავივიწყებთ, მათ სახლში დარჩენა შემოგვთავაზეს. სახლი ორსართულიანი იყო, პირველ სართულზე ოჯახის დიასახლისმა ფარდაგები დაგვიგო, გამოგვიტანა რაც საჭმელი ჰქონდა დარჩენილი, ბავშვებს ვაჭამეთ და იატაკზე დავიძინეთ. საწოლები, რა თქმა უნდა, ყველას არ ეყო. დაიასახლისმა გვითხრა ჩემი ოჯახი მერხეულის გზით სვანეთისკენ წავიდნენო, რადგან აეროპორტში ფრენები აღარ იყო. გული ჩაგვწყდა ამ ამბის გაგონებაზე ე.ი. რომ გათენდებოდა საით წავსულიყავით აღარ ვიცოდი. პატარ ბიჭმა არაფრით არ დაიძინა, ჩამეხუტა გულში და თრთოდა, ძლივს დავამშვიდეთ.

უცებ თვალწინ დამიდგა ჩემი მეუღლე, სადღაც გავბრაზდი, შემშურდა იმ დედების, ვისაც მეუღლე ედგა გვერდში და უფრო თამამად შეეძლოთ გადაეწყვიტათ თავიანთი შვილებისათვის სიკეთე. იმ წუთში მეგონა ჩვენს მეუღლეს ჩვენზე უფრო უყვარდა სამშობლო და თავისი სამსახური, შევეცადე საღად მეაზროვნა და მის საქციელსაც გამართლება მოვუძებნე, თუ ის და მისნაირები არა, როგორ შევძლებდით სამშვიდობოს გასვლას, ვიღაცას ხომ უნდა შეეკავებინა მტერი. ვიცოდი ჩემი მეუღლე ძლიერი ბუნების იყო, მე კი იმ მომენტში შემეძლო ყველაფერი ოღონდ ჩემი შვილები გადამერჩინა.

უცებ გამახსენდა, რომ ჩემი დის გარეშე წამოვედი! მას ხმაც ვერ მივაწვდინე, ეს რა ჩავიდინე და ამივარდა ტირილი. ყველა მეუბნებოდა, რომ ძველ რაიონში ასვლას შენ როგორ მოახერხებდი და თუ მოახერხებდი შვილების გამოყვანას შეძლებდი თუ არა ისიც არ იცოდი, რა იცი იქნება შენი და მიხვდა აჩადარის აღებას და თვითონაც თავს უშველაო. ასე თუ ისე დავკარგე მოსვენება, ჩავაბარე პატარა ბიჭი მეზობლის კაცს, რადგან ქალებთან არ მივიდა ბავშვი, ალბათ კაცის იმედი უფრო ჰქონდა და მეზობელმა, თვითონაც ავადმყოფმა, ბავშვს იატაკზე ვერ დავაწვენო, ჯერ თვითონ დაწვა, პატარა კი გულზე დაიწვინა. მე შეშინებული გამოვარდი გარეთ, ჩემს დას ვეძახდი.

მთელი ღამე არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, ზოგი ჩანთას ძლივს მოათრევდა, ზოგი ფეხშიშველი, ზოგჯერ მანქანა გაიევლებდა. თვალწინ დამიდგა ალეგორია, როცა თაგვი ემწყვდევა ხაფანგში და ისიც ეძებს, ეძებს გამოსავალს. აეროპორტში ფრენა არ იყო და ვინც გადაწყვიტა, გარბოდა მერხეულისკენ, რათა სვანეთის გზით ეპოვათ სამშვიდობოს გზა.

გამთენიისას ატყდა საშინელი სროლები, ირგვლივ ყველაფერი გვრგვინავდა, ფეთქდებოდა, ამ სროლაში კი ხალხის მიმოსვლაც შეყწდა. როგორც იქნა გათენდა, გათენებასთან ერთად შეწყდა სროლები. რა ძნელი შეგრძნებაა უკუნითი ღამე და შეუწყვეტელი სროლები, აღარ იცი სად გაიქცე ან სად დაიმალო. ზიხარ მიყუჟულ ადგილას და ელოდები სიკვდილს, რომელიც ხელს გიქნევს, გეცნობა, მაგრამ მასთან შეპატიჟებას აგვიანებს, უბრალოდ გეთამაშება ისე როგორც თაგვს, ცდილობ გადარჩე და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფიქრი რჩება: გადარჩე, გადარჩე რაც არ უნდა დაგიჯდეს და როგორადაც არ უნდა დაგიჯდეს.

გათენებულზე ბავშვები გარეთ გამოეფინენ, არ დაგვიშლია რადგან სროლები შეწყდა, მე კი ფიქრებით დაღლილს არაფრის თავი აღარ მქონდა. გოგოები ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას, თუმცა უცებ ჩოჩქოლი ატყდა, აღარ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ჩემი უფროსი ბიჭი შემოვიდა და მახარა:

- დეიდა მოვიდა დე.

სიხარულით ვტიროდი, ძნელი ყოფილა დედმამიშვილითან დაშორება, აღმოჩნდა რომ მთელი ღამე კარდაკარ გვეძება, რაც გვქონდა ის საჭმელი ვაჭამეთ. ვითათბირეთ და გადვწყვიტეთ საავადმყოფოში შევხიზნულიყავით, რადგან ვინ იცის რამდენი ხანი მოგვიწევდა მასპინძლის შეწუხება.

მალევე გავუდექით გზას, მივაღწიეთ სავადმყოფოს ჭიშკარს, მასზე დიდი ასოებით ეწერა „გულრიფშის საავადმყოფო“. შევედით კარდელოგიურ განყოფილებაში, რომელიც ეზოს მარცხენა მხარეს იყო. შიგნით შევედით, იქ იყო ერთი დიდი კარიდორი და პატარ-პატარა ოთახები. საავადმყოფოში ორივე მხარეს ქუჩები გადიოდა. დათვალიერების შემდეგ დავიკავეთ ბოლო სამი ოთახი 10-10 საწოლით. რა თქმა უნდა ორ-ორად დავწვებოდით.

ჩვენი ხმაურიანი შემოსვლა არ გამოპარცვიათ მომსახურე პერსონალს, რომელთაც შემოგვიტიეს საშინელი სიტყვებით და რა თქმა უნდა აგრესიით, გვლანძღავდნენ, რადგან გავიქეცით და სახლ-კარი მივატოვეთ. ღმერთო ჩემო რას არ გაიგებს ადამიანის ყური. ჩვენ მათ ხმა არ გავეცით, რადგან ვიცოდით წასასვლელი აღარსად გქვონდა.

მამაკაცები და ქალი გავუშვით აეროპორტში ამბის გასაგებად, გავიდოდა თუ არა თვითმფრინავი და რომელ საათზე. ჩვენ კი მათ ლოდინში ბავშვებს ვართობდით. უცებ შევხედე ბავშვები სადღაც გაიპარნენ, მე მივყევი მათ გზას და რას ვხედავ, მისულან მესერთან, მას აეკვრენენ და უყურებდნენ სამზარეულოს. ამის დანახვაზე გული ადგილზე გამიჩერდა, ვცდილობდი მესერს მომეშორებინა, გამომეყვანა იქიდან, როცა შემეძლო მომსახურე პერსოონალის დანახვა, მათი საქციელიც დავინახე. ისინი ბავშვებს ცოცხებს უშვერდნენ და ასე ცდილობდნენ მათ გაგდებას და რა თქმა უნდა ძახილიც იყო:

- გაუზრდელო ბავშვებო, მოშორდით აქაურობას!

ჩემს შვილებს ვთხოვე შემოსულიყვნენ უკან და ავუხსენი ისინი ბრაზიანი დედები იყვენენ-თქო. გამომყვენენ თავჩაღუნულები და შემოვიდნენ ოთახში. პატარა კი მეკითხებოდა:

- დედა ის დეიდა რატომ გვეჩხუბებოდა, ბევრი პური რომ ედო მაგიდაზე, მაგიტომ?

პასუხიც ვერ გავეცი, ნუთუ არ შეიძლებოდა მშიერი ბავშვისათვის პურის გაყოფა. ამასობაში წასულებმაც დაიგვიანეს, როცა კი მოვიდნენ არც არაფერი კარგი ამბავი არ მოუტანიათ. აგვიხსნეს იქ იმდენი ადამიანი იყო, ყველანი ასფალტზე იწვნენო. ამაზე მეტი გაჭირვება რა უნდა ყოფილიყო, არც საჭმელი, არც სასმელი და რაც მთავარია არავითარი იმედი. ვცდილობდით ჩვენი უიმედო მდგომარეობა არ შეემჩნიათ ბავშვებს.

ამასობაში ჩემი პატარა გაქრა ოთახიდან. დავუწყე ძებნა, აღმოჩნდა რომ გაპარულა ექთნების ოთახთან და რაღაცას უყურებდა. მივიპარე უკნიდან და ადგილზე გავშეშდი. საჭმელს სჭამდნენ, ექთნები, ზურგითაც არ ისხდნენ, რომ ბავშვს არ შეემჩნია, რომ დამინახეს ერთხმად შემომძახეს:

- ქალბატონო, ბავშვს გაზრდა უნდა, გაზრდა!

რა დავაშავეთ არ ვიცი, პატარას უბრალოდ შიოდა, ისე მოექცნენ თითქოს მართლა გაუზრდელი ყოფილიყო. ასე რომ ყოფილიყო, ალბათ დაიწყებდა ტირილს და აიკლებდა იქაურობას. ბავშვებმა იცოდნენ, რომ არაფერი გვქონდა და ყურებით ტკბებოდნენ. იმას კი ვერ მივხვდა ხანშიშესული ქალბატონი, თვითონ გემრიელად ილუკმებოდა და პატარა ბავშვი მონუსხულივით მისჩერებოდა მის ხელში პურს. ბავშვს მოვეფერე და წამოვიყვანე, აღარც გაჯიუტებულა, ბავშვიც ხვდებოდა რომ საქმე გულქვა ადამიანებთან გვქონდა. ბავშვებს ავუხსენით რომ საჭმელი აღარ გვქონდა იმის გამო, რომ ომი იყო. ძლივს დავაძინეთ, შუაღამე გაგვაღვიძა დაბომბვამ, გადავწყვიტეთ შევსულიყავით სამსართულიან შენობაში და იქ შეგვეფარებინა თავი. ყველა პირველ სართულზე მოვიყარეთ, ავადმყოფმა თუ კარგადმყოფმა, რა თქმა უნდა სკამები იქ არ იყო. დილისათვის ისევ უკან შემოვედით.

გადავწყვიტეთ მოგვეძებნა სვანეთისაკენ მიმავალი მანქანა რომ გავყოლოდით. მეგონა ოღონდ მანქანა გამოჩენილიყო და ყველას წაიყვანდნენ. მათ ამიხსნეს, რაშიც ძლიერ შევცდი. მე და ჩემი და გამოვედით გულირიფშის ცენტრში. იქ ვნახე ჩემი მეზობლები სოფლიდან. მათ მითხრს, რომ მათი ნაცნობი მიდიოდა სვანეთის გზით სატვირთო მანქანით, ჩვენ ავუხსენით, რომ ბევრნი ვიყავით, მან კი თანხა დაგვისახელა, თანხა უნდა გადავეხადა, ამან კი უბრალოდ შოკში ჩამაგდო. ჩვენ ხომ კაპიკი ფული არ გაგვაჩნდა, ჩემი და მაწყნარებდა, ამბობდა რომ მისი ფული ყველას ეყოფოდა.

ტირილით მივედით საავადმყოფომდე. ბავშვები არ დამხვდნენ პალატაში. მკვახე ლეღვის ხესთან ვიპოვე, რომელიც ეზოს შუადგილში იყო ამოსული. ბავშვები მკვახე ლეღვს ჭამდნენ, შემეშინდა არ მოწამლულიყვნენ, ბავშვები, რომლებიც ერთი და იგივე საჭმელს ორჯერ არ ჭამდნენ, ეხლა ჭამდნენ მკვახე ლეღვს.

ბავშვები დავიყოლიე უკან პალატაში დაბრუნებულიყვნენ, ჩვენ კი გადავწყვიტეთ ქვაბი მოგვეძებნა და საავადმყოფოს უკან, სიმინდის ყანაში შევსულიყავით.

ქალები პირველივე სახლთან მივიდნენ, თუმცა აღმოჩნდა რომ ამ სახლში დიასახლისი ადგილზე არ იყო, ხოლო ვინც იყო, ეტლს იყო მიჯაჭვული და ვერ დაგვეხმარებოდა. გზას გავუდექით ვისაც კი ვთხოვეთ რაიმე ყველამ უარი განგვიცხადა, აქეთ გვეკითხებოდნენ როგორ დავტოვეთ სახლ-კარი? რადგან ყველამ უარი გვითხრა, გზა აღარ გაგვიგრძელებია და უკან დავბრუნდით. მამაკაცებს კი ვინმე მეველე გამოკიდებია თოფით, ამ ომის დროს, სიმინდის ტაროსთვის.

და ისევ ატყდა სროლები. ისევ შენობის 1 სართულზე შევვარდით და იქ ველოდებოდით როდის გადაივლიდა სროლები, ოთახებიდან კი ავადმყოფები ყვიროდნენ. ერთ-ერთში ოთახში შევიხედეთ და ვნახეთ, მწოლიარე ავადმყოფი დეპრესია იყო ჩავარდნილი, გვერდზე კი ვიღაც რუსი ქალი ეჯდა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და იქვე ავადმყოფს უყვიროდა, რა გაყვირებსო. ჩემმა გოგონამ დახმარება შესთავაზა ავადმყოფს, რუსის ქალი კი მის გარეთ გაგდებას ცდილობდა, უფროსებიც ჩავერთეთ და ავადმყოფს წამლები მივაწოდეთ. ჩემს გოგოს მადლობას უხდიდა და ბოლოს გვარი კითხა, რომ გაიგო ჩვენი გვარი, აღმოჩნდა რომ ჩემს მეუღლეს იცნობდა, ცხოვრობდა თურმა ეშბაზე, პატრონებს მოუყვანიათ, დაუწვენიათ და ფული გადაუხდიათ მომვლელისთვის, მეუღლე და ქალიშვილი კი სამშვიდობოს გასულან. მას შემდეგ კი არაფერი იცოდა მის ოჯახზე, სწორედ ამიტომ იყო ასეთ მდგომარეობაში. დავაწყნარეთ ავადმყოფი, მომვლელს კი ვურჩიეთ ასე არ ეყვირა თავისი ავადმყოფისთვის.

ბავშვები უკვე შიმშილისაგან ძლივს დადიოდნენ, როგორც იქნა დავაძინე დაღლილი და უჭმელი ბავშვები. გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი და იქიდან წამომეღო ფქვილი და კონსერვი. ჩემი და გადამერია, შენ სამი შვილი გყავს და შენ რამე რომ მოგივიდეს შენი შვილებს ვინ მიხედავსო? შენს ბინაში მე შევალ შენს მაგივრადო. გადავწყვიტეთ ჩემი და და მეზობლის ქალი შესულიყვნენ სოხუმში პროდუქტის გამოსატანად.

ისვე დავიძინეთ, თუმცა დრო აღარ გვეყო, რადგან ისევ ატყდა დაბომბვა, ირგვლივ ყველაფერი იწვოდა, ბავშვები არ გავაღვიძეთ, და აი ასე მათ საწოლებთან მყოფნი, გულის კანკალით განვიცდიდით ყოველ აფეთქებას, თან ვფიქრობდით სად აფეთქდებოდა შემდეგი...

...აქ წყდება ნაწერი. ამის შემდგომ იყო საავადმყოფოში გატარებული წლები ოჯახთან ერთად, როგორც მას შემდგომ ვუწოდებდი - ქართული გეტო. დევნილობა, როგორც ასეთი არასდროს ყოფილა ადვილი და ტკბილი, და რა გასაკვირია ეს დევნილობაც ასეთი ყოფილიყო.

პატარაობისას მუდმივად მესმოდა ომის შესახებ, იმის შესახებ, რომ აუცილებლად დავბრუნდებით, ჩემს გარშემო არ ისმოდა კითხვები, როგორ? იქნებ ჩვენ ეთნიკური ქართველები შევცდით რამეში? იქნებ ჩვენ არა ტერიტორიის, არამედ აფხაზების დაბრუნება უნდა შევძლოთ? იქნებ ჩვენს დავუშვით შეცდომები? იქნებ ჩვენი დევნილობა ჩვენივე ბრალია? იქნებ... და რამდენი იქნებ შეიძლება იყოს ყველას წარმოუდგენია ალბათ, თუმცა ეს იქნებ, ალბათ, იმ პატარა დევნილისთვის შვება არც იყოს, რადგან როცა კი მოუწია საზოგადოებაში ადგილის დაკავება, უბრალოდ აღმოჩნდა რომ ეს „იქნებები“ მოამზადებდა მას იმისათვის, რომ ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. თუმცა კი ამ გეტოს დედასთან ერთად ერთადერთი კარგი ჰქონდა და ეს კარგი დედა იყო. გეტოს დამთავრებამდე ორი წლით ადრე დედა გარდაიცვალა, გარდაიცვალა ჩემგან 2 მეტრში, როცა მე მეძინა, როცა მე არ მესმოდა...

მისი სიკვდილის მიზეზი უამრავი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა მთავარი მგონია მაინც მამისამდი უსაზღვრო სიყვარული იყო, რადგან მამის გარდაცვალების შემდგომაც კი მუდმივად მისი მისდამი სიყვარულის შემსწრე ვიყავი.

მშობლები