2022-03-24

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, როგორც უკრაინის, ისე საქართველოსთან მიმართებაში, ნეიტრალიტეტის თემა გააქტიურდა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნულს მიესალმება, თუმცა რამდენად შეუძლია აღნიშნულ ქყვეყნებს ნეიტრალიტეტის მიღება, რა არის ნეიტრალიტეტი და რას ემსახურება თემის გააქტიურება, "მშობელი" საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, გვანცა აბდალაძეს ესაუბრა. 

- რა არის ნეიტრალიტეტი?

- ნეიტრალიტეტის კონცეფცია ეტაპობრივად მე-19 საუკუნეში, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე განვითარდა და სამართლებრივი ასახვა მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულის კონვენციებში ჰპოვა. ნეიტრალიტეტი არ არის ერთგვაროვანი მდგომარეობა და სხვადასხვა სახელმწიფოს შემთხვევაში სხვადასხვა ასპექტებს შეიძლება გულისხმობდეს. საერთო მახასიათებელი, რაც სავალდებულოა ნეიტრალური სახელმწიფოსთვის, არის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციებში გაწევრიანების აკრძალვა. ამგვარი დათქმა თავისთავად გულისხმობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სასაზღვრო პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან (ანუ არ იმყოფება მიმდინარე დავების პროცესში) და რეგიონის მეზობელ სახელმწიფოებს არ აქვთ რაიმე პრეტენზია ამ სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან. ნეიტრალიტეტს ვერ მოიპოვებს სახელმწიფო მხოლოდ საკუთარი სურვილით, მისი ნეიტრალიტეტის და უსაფრთხოების გარანტი უნდა გახდნენ სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც აწმყოსა და მომავალში არ ექნებათ ინტერესი აღნიშნული სახელმწიფოს უსაფრთხოების დარღვევის.

- რომელი ქვეყნებია დღეს ნეიტრალური?

- სიტყვა ნეიტრალიტეტზე უპირველეს ყოვლისა ალბათ, შვეიცარია გვახსენდება თავისი მუდმივი ნეიტრალიტეტით, თუმცა ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მიმდევარ სახელმწიფოთა სია საკმაოდ გრძელია და მასში გვხვდება სხვადასხვა კონტინენტის დიდი და პატარა სახელმწიფოები. ასევე, ზოგიერთ სახელმწიფოს გამოცხადებული ჰქონდა ნეიტრალიტეტი ისტორიის გარკვეულ პერიოდში.

შვეიცარიის ნეიტრალიტეტი 1815 წელს, ვენის კონგრესზე იქნა ოფიციალურად აღიარებული. შვეიცარია ისტორიულად მრავალი ფაქტორის გამო ჩამოყალიბდა ნეიტრალურ სახელმწიფოდ. მის მეზობელ დიდ სახელმწიფოებს პატარა, მთაგორიანი ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობაზე მეტ სარგებელს აძლევდა ამ ტერიტორიის ბუფერულ სივრცედ მოაზრება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ფინანსური ცენტრების მშვიდობიანი არსებობა და პოლიტიკური თავშესაფრის მოძიება მრავალენოვან სახელმწიფოში დიდი მეზობლების პოლიტიკური ელიტებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ისტორიულად შცვეიცარიის მეზობელ დიდ და არც ისე მშვიდობიან მეზობლებს პატარა მშვიდობის კუნძულის შექმნა მეტ სარგებელს აძლევდა, ვიდრე მისი დაპყრობა და შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ჰიტლერსაც კი არ დაურღვევია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, შვეიცარია გადაიქცა საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბბინების ადგილად და საერთაშორისო რეგულაციებისგან უმეტესად თავისუფალ ფინანსურ ოაზისად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შვეიცარია გარშემორტყმულია მშვიდობიანი ევროპული სახელმწიფოებით, რომელთაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, შვეიცარიას ჰყავს განვითარებული არმია, რომლის მდგრადობაზე დიდძალი ფინანსები იხარჯება. საერთაშორისო ასპარეზზე შვეიცარიის ნეიტრალიტეტი არც ისე პასიურია - ქვეყანა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივებში. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში აქტიურია დისკუსია ნეიტრალიტეტის სტატუსის გაუქმების შესახებ, რადგან ისეთი ახალი ტიპის გამოწვევებისგან თავდასაცავად, როგორიცაა მაგალითად ტერორიზმი, ნეიტრალური სტატუსი არაეფექტურია.

აღსანიშნავია, რომ ფინეთი, რომელმაც ნეიტრალური სტატუსი მიიღო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გახდა ბუფერული ზონა ორ ბლოკს შორის, დღეს ასევე განიხილავს ნეიტრალური სტატუსის არაეფექტურობას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შემთხვევაში.

- შესაძლებელია თუ არა უკრაინამ მიაღწიოს ნეიტრალიტეტს და თუ კი, რა გარანტიები უნდა მიიღოს ამისთვის?

- დღეს, მიმდინარე ომის პირობებში, უკრაინას ნეიტრალიტეტის მოთხოვნას უყენებს კრემლი. ამგვარი ულტიმატუმის განხილვისათვის, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ კრემლის მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ტერმინები სინამდვილეში სხვა შინაარსის მატარებელია. მაგალითად, ღიად კონვენციურ ომს, სადაც იბომბება უკრაინის დედაქალაქი, კრემლი უწოდებს „სპეცოპერაციას“; საშინაო პოლიტიკაში ჩაურევლობის საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევას უწოდებს „დენაციფიკაციას“; კაპიტულაციისკენ მოწოდებას „დიალოგს“... ამგვარ მოცემულობაში, რთულია სერიოზულად მსჯელობა რაიმე ტიპის ნეიტრალიტეტზე. აღნიშნულ საკითხს პასუხს ნათლად და გასაგებად სცემს უკრაინის ხელისუფლება - თუ ნეიტრალიტეტში რუსეთი გულისხმობს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, მაშინ ამგვარი ულტიმატუმი საბაბია და არა მიზეზი, რადგან უკრაინის ნატოში გაწევრიანება არც იგეგმებოდა და არც იგეგმება უახლოეს მომავალში. თუ კრემლი გულისხმობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორად თავად უნდა მოგვევლინოს, მაშინ ეს კვლავ კაპიტულაციისკენ მოწოდებაა... დღეს უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურად ცდილობს უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების მოპოვებას. გაერომ ვერ შეასრულა ეს ფუნქცია, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად რუსეთი გვევლინება. ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს ვერც ნატო და ვერც კრემლი... რთულია მომავლის წინასწარმეტყველება, მაგრამ ცხადია, რომ უკრაინა ვერ იტყვის უარს საკუთარ არსებობაზე, საერთაშორისო სამართალი ვერ დაუშვებს ერთი ქვეყნის მიერ მეორის ანექსიას (რასაც შეიძლება მოჰყვეს სრული საერთაშორისო წესრიგის კოლაფსი) და არც კრემლს შესწევს ძალა უკრაინის სრული ანექსიისთვის... ასე რომ, უსაფრთხოების რაღაც ფორმულა აუცილებლად იქნება მოფიქრებული და რაც არ უნდა დაერქვას მას, კლასიკურ ნეიტრალიტეტთან ნამდვილად არაფერი ექნება საერთო.

- რამდენად შესაძლებელია საქართველომ იფიქროს ნეიტრალიტეტზე და რას მოგვიტანს ამ თემის გააქტიურება?

- საქართველოს ნეიტრალიტეტი კრემლის პროპაგანდის აქტიური მესიჯია და ამ  იდეას საქართველოში დროდადრო ააქტიურებენ პრორუსული ძალები. ვინც გაცნობიერებულად ემსახურება კრემლის ინტერესებს, რასაკვირველია, მათთვის რაიმეს ახსნას არანაირი აზრი არ აქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ადამიანი, რომელიც შეშინებულია იმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება და არც ისე კარგად ერკვევა სხვადასხვა პოლიტიკური იდეების ჭიდილში, შესაძლოა, გულწრფელადაც სვამდეს კითხვას, რატომ არ უნდა განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუ ის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა დღეს. ამ ადამიანების გასაგონად მინდა აღვნიშნო, რომ ნეიტრალიტეტი, თავისი კლასიკური გაგებით, უბრალოდ უტოპიაა დღეს საქართველოში. რეალური ნეიტრალური სტატუსისთვის რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან და თურქეთთან ერთად უნდა გახდეს გარანტორი საქართველოს მომავალი უსაფრთხოების. მნიშვნელოვანი ასპექტია შავი ზღვის ფაქტორიც - ქვეყანა, რომელიც ფლობს ესოდენ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რესურსს, ვერასდროს ვერ გახდება მეზობლებისთვის ბუფერულ ზონად გადაქცევის სასურველი კანდიდატი... საქართველო რომ გახდეს შვეიცარია, ის არ უნდა იყოს ოკუპირებული, არ უნდა მდებარეობდეს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, არ უნდა ჰქონდეს შავ ზღვაზე გასასვლელი, არ უნდა ემეზობლებოდეს რუსეთს და უნდა შეეძლოს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის თავად აღება აწმყოში და მომავალში... დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კრემლის მოწოდება ნეიტრალიტეტისადმი უბრალოდ ნიშნავს ოკუპაციის რეჟიმიდან ანექსიის ეტაპზე გადასვლას და კაპიტულაციაზე საკუთარი ნებით დათანხმებას...

 

სპეციალურად "მშობელისთვის" 

გვანცა აბდალაძე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი

ბლოგი